კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ასტრონავტები

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტი იქნება, სამაშველო მისიის შესასრულებლად 12 მარტს გაეშურება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს მხოლოდ მარტის ბოლოსთვის იქნებოდა შესაძლებელი.

მისია Crew-10-ის ბორტზე ოთხი ასტრონავტი იქნება - ამერიკელი კოსმონავტები ენ მაკლეინი და ნიკოლ აიერსი, იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონისი და რუსი ასტრონავტი კირილ პესკოვი.

მას შემდეგ, რაც Crew-10 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწევს, Crew-9-ზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები სუნიტა უილიამსი და ბარი უილმორი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ვიდეო ჩართვის დროს, სუნიტა უილიამსმა აღნიშნა, რომ მას დაავიწყდა სიარული, ჯდომა და წოლა.

„მე აქ უკვე დიდი ხანია ვარ. ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორია, როდესაც ფეხით დადიხარ. მე დიდი ხანია არ მივლია ფეხით, არ დავმჯდარვარ, არც კი დავწოლილვარ“, - განაცხადა უილიამსმა.

უილიამსი და უილმორი ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრნენ. მათი მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე ვეღარ დაბრუნდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა ილონ მასკსა და SpaceX-ს, კოსმოსიდან ჩამოიყვანონ NASA-ს 2 ასტრონავტი, რომლებიც "ბაიდენის ადმინისტრაციამ კოსმოსში მიატოვა".