„ეს ვარსკვლავი ჯილდოც არის და ტვირთიც. ოცწლიანი ისტორიის ღირსეული გაგრძელება მოგვიწევს“ - „თეატრალურის კვარტეტის“ ვარსკვლავი და დაუვიწყარი საღამო გელით

teatraluri

3 ნოემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ "თეატრალურის კვარტეტის" სახელობითი ვარსკვლავი იხსნება. კვარტეტის წევრები რომ იაზრებენ - ლეგენდარული "ორერას" და "ივერიის" ვარსკვლავების გვერდით, მათი ხუთქიმიანიც უნდა აკიაფდეს, პასუხისმგებლობისგან და მღელვარებისგან გული უსკდებათ.

ანსამბლს საპასუხისმგებლო ეტაპი დაუდგა და როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ლაშა კერვალიძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ამ ჯილდოს, რომელიც მსმენელს ეკუთვნის, დიდი შრომა და შემოქმედებითი აქტიურობა მოჰყვება...

თეატრალურ ინსტიტუტში დაბადებული იდეა, სიმღერის სიყვარულმა კვარტეტად აქცია.

თეატრალურის კედლებში სპონტანურად მოწყობილ მუსიკალურ მინი პერფორმანსებს თავისი აუდიტორია ჰყავდა. ოვაციებით წაქეზებულმა ოთხეულმა ამღერება პროფესიონალურ დონეზე მოინდომა. და კოსმოსში გაშვებულ სურვილს, სიმღერები გზაში დააწიეს. 

თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ისე, კარგად ვერ იმღერებო, ნათქვამია. ჰოდა, ერთმანეთის სიყვარულში დაიმედებულებმა, მეგობრობის ხარჯზე, შემოქმედებითი ტანდემიც შექმნეს და აგერ უკვე ოცი წელია მსმენელს ატკბობენ...

კობა ჭეფხოძე მუსიკალური თეატრის მსახიობია, ოთარ კოვზირიძე დრამის მსახიობი, ლაშა კერვალიძე  ხელოვნებათმცოდნეა, ირაკლი აბჟანდაძეს კი თეატრალური განათლება არ აქვს, ის ქუთაისიდან შეუერთდა სამეგობროს... 

სამი ნოემბრის გალა კონცერტსა და ისტორიაზე კვარტეტის წევრები გვიყვებიან...

ლაშა კერვალიძე: თეატრალურში ლექციებს შორის, კიბეების კვადრატში ვიკრიბებოდით და ვმღეროდით. 

და 2003 წელს თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს, გაჩნდა ერთად ამღერების იდეა. "ქართული ხმების" რეპეტიციებს მსმენელად ვესწრებოდი და დათო არჩვაძეს ვთხოვე, კვარტეტის შექმნა გვინდა და იქნებ სათავეში ჩაგვიდგე-მეთქი. მოვიდა, მოგვისმინა და სიამოვნებითო. ასე გახდა ჩვენი ხელმძღვანელი და შვიდი-რვა წელი ვითანამშრომლეთ მასთან. დათომ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი კვარტეტის ჩამოყალიბებაში, როგორც შემოქმედებითი, ასევე გაპიარების თვალსაზრისითაც. მან გააცნო ჩვენი თავი საზოგადოებას და როგორც გამოცდილმა მუსიკოსმა, ბევრი რამ გააკეთა "თეატრალურის კვარტეტისთვის". მერე უკვე ბევრი საქმე დაუგროვდა, შემოქმედებითი ჯგუფები გააკეთა და დროის უქონლობის გამო, დათოს ჩვენთან დაშორება ასე თავისთავად მოხდა. მასთან დღემდე ვმეგობრობთ და ამ კონცერტზეც შესრულდება მისი სიმღერა.

