„ნუ მომთხოვს მაყურებელი, რომ არ მქონდეს ობიექტური რეაქცია რიგ საკითხებზე“ - მერსი სულხანიშვილი

მერსი სულხანიშვილი

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონში გამოჩნდა, ამან სხვა მონაწილეების აღელვება გამოიწვია. ის საკუთარ პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ აფიქსირებს, არც მწვავე დაპირისპირებებს ერიდება. მონაწილეები და მაყურებლები ხაზს მის ხმის ტემბრსა და ინტონაციასაც უსვამენ.

„პრაიმტაიმი“ მერსის „პრაიმ ჰაუსში“ ესტუმრა. ჩვენი მეშვეობით მან მაყურებელს და მკითხველს მიმართა და ბოდიში მოიხადა.

მერსი სულხანიშვილი: პირველ სეზონს ძალიან ვგულშემატკივრობდი, თან მაშინ, როცა ამდენი წლის შემდეგ ქართულ სატელევიზიო სივრცეში რეალითი შოუ გამოჩნდა, რომელმაც ყველანაირი რეიტინგი მოხსნა, დაიმსახურა მაყურებლის სიყვარული და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა ოჯახში, ცისფერ ეკრანებზე ჩართულია გადაცემა „პრაიმ ჰაუსი“.

მე მაყურებელი სხვა რაკურსით მიცნობს, როგორც ჟურნალისტს, ტელე-რადიო წამყვანსაც, დამეთანხმებით, როდესაც აკეთებ სიუჟეტს, მაყურებელი როგორც ჟურნალისტს, ისე აღგიქვამს, მაგრამ როდესაც ჯდები გადაცემაში რესპონდენტად, იქ სხვანაირად გხედავენ. ყოველთვის ვცდილობდი, გადაცემის ფორმატს მოვრგებოდი. არის შემთხვევები, როცა გადაცემა ხანგრძლივად იწერება, ცოტა გადის და დამაინტრიგებლად მონტაჟდება. „პრაიმ ჰაუსი“ - ეს არის პროექტი, როცა უკვე შეგიძლია, საზოგადოებაში ცნობილმა, პროფესიაში შემდგარმა და ახალმა ნიჭიერმა ადამიანებმა, თანაცხოვრებაში ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლონ. ვფიქრობ, რომ ამ პროექტში შემოსვლით ბევრი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი და ჩვენი ურთიერთობა პროექტის მიღმაც გაგრძელდება. 

პროექტი რასაც გვაძლევს, ეს არის ჩემთვის მთავარი ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი ბევრ სკანდალსა და ინტრიგას ხედავს, ესეც ადამიანური ურთიერთობებია. მთავარია, ადამიანობა, ღირებულებები და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, მეგობრობა, არ დავკარგოთ. 

- პროექტს მოგვიანებით შემოუერთდი. რა ვითარება დაგხვდა?

- ეკრანიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. როდესაც აქ შემოვედი, დამხვდა ის რეალობა, რომელსაც არ მოველოდი. ეს არის რეალობა, რომელიც ხანდახან რაღაცისთვის ბრძოლის გამო რაღაცებზე უარის თქმას აიძულებს ადამიანებს, რაც მე ძალიან არ მომწონს. მთავარი არ არის პროექტის მოგება, გამარჯვება. ერთხელ მოიგებ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მთავარია ის, რაც ამ კედლების დატოვების შემდეგ უნდა დაგრჩეს: გულწრფელობა, ნამდვილი ემოციები, შეძენილი მეგობრები, ან შეძენილი და შემდგომ დაკარგული ურთიერთობები, ჩემთვის ფასეული მაინც ესაა, ახალი ადამიანების გაცნობა-შეცნობა.  აქ რეალურ დროსა და სივრცეში იმიტომ ვარ, რომ მაყურებელმა დამინახოს რეალური მერსი.

გული მწყდება, როცა კომენტარებში წერენ, ეს წამყვანის როლშია, მოთამაშე არ არისო, მე „პრაიმტაიმის“ მეშვეობით მაყურებლებს ბოდიშს მოვუხდი, წლებია, მედიასივრცეში ვარ და პროფესიული ენა მაქვს ჩამოყალიბებული. არ აქვს მნიშვნელობა, კამერასთან ვსაუბრობ თუ ცხოვრებაში, შემუშავებული ტემბრი მაქვს. ვცდილობ, დავარბილო, რბილი გავხდე... კიდევ ერთ რამეზე მწყდება გული, 30 წელია ვეწინააღმდეგები ჩაგვრას, ბულინგს... სამწუხაროა, რომ რაღაცაზე ჩემი ბუნებრივი რეაქცია, რაღაც რიგითი მოვლენების შეფასება გააიგივეს სკანდალთან, ყვირილთან. ადამიანი ვარ და როდესაც ვხედავ უსამართლობას, ხანდახან ჩემი ემოცია მაქვს. ბოდიშს მოვუხდი მაყურებელსაც და მკითხველსაც, თუკი მე ხმამაღლა ვთქვი, ეს არის ემოცია, რადგან პირველ რიგში, ვარ ადამიანი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, აქ, იმ მომენტში რომ იყოს, მსგავსს საკითხებზე ანალოგიური რეაქცია ექნებათ. 

