1728312638
"მიწევდა მემტკიცებინა, რომ შვილების და ქმრების გარეშეც შეიძლება იყო ბედნიერი" - მარიამ ცქიფურიშვილი
მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი სოციალურ ქსელში თავის "აუდიტორიას" სხვადასხვა თემებზე საკუთარ მოსაზრებებს, ხშირად უზიარებს.
ამჯერად მსახიობი სოციუმისთვის მახასიათებელ ფარულ ძალადობაზე წერს და საკუთარი გამოცდილებების გულწრფელად გაზიარებით, ბევრი გოგონას სათქმელს ხმამაღლა აჟღერებს.
მარიამ ცქიფურიშვილი: - ბავშვობიდან მიწევს კაცებს ვუმტკიცო, რომ ვარ ადამიანი. და არა მხოლოდ კაცებს, ქალებსაც. დღეს უკვე მესმის, რომ არავის ბრალი არაფერი არ არის ჩვენი ცხოვრების გზაზე და პიროვნული ზრდა, სწორედ იმასაც გულისხმობს, რომ გარემოს არაფერს აღარ აბრალებ და ხვდები, რომ ყველაფერი რაც შენს ცხოვრებაში მოხდა, საბოლოოდ მხოლოდ შენს სრულყოფას ემსახურება.
თუმცა, მაინც მინდა ვთქვა ის, რაც მეთქმევინება. პატარა ვიყავი, როდესაც მამაჩემთან მიწევდა იმის მტკიცება, რომ გოგო ვარ და არა ბიჭი. ცოტა გავიზარდე და ჩემს ძმასთან მიწევდა იმის მტკიცება, რომ მე ვარ პიროვნება, დამოუკიდებელი და არა მხოლოდ მისი და. კიდევ ცოტა წამოვიზარდე და პირველ მოწონებულ ბიჭთან მიწევდა მტკიცება, რომ მხოლოდ გარეგნობა არ არის გადამწყვეტი და მიუხედავად სიპუტკუჩისა, ჩემი მოწონება შესაძლებელია.
კიდევ მეტად როდესაც გავიზარდე, როდესაც უკვე მოვწონდი საპირისპირო სქესს, მიწევდა მტკიცება 299 კაცთან, რომ არ ვარ მხოლოდ ძუძუები და სექს-ობიექტი და მაქვს სულიც. კიდეც გავიზარდე და ყველა თეატრში, ყველა რეჟისორთან, ყველა სამსახურში, ყველა სოციუმში მიწევდა იმის მტკიცება, რომ მე დამინახე და არა ჩემი ოჯახი. კიდევ გავიზარდე და მიწევდა მტკიცება, ბრძენებთან და გურუებთან, ინტელექტუალებთან და ჭკუის კოლოფებთან, უკვე სრულყოფილ და მარად პოზიტიურ ღმერთებთან, რომ მიუხედავად მათი მოსწავლეობისა, ჩემშიც ბევრი სიბრძნეა, ჩემგანაც შეუძლიათ რაღაც ისწავლონ.
კიდევ გავიზარდე და მიწევდა მემტკიცებინა, რომ შვილების და ქმრების გარეშეც შეიძლება იყო ბედნიერი და სრული. კიდევ გავიზარდე და მიწევს ქალებს და კაცებს ვუმტკიცო, რომ მე ჩემი გზა მაქვს, რომელიც ცუდია თუ კარგი, ჩემია! და რომელზეც უკვე დიდი ხანია ვდგავარ. ვისაც უნდა გამიზიაროს საკუთარი გზა, მაგრამ შინაგანად ნუ მთხოვენ მათ გზებზე ვიარო.
ვინც გასწავლის რომ "მე" იყო, ისიც არ გაცლის იყო, იფიქრო ისე, როგორც გეფიქრება, იგრძნო ისე, როგორც გეგრძნობინება და გამოავლინო ისე, როგორც ავლენ. კიდევ მეტად როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ერთადერთი, ვინც არასოდეს არაფერი არ მამტკიცებინა, ვისაც სულ სჯეროდა ჩემი და ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო, ჩემივე თავია. "არასრულყიფილი", დაუხვეწავი მხოლოდ საკუთარმა თავმა მიმიღო, რომელიც 34 წელი დავტანჯე "სრულყოფილ" ყველაფერში "დახვეწილ" საზოგადოებასთან რაღაცის მტკიცებით.
ასე რომ, გარემო ყოველთვის ეცდება რაღაც გვამტკიცებინოს იქამდე, სანამ არ მივხვდებით, რომ არაფერი გაქვს დასამტკიცებელი. ამის მიხვედრა ადვილია, მაგრამ ასე ცხოვრება არც ისე ადვილი, რადგან ის (გარემო) მუდმივად აგრძელებს ფარულ ძალადობას და საკმაო სიფხიზლე მოგეთხოვება ყოველ წამს, რათა, მათი მსხვერპლი არ გახდე, ან უარესი, მათზე მოძალადე. პლუს ამას ჯერ ის ჭრილობები უნდა შევახორცოთ, რომელიც მოძალადე სოციუმმა სიკეთის სახელით მოგვაყენა და ყოველ წამს გვაყენებს.
ეს სოციუმი აბსტრაქცია კი არ არის, ეს სოციუმი ჩვენვე ვართ. არავის ბრალი არაფერი არ არის და თან ყველაფერი ყველას ბრალია.