პირველი რეპეტიცია რუსუდან სებისკვერაძის "მეფის ქალით" დავიწყეთ. თეატრალურის მეცხრამეტე აუდიტორიაში გვქონდა და სულ სხვა ემოცია დაგვეუფლა. კარგად გვახსოვს. ყველაფერი პირველი ხომ გამახსოვრდება. პირველი ჩანაწერიც ემოციურად გვახსოვს. ქეთი გაბისიანის "სატრფიალო" ჩავწერეთ. მერე იყო სხვადასხვა კონცერტები. 2006 წელს წელს კი, ნატო გელაშვილის საღამოზე ვიმღერეთ და დიდი საკონცერტო დარბაზის სცენიდან პირველად წარვდექით მაყურებლის წინაშე. ესეც დაუვიწყარი იყო...

ასე ნელ-ნელა დავიწყეთ კომპოზიტორებთან თანამშრომლობა, ურთიერთობა. მაშინ არ იყო ამდენი კვარტეტი, ტრიო თუ ანსამბლი. 

რთულია ოც წელს გაუძლოს ოთხმა რადიკალურად განსხვავებულმა ადამიანმა და ერთი შემადგენლობით იარსებოს. ჩვენი ერთად ყოფნის საიდუმლოს გასაღებიც იმაშია, რომ სიმღერის უდიდესი სიყვარულის გარდა, ერთმანეთის დიდი პატივისცემა გვაქვს. ამ ხნის მანძილზე რა არ გადაგვხდენია, თუმცა ჩვენ უფრო დავახლოვდით, დავნათესავდით, ნათელ-მირონობით შევკავშირდით და ძალაც მოგვეცა. ადამიანის მთავარი ღირსება - ერთგულება ჩვენი მთავარი მახასიათებელია. ამდენად, ჩვენი ეს ოცწლიანი ურთიერთობა ერთგულებაზე დგას. ბუნებრივია, იყო ჩხუბი, კამათი, მაგრამ ეს ჩვეულებრივია ამბავია ოთხი სრულიად განსხვავებული ადამიანის ერთობაში. არანაირი გავლენა ამას არ მოუხდენია არც ურთიერთობაზე, არც შემოქმედებაზე...

ჩვენი კვარტეტი, წესრიგის თვალსაზრისით, გამორჩეულია. ფუნქციები მკვეთრად გვაქვს გადანაწილებული, ყველამ ჩვენი საქმე ვიცით. საორგანიზაციო საკითხებს მე და ოთო ვიბარებთ, მუსიკალური მხარე - ირაკლის და კობას აბარია. თუმცა ყველა ყველაფერში გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და ასე ვავსებთ ერთმანეთს. 

იყო საეტაპო სიმღერები, გამორჩეული, პოპულარული, მსმენელში რომ დიდი სიყვარული მოგვიტანა, ისეთებიც...

გოგი ცაბაძის სიმღერების პოპურის არა ერთი ვერსია გავაკეთეთ, დღემდე უყვარს ჩვენს მსმენელს. სრულიად ახალი არანჟირებითაც გავაკეთეთ.

დათოსთან ერთად ნამღერი "ფარვანა" უყვარს ჩვენს მსმენელს. კარგად მიიღეს და შეიყვარეს "დედა," რომელიც ჩვენც გვიყვარს. ნათია ზეინკლიშვილის "მზის სადარო" იმდენად უასაკოდ შეიყვარა ყველამ, რომ თინეიჯერი იქნება თუ ასაკიანი, ყველა უსმენს და გაოცებაში მოვდივართ. ქუჩაშიც უთხოვიათ, წაგვიმღერეთო. თავისი ადგილი დაიკავა ქეთი გაბისიანის სიმღერამ "კოცნები"... 

თითქმის ყველა კომპოზიტორის სიმღერები გვაქვს რეპერტუარში. მადლობას ვუხდით ყველა მათგანს. განსაკუთრებული მადლობა უფროსი თაობის საამაყო კომპოზიტორებს, რომლებმაც თვალდახუჭული გვანდეს მათი სიმღერების შესრულება და ახალი თაობის კომპოზიტორებს, რომლებმაც ჩვენთვის დაწერეს სიმღერები...

