1740141413
ნაია რივერას შვილი დედის უკანასკნელ წუთებს იხსენებს

ნაია რივერას გარდაცვალებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის შვილი დედის უკანასკნელ წუთებს იხსენებს. რივერა, რომელიც ყველაზე მეტად სერიალ Glee-ში მონაწილეობით იყო ცნობილი, კალიფორნიის შტატის ტბა პირუში დაიხრჩო 2020 წლის ივლისში. ტბაში მსახიობი ნავით იყო გასული თავის 4 წლის შვილთან, ჯოუზისთან, ერთად.
რივერას ყოფილი ქმარი, რაიან დორსი, რომელიც შვილს ახლა მარტო ზრდის, ჟურნალ People-თან უახლეს ინტერვიუში ჰყვება, რომ ჯოუზის დედის გარდაცვალების დღე დეტალურად ახსოვს. ბიჭი იგონებს, რომ იმ დღეს ქარიანი ამინდი იყო და მას ტბაში გასვლა არ უნდოდა, მაგრამ რივერამ გადაარწმუნა და უთხრა, ნუ სულელობო.
„ჯოუზი იხსენებს, რომ ნაიამ ბოლოს მისი სახელი თქვა, შემდეგ კი წყალქვეშ გაუჩინარდა და აღარ გამოჩენილა", — ჰყვება რაიანი, - "მანადგურებს ის ფაქტი, რომ იგი დედის უკანასკნელ წუთებს შეესწრო".
ჯოუზის მონაყოლითაც და პოლიციის ცნობებითაც დასტურდება, რომ რივერამ ბოლო ძალ-ღონე შვილის გადასარჩენად გამოიყენა. თუმცა, რაიანის თქმით, ბიჭს დღეს დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს.
„გამუდმებით იმეორებს, რომ სამაშველო რგოლის პოვნას ცდილობდა, მაგრამ ხელში მხოლოდ თოკი შერჩა, რომელზეც დიდი ობობა იჯდა, მას კი მისი აღების შეეშინდა", — ამბობს ჯოუზის მამა, — "ვეუბნები, თოკი ისედაც ვერ უშველიდა-მეთქი, მაგრამ ეს ფიქრი არ ასვენებს, ჰგონია, რომ მისი გადარჩენა შეეძლო".
რივერასა და მისი შვილის სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნავის დაქირავების დრო ამოიწურა და მსახიობი სანაპიროზე არ დაბრუნდა. ნავის პოვნისას, მასში მხოლოდ ჯოუზის ეძინა სამაშველო ჟილეტით. ბიჭმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ის დედასთან ერთად ტბაში ცურავდა, როცა რივერამ ნავზე დაბრუნებისკენ მოუწოდა, მაგრამ თავად ეს ვერ შეძლო. პოლიციის ვარაუდით, მსახიობის დახრჩობა წყვეტილ დინებას შეიძლებოდა გამოეწვია. მისი ცხედარი რამდენიმედღიანი ძიებისშემდეგ იპოვეს.
რივერას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, Glee-ის შემქმნელებმა და მსახიობებმა ჯოუზისთვის ფონდი დააფუძნეს. პოპულარული სერიალის ვარსკვლავებმა თავიანთ მეგობარსა და კოლეგას GLAAD-ის დაჯილდოებაზეც მიაგეს პატივი.