ციხის ყველა სართული ერთად, ხმის ჩახლეჩვამდე ღრიალებდა გეგას სახელს - რა იყო გეგა კობახიძის უკანასკნელი სიტყვები

გეგა კობახიძე

„თვითმფრინავის ბიჭები“ – ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1984 წელს სცადეს თვითმფრინავის გატაცებით თავი დაეღწიათ იმ ბოროტი საბჭოთა რეჟიმისგან.

„თვითმფრინავის ბიჭები” დააკავეს და უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა მიუსაჯეს.  ერთ-ერთი მათგანი გეგა კობახიძე იყო. ის 1961 წლის 6 ივნისს დაიბადა და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი ვაჟი იყო.

მწერალმა დათო ტურაშვილმა ამ ამბავზე წიგნი დაწერა და მას „ჯინსების თაობა” უწოდა.

გთავაზობთ ნაწყვეტს დათო ტურაშვილის ნაწარმოებიდან, რომელიც მართლაც საოცარი ისტორიაა:

“სიკვდილმისჯილთა საკნები იყო ორთაჭალის ციხის ჯურღმულებში, მიწისქვეშა გუბერსკის სულ ქვედა სართულზე, საიდანაც გაჰყავდათ კიდეც პატიმრები დასახვრეტად იმავე სართულზე არსებულ სპეციალურ ოთახებში. თუმცა იმავე სართულზე არამხოლოდ სიკვდილმისჯილები ისხდნენ და ამიტომაც ციხემ იცოდა, ვინ სად იჯდა, ვინ გაჰყავდათ ან შემოჰყავდათ სართულზე და მით უმეტეს, კარგად იცოდნენ სიკვდილსმისჯილების შესახებ ყველაფერი ერთი სართულით ზემოთ არსებულ საკნებში. სწორედ ზემოთ, სიკვდილმისჯილთა სართულის თავზე, ერთ-ერთ საკანში იხდიდა მაშინ სასჯელს ერთ-ერთი ცნობილი ავტორიტეტი, დიმა ლორთქიფანიძე, რომელიც პარიზში, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში იყო დაბადებული და მისი ანტისაბჭოური შეხედულებებიც სულ არ იყო შემთხვევითი.

მისი საკნის გვერდით კი მაშინ აღმოჩნდა რამდენიმე პატიმარი ქალი, რომლებიც ვაჭრობის გამო იყვნენ დაკავებულები და სანამ მიუსჯიდნენ და ქალთა ზონაში გადაიყვანდნენ, საღამოობით თურმე ღიღინებდნენ ხოლმე. მათი ღიღინის შესახებ დიმა ლორთქიფანიძემ შეიტყო ზედამხედველისგან, რომელმაც ერთხელ უბრალოდ დაიწუწუნა, ნეტა ამ ქალებს რა სიმღერა აუტყდათ, მერე შენიშვნას მე მაძლევს უფროსობაო და ლორთქიფანიძემ ზედამხედველს დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი მოღიღინე პატიმრების შესახებ.

ზედამხედველმა მხრები აიჩეჩა, მაგ ქალებიდან ზოგი ბუღალტერია და ზოგიც მაღაზიის გამყიდველი და მეც ეგ მიკვირს, რო ეგრე კარგად მღერიანო. მაშინ პატიმარმა დიმა ლორთქიფანიძემ ზედამხედველი უფრო ახლოს მოიხმო და უფრო ჩუმად უთხრა:

– მაგ ქალებმა რომ ხმამაღლა იმღერონ, ქვემოთ თუ გაიგონებენ?
– სად ქვემოთ?
– სიკვდილმისჯილებში.
– დაკეტილ საკნებში, აბა, როგორ გაიგებენ.
– დერეფნებში ხომ გაიგებენ?
– თუ ბოლო ხმაზე იმღერეს ამ ქალებმა, ქვემოთ დერეფანში ალბათ გაიგონებენ.
– ალბათ თუ ნაღდად?
– ალბათ.
– ახლა მომისმინე. შენი პატივისცემა ჩვენზეა, თუ პატარა თხოვნას შეასრულებ.
– სამსახურს ნუ დამაკარგვინებ და…
– სამსახური კი მართლა ისეთი გაქვს, რომ აფსუსი იქნება ამის დაკარგვა, მაგრამ მაინც კარგად მომისმინე.
– აბა, გისმენ.
– ქვემოთ, სიკვდილმისჯილებში გეგა ზის, მსახიობი ბიჭია.
– ხო, ვიცი, თვითმფრიავის ამბავზეა, სხვებიც მანდ არიან.
– სხვებს ვერ დავეხმარებით, თანაც ეგ დახმარება გეგას ყველაზე მეტად სჭირდება, ოცდაორი თუ ოცდასახმი წლისაა, პატარა ბიჭია.
– ჰო, ვიცი. კინოშიც მყავს ნანახი.
– კინოც გყვარებია და, აბა, ერთი ეგეც მითხარი, იმ გეგას რომ დასახვრეტად გაიყვანენ, რამდენ ხანში გაიგებ?
– ეგრევე გავიგებ, მაგ სართულზე ჩემი ბიძაშვილია ზედამხედველი.
– ნაღდი ბიძაშვილია თუ გარე?
– ალალი.
– მაშინ გაყვანას რომ დაუპირებენ, ეგრევე მეც უნდა ვიცოდე.
– სამსახურს ნუ დამაკრგვინებ, ორი პატარა შვილი მყავს და რომ ვიცოდე მაინც, რას აპირებთ.
– ისეთს არაფერს.
– მე ნუ დამღუპავთ. მაინც?
– გეგას რომ გაყვანას დაუპირებენ, ქალებს ვეტყვი, რომ სიმღერა დაიწყონ, რაც შეიძლება ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იმღერონ. ქალებს უთხარი, რომ ჩემი თხოვნაა გეგას გასამხნევებლად, ისიც უთხარი, რომ დასახვრეტად მიჰყავთ.

ზედამხედველი გაოგნებული იდგა და ამ უცანურ პატიმარს უსმენდა, რომლის მსგავსიც აქ არ ენახა, არც იმ სხვა ციხეებში, სადაც ადრე, მანამდე მუშაობდა…

ისინი ყველანი ერთ დღეს დახვრიტეს, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს არ გახმაურებულიყო და სამ შემთხვევაში ეს გაცილებით ადვილად გამოუვიდათ, რადგან ბერი და ძმები სპეცილაურად დღისით გაიყვანეს საკნებიდან, რადგან დღისით ციხის ყურადღება უფრო მოდუნებულია და ბოლოს იმ საკნის კარიც გააღეს, რომელშიც გეგა იჯდა... ნახეთ სრულად