"34 წლის მანძილზე ბევრი "უღირსი" პარტნიორი შემხვდა, ბევრმა დამამცირა, ზოგმა წონა და სხეული დამიწუნა, მე კი "მრუშობამ" სულ სხვა გზაზე გამიყვანა" - მარიამ ცქიფურიშვილის თამამი პოსტი სოციალურ ქსელს იპყრობს

mariam

მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი ფეისბუქზე საკმაოდ თამამ პოსტს აქვეყნებს. თამამს იმ კუთხით, რომ მსახიობი გახსნილად წერს, რომ ნამდვილი სიყვარულის ძიებაში, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყოლია. და რომ ეს სიმამაცეა. ახლა კი ახალ ეტაპზე გადავიდა...

მარიამ ცქიფურიშვილი: 34 წლის მანძილზე მე ძალიან ბევრი სექსუალური პარტნიორი მყავდა, ფაქტიურად რელიგიური ენით რომ ვთქვათ ვიყავი “მრუში”. 

და ამ ძალიან ბევრი, სექსუალური ურთიერთობებიდან არც ერთი არ იყო ისეთი, რომელიც გასახსენებლად ღირს.
რატომ ვწერ ამ ყველაფერს ხმამაღლა და რატომ არის ეს სულიერი “ეგზიბიციონიზმი” (გაშიშვლება) საინტერესო ან ვის რაში შეიძლება დასჭირდეს ეს პირადი “ფარული ჩანაწერების” მსგავსი სტატუსები, გაირკვევა მხოლოდ მაშინ, თუ კითხვას განაგრძობთ.

სინამდვილეში მთელი ცხოვრების მანძილზე ვეძებდი სიყვარულს, რომელ სიყვარულშიც იქნებოდა აზრთა ერთობა, გრძნობების ერთობა და სხეულებრივი მუდმივი ინტერესი ერთმანეთის მიმართ და რადგან ერთმანეთის მიმართ ინტერესი, ძირითადად სხეულით იწყება (ანუ ვნებით) მეც მივყევი ამ გზას, სხეულებრივი ვნების გზას.
თუმცა სხეულებრი ვნებით ერთობა, იმდენად წარმავალი და წამიერი აღმოჩნდებოდა ხოლმე და იმდენად მალე იკარგებოდა ის ილუზია, რომ ჩვენ აზრში და გრძნობაშიც ერთნი ვიყავით, რომ სწორედ ეს მაძლევდა ძიების გაგრძელების ბიძგს და არ ვნებდებოდი მოცემულ რეალობას.

ვაგრძელებდი სვლას რეალური ერთობისკენ, რეალური სიყვარულისკენ სადაც აზრი, გრძნობა და სხეულებრივი ვნება ერთად ვლინდება.

სწორედ ამ ძიების გზაზე, "გავმრუშდი".

"შემომემრუშა".  

ეს მორალისტური ყალბი ენით "გავმრუშდი", თორემ რეალურად სინამდვილის და ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებისკენ გავაგრძელე გზა და ამ გზაზე სიარული არა თუ მრუშობა არამედ სიმამაცეა.
არ დანებდე ყალბ გრძნობებს, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოება გიბიძგებს შეეგუო მოცემულობას, გიბიძგებს დასჯერდე იმას რაც ტყუილია, რადგან რეალური ერთობისკენ მიმავალი გზა, ყალბი მორალით ხელმძღვანელი საზოგადოებისთვის “მრუშობაზე” გადის, არათუ მრუშობა არამედ სიმამაცეა.
ცრუ მორალის მქადაგებელ საზოგადოებაში “მრუშობა” გმირობის ტოლფასია.
სინამდვილე კი სულ სხვაა.

და ეს სინამდვილე სწორედ გამბედაობაა ძიების არ შეწყვეტის, ნამდვილი ერთობის ძიების არ შეწყვეტის და თუკი ამ გზაზე “შემოგემრუშა”, ცოდვები მოგეტევება, რადგან:
“ნეტარ არიან ნამდვილი სიყვარულის ძიებისთვის “გამრუშებულნი”, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა”.

ამ გზაზე ბევრი “უღირსი” პარტნიორი შემომხვდა, ბევრმა დამამცირა, სხვადასხვა ფორმით, ბევრი მომექცა როგორც “მრუშს”, ზოგმა წონა და სხეული დამიწუნა, ზოგმა გრძნობების სიჭარბე, ზოგმა აზრში განსხვავებულობა, ბევრმა დაიჯერა, რომ ეკუთვნოდათ ის რასაც ჩემგან იღებდნენ, თუმცა გულწრფელი რომ ვიყო დღეს, ყველა მათგანის მადლიერი ვარ, რადგან რომ არა ისინი, ვერასოდეს გავიგებდი რა არის გზა, რომელსაც ნამდვილ სიყვარულთან მიჰყავხარ.