აქვე დავსძენ, ყველა არა, მაგრამ ქალები არ არიან მთლად სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. მე არ ვარ არავის მხარე, ვინარჩუნებ ობიექტურობას. სახლში რომ შემოვედი, აღვნიშნე, რომ აქ ყველანი თანასწორად ვთამაშობთ. 

მესმის, რომ პროექტის ფორმატიდან გამომდინარე გამარჯვებული ერთ-ერთი ჩვენგანი გახდება, აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსეული, ვფიქრობ, რომ ხალხი ბრძენია და თავად გააკეთებს სწორ არჩევანს, ეს ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, მაგრამ არ ღირს ბინძური თამაშის წესებით ბრძოლა. მთავარია, რას მოვიტანთ და წავიღებთ.

- ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად დედა მენატრება, ჩვენ ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.  ძალიან დამოუკიდებლად ვარ გაზრდილი, ის ჩემთვის ყველაზე სამაგალითო, ყველაზე ძლიერი ადამიანია. მან იცის რეალურად, რომ პროექტში ვარ. ცხადია, შენიშვნებიც აქვს და სულ ვცდილობ, გავითვალისწინო. მონაწილეებსაც სულ ვეუბნები, რომ არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ყველას გვაქვს ოჯახები, არ გვაქვს მობილურები და იმ მომენტში ვერ დავრეკავთ.

გვქონდა შემთხვევა, დავდგით პრენკი და ერთი სული მქონდა, ტელეფონები მოეტანათ და ამეხსნა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ იყო, იყო დადგმული.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში მაქვს მიღებული განათლება, ხშირად მიწევდა წასვლა, დედა არის ადამიანი, რომელიც მინდა სულ გვერდით მყავდეს. აქედან პირველს ვისაც ვურეკავ, დედაა. ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში.

- პირადში რა ხდება?

- პირადში რამე რომ ხდებოდეს, საზოგადოებაში არ დაიმალებოდა. ზოგადად, მე სულ შეყვარებული ვარ. ყველაფერი მიყვარს, ყველა ადამიანი მიყვარს, ვტკბები სიცოცხლით, სიყვარულით, განცდილი ემოციებით და ასე. მხოლოდ მეორე ნახევრის ყოლა არ არის მნიშვნელოვანი. 

- ვინ იქნება ფინალში შენი აზრით?

ვინ წარმომიდგენია ფინალში, ვფიქრობ, ამაზე ჯერ ცოტა ადრეა საუბარი. აქ იმდენად მალე იცვლება მოვლენები და თითოეულ ადამიანზე იმდენად მალე იცვლება პირვანდელი შთაბეჭდილებები, განცდილი ემოციები, ძალიან რთულია ამ ეტაპზე პასუხის გაცემა. ეს მაყურებელმა გადაწყვიტოს, მათზეა დამოკიდებული. მაყურებელი არ იმსახურებს თამაშს. ეს ისედაც შოუა და შოუში კიდევ შოუების დადგმა ჩემთვის რეალური არ არის. აქ უნდა ვიყოთ რეალურები.

ბოლოს ვიტყვი, რომ ხანდახან თუ გადაჭარბებული ემოციების ქვეშ ვიქნები, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მიხვდებიან ადამიანები, რომ თავად როცა ჩაიხედავ საკუთარ თავებში, მიხვდებიან, თითოეულ ჩვენგანს აქვს ემოციები, რომლის მართვაც, ხანდახან, უბრალოდ შეუძლებელია. შევეცდები, რომ ნაკლებად ემოციური ვიყო. ნუ მომთხოვს მაყურებელი იმას, რომ არ მქონდეს ობიექტური რეაქცია რიგ საკითხებზე. მაყურებლები რომ იყვნენ ამ სახლში, ზუსტად ვიცი, იგივე რეაქცია ექნებოდა რიგ მოვლენებზე, რაზედაც მე მაქვს.