„საოცრებებს არც ყულაბის მაგიდაზე დადგმით ველოდები...“ - რას ვერ რისკავს ახალი წლის ღამეს თიკა ფაცაცია

tika

თიკა ფაცაციასთვის ახალი წელი ხალხმრავლობასთან ასოცირდება. ნაძვის ხეს შვილებთან ერთად პირველ დეკემბერს დგამს. რაც შეეხება სუფრას, კერძების მზადებაში გართული არ არის. ეხმარებიან... ასტროლოგების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. დანარჩენს "პრაიმტაიმის" მკითხველს თვითონ უყვება...

თიკა ფაცაცია: ნაძვის ხეს, შვილებთან ერთად, ტრადიციულად, 1 დეკემბერს ვრთავ. ნათლისღებას უკვე ვშლით. რომ არა ეს ჩვენი რელიგიური აუცილებლობა, არ ავიღებდი იანვარშიც. დაშლა მენანება ხოლმე.

საახალწლო სუფრისთვის არაფერს არ ვამზადებ. გოზინაყსაც კი. დამხმარე ქალი ამზადებს.

ახალი წელი მიყვარს. ის ბევრ ხალხთან ასოცირდება. როგორც წესი, სულ უამრავ ხალხთან ერთად ვარ ქუჩაში. ან მაყურებლის სიმრავლეს, ეკრანთან, ტელევიზიის საშუალებით ვგრძნობ ხოლმე. ჩემთვის ახალი წელი დიდი ჟივილ-ხივილი და ჟრიამულია. 

ახალი წელი ახალი ათვლაა. ასტროლოგების რეკომენდაციებს ჩაცმისას ვითვალისწინებ. ფერებს ვგულისხმობ. ერთ ახალ სათამაშოს ყოველ წელს ვამატებ ნაძვის ხეს. ცხოველს, რომლის წელიც მოდის, შემოვასკუპებ მაგიდაზე. გასულს მადლობას ვუხდი. 

დიდი სურვილების ჩაფიქრებას ვერ ვრისკავ. საოცრებებს არც ყულაბის მაგიდაზე დადგმით ველოდები, არც არანაირი რიტუალისგან. მეტ-ნაკლებად სასიამოვნო დღეების მოლოდინი მაქვს.

ამ დღეებში მოლოდინით მავსებს ჯორჯ მაიკლის Last Christmas.

სიმშვიდეს ველოდები. მე ჰარმონიის მოტრფიალე ვარ. ზოდიაქოს ნიშანიც (სასწორი) ხელს მიწყობს საამისოდ. ოღონდ დაძაბულობა არ იყოს და... მინდა სიმშვიდის ეტაპი ვისურვო ყველას ფსიქიკაში. ყველას ეპოვოს სიამოვნების წყარო. ჰარმონია სამყაროს...