პარტნიორულ ურთიერთობებში, აზრში გრძნობაში და სხეულში ერთობა დაშლილად გვხვდება,
ხან აზრში ვართ ერთნი, მაგრამ დანარჩენ ორში ვერ ვემთხვევით, ხან სხეული გვიზიდავს, მაგრამ გრძნობა და აზრი სულ სხვაგან არიან და ჩვენ ან საზოგადოების გავლენით ვჯერდებით იმ მოცემულობას, რაც ერთი მცდელობით მოგვეცა, ან ვაგრძელებთ რეალური ერთობის ძიებას, მაგრამ მაშინ მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდება და გაგვასამართლებს.
ისინიც კი გაგასამართლებენ, ვინც ვნებით დაკავდა შენთან.
ისინიც ვინც სხეულით ან გრძნობით ან მხოლოდ აზრში “იმრუშა” შენთან ერთად.

საზოგადოება ყველაფერს გაკადრებს, იტყვიან რომ არ გაგიმართლა, რომ გზას აცდი, რომ არ ხარ ნორმალური, რომ საშიში ხარ, რომ ეცოდები ან ეზიზღები, რომ “გაუთხოვარი” ქალი ქალი არ არის, რომ ოჯახი არის ყველაფერი და რომ გერქვას შემდგარი ადამიანი, აუცილებელია ქმარ-ცოლ-შვილთა სიუხვე.  

ისინი ყველაფერს იტყვიან, რათა საკუთარი “შემდგარი სიყვარულის” ილუზიიდან არ გამოადგან ფეხი და არ დაენგრათ სიმწრით შეკოწიწებული ნახევარი სიყვარული, სადაც ან საკუთარი თავი უყვართ მხოლოდ ეგოისტურად ან სხვასთან საბოლოოდ არც აზრში, არც გრძნობაში და არც სხეულში ერთობის ნაპერწკალიც აღარ შემორჩათ.
სინამდვილეში კი ჩვენ ყველანი შეუმგდარი სიყვარულის ნარჩენებში დავხეტიალობთ და წამით არ გვსურს დავფიქრდეთ რა არის გზა მთლიანი სიყვარულისკენ, ჩვენ ერთმანეთს ვაბრალებთ ვომობთ, ვეჯიბრებით.

მე კი “მრუშობამ” სულ სხვა გზაზე გამიყვანა და სულაც არ ვამბობ, რომ ეს გზა სწორია ან ყველამ ასე უნდა იცხოვროს, თუმცა ერთი ის ვიცი, რომ ნამდვილია და არა ყალბი.

და აი, როდესაც ბოლო “მრუში” ნაბიჯი გადავდგი, რომელიც აზრში ერთობით დაიწყო, მაშინ მივხვდი, საით მივყავდი ცხოვრებას, აზრში ერთობა კი საკუთარი თავიდან დავიწყე, გავერთიანდი ჩემსავე აზრებთან, ვაპატიე ყველა ”მცდარი” ნაბიჯი და ავუხსენი რომ არაფერია სამყაროში მცდარი და რომ ზედხედიდან კოსმიური ხედიდან, ყველა, “შეცდომა” სისწორეს ემსახურება და რომ სინამდვილეში არ არსებობს დარდის საბაბი, რომ ყველა ტკივილი, დამცირება და სევდა, მოშუშებადია და სიხარულად იქცევა, რომ ცხოვრება ერთი დიდი და მშვენიერი მოგზაურობაა სადაც ხან სევდა და ხან სიხარული, ხან ტკივილი და ხან ტკბობა გხვდება და რომ ერთადერთი გზა, რომელიც მართალია არის ის რომელსაც თავად აირჩევ, რომელიც სიხარულზე და მწუხარებაზე მაღლა დგომას გასწავლის და ბოლომდე, სიმამაცით გაგიძღვება, თუმც მთელი მსოფლიო არასწორად თვლიდეს მას.

ამის მერე გრძნობაში გავმთლიანდი ჩემივე თავთან და შევძელი მეპატიებინა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ერთი შეხედვით არ იმსახურებდნენ პატიებას.
დადანაშაულება შევწყვიტე, როგორც ჩემი თავის ასევე სხვების, რადგან ამ ბრალეულობების გზას, დასასრული არ აქვს და სრულდება მხოლოდ მაშინ როდესაც შენ ასრულებ.

