„პიკამდე მივედით...“ - გურამ შეროზია მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს

გურამ შეროზიაგურამ შეროზია

ჰელოუინის დღესთან დაკავშირებით, „პრაიმ ჰაუსში“ წვეულება გაიმართა, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად გურამ შეროზიას ყოფილი მეუღლე, ხატია ჯოხარიძეც იმყოფებოდა.

წყვილი სოციალურ ქსელებში პოპულარულია და ცნობილია, რომ დაშორების შემდეგ მეგობრულ და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ეს ხატიას მხარდაჭერითაც გამოიხატა, რა დროსაც პროექტში გურამი გაამხნევა, შემდეგ კი კრიტიკოსებს ფეისბუკზეც პოსტით უპასუხა და აღნიშნა, რომ შეუძლიათ მისი შურდეთ. 

„პრაიმტაიმი“ გურამ შეროზიას „პრაიმ ჰაუსში“ ესტუმრა. ვრცელი ინტერვიუდან გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც მის პირად ცხოვრებას და ხატიასთან ურთიერთობას შეეხება.

გურამ შეროზია: ბუნებრივია, ჩვენც ვიყავით ერთმანეთზე ნაწყენები, ერთ დღეს არ გაგვიღვიძია და იცი, მიყვარხარ, მაგრამ დავშორდეთ, ასე არ ყოფილა. ჩვენ პიკამდე მივედით, რამდენიმე თვე ერთმანეთთან კომუნიკაციის სურვილი არ გვქონია. მადლობა დედაჩემს, რომელიც ამას არეგულირებდა, რომ ბავშვს არც ერთი წამით, არც ერთი მშობლის ყურადღება არ მოჰკლებია.

ბედნიერად არ დავშორებულვართ ერთმანეთს, მაგრამ არც ქაჯურად. იყო წყენები, იყო მომენტი, როცა ერთმანეთის ნახვა არ გვინდოდა. თუმცა, იმასაც ვაანალიზებდით პირველივე დღიდან, ყველაზე ცხელ და ცუდ სიტუაციაშიც კი, ერთმანეთი არ გაგვილანძღავს, არაფერი წამოგვიძახებია, ვიცოდით, რომ ბავშვი გაიზრდება და აუცილებლად ეწყინება, როცა მისი ორი საყვარელი ადამიანი ერთმანეთს ასე ცუდად ექცევა.

იდეალური სამი წელი გვაქვს ერთად გატარებული. წელიწად-ნახევარი ცოლ-ქმრობის და მანამდე, 2 წელი შეყვარებულობის. ის პერიოდი ხომ ძალიან კარგი იყო, მერე რა, რომ ბოლო 2-3 თვეში რაღაცები ძალიან გაფუჭდა. იმ ძველი დროის პატივისცემით აგრესია ვერ მექნებოდა. შესაბამისად, ბავშვის გამოც დავარეგულირეთ და ბოლოს იმდენად დავარეგულირეთ, რომ ახლა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, მის ბიზნესს რაღაცებში დავხმარებივარ, მორალური მხარდაჭერა გამოუჩენია მას ჩემ მიმართ... „პრაიმ ჰაუსში“ მისი მოსვლა იყო ჩემთვის დიდი სტიმული და ემოციურად დახმარება.

- რა იყო დაშორების მიზეზი?

- ბევრი წვრილმანი, რაღაცებში ბევრი აცდენა. რაღაცები გროვდება, გროვდება და მერე ხვდები, რომ ამის იქით ძალიან გაგიჭირდებათ ურთიერთობა, თუ დროზე არ დაასრულეთ. ასეთი მკვეთრი რაღაცა, საქართველოში რომ ჰგონიათ ღალატია, ან ტყუილი, მსგავსი მძიმე რამე არ ყოფილა. იყო ბევრი წვრილ-წვრილი დაგროვებული და ბოლოს რომ მივხვდი რომ ვჭამთ ერთმანეთს, ნაცვლად იმისა, რომ ბედნიერება შევუქმნათ და გაცილებით უფრო ბედნიერები ვიქნებით ცალ-ცალკე, დროულად მივიღეთ გადაწყვეტილება. ნუ, მთლად დროულად არა, ცოტა დაგვაგვიანდა, ურთიერთობა გაგიფუჭდა...

- რომელს უფრო გაგიჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

- უფრო მას გაუჭირდა, რადგან საქართველოს დამოკიდებულება ქალის მიმართ იცით. სულ ქალი ილანძღება ნებისმიერ შემთხვევაში, ქალია ყველაფერში დამნაშავე, ქალს რომ ცუდად მოექცნენ, მაშინაც კი ქალმა მისცა საბაბი.

ის, რომ ხატიასთვის მეორე ქორწინება იყო და ეს მეორეც დასრულდა, ნათესავების, ოჯახის წევრების და ვიღაცების მხრიდან ეს იყო შედარებით მძიმე. მაგრამ ჩვენი მშობლები ისეთი ცივილიზებულები აღმოჩნდნენ და ძალიან დიდი მადლობა მათ მხარში დგომისთვის, დედაჩემს განსაკუთრებით, ამან გადაგვალახინა. ჩვენ ორივე საღად მოაზროვნე ადამიანები ვართ და ვიცით, რომ აბსოლუტურად იდენტურად თანასწორები ვართ, დაშორებაშიც, ქორწინებაშიც და ვისაც რამდენი შეყვარებული გვინდა, იმედები გვეყოლება.

- ითვლებით საუკეთესო მეგობრებად?

- საუკეთესო არა, მაგრამ ვმეგობრობთ. ბავშვის შემთხვევაში, ხშირად ერთადაც წაგვიყვანია, მაგალითად, ბაკურიანში ერთად ვიყავით. ხალხი მოვიდა, გვეკითხებოდნენ, ისევ ერთად ვიყავით თუ არა...  მეტიც, მე რომ წავედი, ხატიას შეყვარებული ჩამოვიდა, რომელიც დედაჩემმაც გაიცნო. დედაჩემი „ფილტრია“, ხომ კარგი ბიჭიაო, დარწმუნდა. მე ის მიკვირს, ნორმალური ურთიერთობები ხალხს რომ უკვირს. წესით, კოჭების დახვრეტა უნდა უკვირდეთ.