And Just Like That-ის მეორე სეზონში ეიდენის გმირი ბრუნდება

https://ew.com/tv/john-corbett-return-aidan-and-just-like-that-season-2/

HBO Max-მა სერიალის – And Just Like That ახალი ოფიციალური ფოტოები გაავრცელა. გამოქვეყნებული კადრებით ცნობილი გახდა, რომ სერიალის მეორე სეზონში Sex and The City-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ეიდენი ბრუნდება. მის პერსონაჟს ამჯერადაც ჯონ კორბეტი შეასრულებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

Sex and The City-ის სიუჟეტის მიხედვით, ეიდენი ქერი ბრედშოუს საქმრო იყო. ის პირველად მესამე სეზონში გამოჩნდა და ერთ-ერთ საკვანძო პერსონაჟად იქცა. ეიდენის გმირი, Sex and The City-ის მიხედვით გადაღებულ ფილმშიც მონაწილეობს, თუმცა, მისი გამოჩენა ფრაგმენტული ხასიათის იყო.

რაც შეეხება თავად სერიალს, And Just Like That ადრეული 2000-იანი წლების საკულტო სერიალის, Sex and the City-ის სიუჟეტური გაგრძელებაა, რომლის პრემიერა HBO Max-ზე 2021 წელს შედგა. ისტორია კარგად ნაცნობი გმირების ირგვლივ ვითარდება – ქერი ბრედშოუს, მირანდას და შარლოტს, კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი განასახიერებენ. რაც შეეხება სამანტა ჯონსის პერსონაჟს, ის სერიალის ახალ ნაწილში არ გამოჩნდება, რადგან მსახიობმა კიმ კეტრელმა დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

მეორე სეზონის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.