არ ვიცი, შეიძლება თქვათ, რომ ეს მცდარი გზაა და რომ არ უნდა აპტიო მათ ვინც არ იმსახურებს ამას, თუმცა ეს ჩემი გზაა, გზა რომელიც ავირჩიე და გზა რომლის მერეც ბრძოლა დასრულდა, ბრძოლა საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან.
რადგან, სადაც ბრძოლაა, იქ ერთობა შეუძლებელია და სადაც ბრძოლა გაუვლელი ერთობებია, ის ერთობები ცრუა და დროებითი.
ბრძოლა კი ჯერ შენს თავთან არის ჩასატარებელი და შესაწყვეტი, რომ ნამდვილ ერთობაში გააღწიო.
ბოლო ნაბიჯი კი ჩემი სხეულის მიმართ ნაკლები კრიტიკული თვალით ყურების მცდელობაა, მივხვდი რომ არავინაა ბოლომდე სრულყოფილი და რომ ბევრი რამ ძალიანაც ლამაზია, ლამაზია რადგან ადამიანია ზოგადად ლამაზი და რომ ნებისმიერ რამეში შეგიძლია სიკეთის და სილამაზის შემჩნევა, თუკი ამის სურვილი და ხედვის უნარი შენში გააღვიძე.

და თუკი ეს შენში ვერ დაინახეს, თუკი არ ეყოთ ძალა თავიანთ თავებში მეტი სილამაზის და სიკეთის შემჩვენის უნარი გაეღვიძებინათ, თუკი რაღაც დროს ყველამ უფრო მეტი ცუდი შენიშნა ვიდრე ლამაზი და კარგი, ან თუ კი შენვე გამოავლინე მეტი ულამაზობა ვიდრე სილამაზე, ესეც აპატიე შენს თავს და სხვებს.
ნუ გაბრაზდები ბრმებზე, მზე ნუ ჩავა სიბრაზის გამო გულში.

ასე ვაძინებდი ყოველი “მრუშობის” ღამის მერე ჩემს თავს.

დღეს ერთობას ვგრძნობ საკუთარ აზრებთან, გრძნობენთან და სხეულთან, არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ეს
მაგრამ ახლა ვიცი რომ შემიძლია ვიცნო სხვაში ის რასაც ჩემში ვცნობ როგორც სიყვარულის მთლიანობას.
ჯერ შენში უნდა იცოდე რა არის სიყვარულის მთლიანობა რომ სხვაშიც იცნო და ნახევარმა სიყვარულმა არ შეგაცდინოს.

და რაც მთავარია გამიცოცხლა ერთი დიდი ჭეშმარიტება საკუთარი ცხოვრებით:
“ნეტარ არიან ნამდვილი სიყვარულის ძიებისთვის “გამრუშებულნი” რამეთუ მათია სასუფეველი ცათა”.

P.s ცრუ ჰეფიენდს ვინც ელის, სადაც ათლეტური გარეგნობის აზრში, გრძნობაში და სხეულის მუდმივი ვნებით სავსე წვრილშვილიანი, ძაღლით და ცხოველებით გარშემოტყუილი ლამაზი ოჯახი იგულისხმება, აქ არ დაგხვდებათ.  
რადგან ნამდვილი მთლიანი სიყვარული სადაც აზრის, გრძნობის და სხეულის ნაღდი ერთობაა, მხოლოდ ორ მთლიან ადამიანს შორის შეიძლება მოხდეს, რომლებისთვისაც გარეგნული ბუტაფორიული ოჯახური გარემო მეორე ხარისხოვანია, და რომლებისთვისაც პრიორიტეტული საკუთარ თავში გულწრფელი ჩახედვის გამბედაობაა და ამ გაბედვის მერე, ყოველ წამს სიმამაცით მიყოლა იმაზე რაც ნამდვილია.

ეს გზა კი მეორე ადამიანმაც უნდა გაიაროს.
და თუ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის ნაღდი ერთობა, არასოდეს ემთხევა და შეესაბამება ცრუ ოჯახურ სტერეოტიპებს, რომელიც გარეგნულად ლამაზია მაგრამ არსში ცრუ და ცარიელი.

ამიტომ არის ნათქვამი:
“სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს”
ეს მსხვერპლი კი სწორედ ის არის როდესაც შინაარსით ნამდვილი სიყვარულის გამო, ლამაზ ფორმალურობებზე უარის თქმა ხელგეწიფება.

სწორედ ამიტომ:“ნეტარ არიან ნაღდი სიყვარულის ძიებისთვის გამრუშებულნი, რამეთუ ისინი იხილავენ ღმერთს თავის გულში”.