1739342153
დისნეის პრობლემურ ფილმებზე დართული გაფრთხილების შეცვლა მოუწია
![დისნეი დისნეი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111935/disnei_w_h.jpeg)
დისნეის თავის ძველ ფილმებზე დართული გამაფრთხილებელი წარწერის შეცვლა მოუწია. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა DEI პოლიტიკის გაუქმება დაისახა მიზნად, ცვლილებები გასართობ ინდუსტრიასაც შეეხო.
DEI პოლიტიკა - აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც "თანასწორობა, სამართლიანობა, ინკლუზიურობა" - დისკრიმინაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად და უზრუნველყოფს მოწყვლადი ჯგუფების თანაბარ რეპრეზენტაციას სამსახურებში, სკოლებსა და სხვა ინსტიტუტებში. DEI ჩარჩოს შემუშავება ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ჯონ კენედის პრეზიდენტობის პერიოდში, დაიწყო, 2021 წელს კი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მის ფარგლებში რამდენიმე განკარგულება გამოსცა. თუმცა, ინაუგურაციიდან მალევე, ტრამპმა DEI ინიციატივებს "უკანონო და ამორალური დისკრიმინაცია" უწოდა და ამ პოლიტიკის სამთავრობო პროგრამების დახურვა მოითხოვა.
დისნეიმ ძველ ფილმებზე გამაფრთხილებელი წარწერების დართვა 2019 წლის შემოდგომაზე წამოიწყო. მაშინ 1940-იან და 1950-იან წლებში გამოშვებულ რამდენიმე ფილმს, მაგალითად, დამბოსა და პიტერ პენს, წაემძღვარა ტექსტი, რომ "ნაწარმოები ორიგინალური სახითაა წარმოდგენილი და ის, შესაძლოა, მოძველებულ კულტურულ კონტექსტს ასახავდეს". მოგვიანებით, ეს წარწერა უფრო ვრცელი გახდა: "ნაწარმოები უარყოფითად წარმოაჩენს სხვადასხვა ხალხსა და კულტურას. ეს სტერეოტიპები არასწორი იყო მაშინაც და ასეა დღესაც. წაშლის ნაცვლად, ვამჯობინეთ, ამ ფილმების საზიანო შედეგები გვეღიარებინა, გაკვეთილად გვექცია და დისკუსია წამოგვეწყო უფრო ინკლუზიური მომავლის ერთად შესაქმნელად. დისნეის მიზანია, შექმნას შთამაგონებელი და მამოტივირებელი ამბები, რომლებიც მსოფლიოში ადამიანთა გამოცდილების მრავალფეროვნებას ასახავს".
ტრამპის პოლიტიკის კვალდაკვალ კი, დისნეიმ გამაფრთხილებელი ტექსტი ფილმებზე ისევ შეამოკლა: "ნაწარმოები წარმოდგენილია ორიგინალური სახით და, შესაძლოა, შეიცავდეს სტერეოტიპებსა და უარყოფითი სახით წარმოჩენას".
უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს განხილვა, თუ რა მიდგომა შეიძლება გამოიყენებოდეს პრობლემური შინაარსის მქონე ძველ ნაწარმოებებთან მიმართებით. ზოგიერთი რასისტული თუ სხვაგვარად შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი მასალის აკრძალვის მომხრეა; თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაწარმოებები ახლო წარსულსა და ძველი საზოგადოების დამოკიდებულებს ასახავს, ამდენად, მათი ყურება და ახლებურად გააზრება მნიშვნელოვანია.