მომღერალი ეტაპს გადიხარ, ჯერ თავს აწონებ ავტორებს, მერე უკვე იციან შენი შესაძლებლობები და კომპოზიტორის მუზა იქით ხდები. ბედნიერებაა თანამედროვე კომპოზიტორებთან ერთად მოღვაწეობა. 

3 ნოემბერი ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენთვის. ეს არის მსმენელისთვის ანგარიშის ჩაბარება. ძალიან ვღელავთ და განვიცდით...

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი; რეპერტუარს, ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ორკესტრის აკომპანიმენტის თანხლებით შევასრულებთ. მაგარი გრძნობაა, როდესაც ორკესტრთან ერთად ასრულებ სიმღერებს. რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, წამყვანი კი - ნიკოლოზ წულუკიძე. ნიკა ჩვენი დიდი ხნის მეგობარია. ერთად იმდენი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული, რომ არც კი გვიფიქრია, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი საიუბილეო კონცერტის წამყვანი.  

გვაქვს სიურპრიზები. გაიჟღერებს სიმღერები, რომლებიც არასდროს გვიმღერია. იმედი, მაქვს ჩვენი საღამოთი ჩვენი საყვარელი მსმენელი ძალიან ისიამოვნებს. 

ოთო კოვზირიძე: კონცერტის წინა სამზადისი საკმაოდ ამაღელვებელია თითოეული ჩვენგანისთვის. ყოველდღიურად მზადებაში ვართ. თითოეულ მუსიკალურ ნიუანსს გავდივართ. გვინდა უმაღლეს დონეზე წარვდგეთ ჩვენი საყვარელი მსმენელის წინაშე. მით უმეტეს, რომ ვარსკვლავს გვიხსნიან...

ეს კონცერტი, ნაწილობრივ, ჩვენი ოცწლიანი მუშაობის შეჯამებაა. ასევე შესრულდება სიმღერები, რომელიც ჯერ არ შეგვისრულებია და ამ კონცერტისთვის გაკეთდა.

იმედი მაქვს, ჩვენი ძვირფასი მსმენელი მაქსიმალურად ისიამოვნებს და იქნება დაუვიწყარი საღამო, როგორც ჩვენთვის, ისევე ჩვენი მსმენელისთვის. 

ლაშა კერვალიძე: ცალკე სიურპრიზია ჩვენთვის "თეატრალურის კვარტეტის" ვარსკვლავის გახსნა. ეს ჯილდოც არის და ტვირთიც. ამ ოცწლიანი ისტორიის ღირსეული გაგრძელება და ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოგვიწევს. მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა კულტურის პალატას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შევეცდებით ღირსეულად გავაგრძელოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. ეს ხალხის ჯილდოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი იმედები გავამართლოთ. ვერ მოვდუნდებით, პირიქით, ახლა ვიწყებთ!.. 

ასე რომ გელოდებით, 3 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში 20 საათზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„მთხოვა, ქართული მასწავლე, სცენიდან რომ მაყურებელს მივესალმოო..." - ცნობილი პიანისტი მაქსიმ მრვიცა თბილისში ჩამოდის

„ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით...“ - რას იხსენებს ნიკა ნიკვაშვილი ინგა ფერაძეზე

80 წლის ლეგენდარული AL BANO თბილისს ეწვევა

„ფილმი ოთხმოცდაათიანების საგაა, ადამიანების ისტორია, ბრძოლა და გადარჩენა“ - გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ ეკრანიზაცია იწყება

"უფრო უბრალო, უშუალო და თავმდაბალია, ვიდრე ქართველი ვარსკვლავები არიან" - რატომ არ იღებდა კევინ სპეისთან ფოტოს დავით ბეჟიტაშვილი