Exclusive: "უფრო უბრალო, უშუალო და თავმდაბალია, ვიდრე ქართველი ვარსკვლავები არიან" - რატომ არ იღებდა კევინ სპეისთან ფოტოს დავით ბეჟიტაშვილი

sfeisi

ტაშკენტის რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო კინო-ფესტივალი (29 სექტემბერი - 2 ოქტომბერი), წელს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ერთი ინციდენტით მოხვდა. ფესტივალზე სტუმრად მყოფი 64 წლის კინოვარსკვლავი, კევინ სპეისი, მოულოდნელად ცუდად გახდა, მარცხენა ხელი დაუბუჟდა, შემდეგ კი მასში მგრძნობელობა დაკარგა. არტისტი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც მას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა და გულის შეტევის საშიშროება გამოირიცხა.

ორი ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი 2003 წლიდან ლონდონის თეატრ "ოლდ ვიკის" სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. 2013 წლიდან ის ასრულებს ფრენკ ანდერვუდის როლს Netflix-ის პოლიტიკურ დრამატულ სერიალში "ბანქოს სახლი". ამ როლისთვის მას მიღებული აქვს ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მსახიობს სატელევიზიო დრამატულ ფილმში.

კინოვარსკვლავი, წლების მანძილზე, გახვეული იყო სკანდალში. მას ბრალს სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ. თუმცა გასულ ზაფხულს, ლონდონის სასამართლომ, სპეისი უდანაშაულოდ ცნო.

ჰოლივუდის ვარსკვლავს გამოძიება ედავებოდა 4 მამაკაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევას. ეს იყო 2004-2013 წლების პერიოდში, როდესაც ის ლონდონის "ოლდ ვიკის" თეატრის სამხატვრო დირექტორის პოსტს იკავებდა.

რა ხდებოდა ტაშკენტის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე, როგორი აღმოჩნდა ჰოლივუდის სკანდალური ვარსკვლავი სინამდვილეში - "პრაიმტაიმს" პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი უამბობს, რომელიც კინოფესტივალზე, საპატიო სტუმრის რანგში, მეორედ მიიწვიეს.

შარშან საქართველოს სახელით მას წარდგენილი ჰქონდა თავისი დოკუმენტური ფილმი "ფრუნზიკ მკრტჩიანი - ინდოეთს ვახსოვარ"... კინოსურათმა ფესტივალზე ერთგვარად ოთხი ქვეყნის (საქართველოს, სომხეთისა, უზბეკეთისა და ინდოეთის) ელჩის მისია შეასრულა. ასევე ნაჩვენები იყო დათოს პროდიუსერობით გადაღებული ზაზა ურუშაძის ფილმი "დარჩი ჩემთან".

დათოს ჩვენი მკითხველი, კინოს სამყაროდან ექსკლუზიური ისტორიების მოყოლით, განებივრებული ჰყავს. ის, თავისი მრავალფეროვანი ბიოგრაფიიდან, საშუალებას გვაძლევს, ვარსკვლავების აქამდე უცნობ ცხოვრებისეულ დეტალებს გავეცნოთ.

დავით ბეჟიტაშვილი: ტაშკენტის საერთაშორისო ფესტივალი, თავისი მასშტაბით, საოცრად ორგანიზებული და პომპეზურია. ისეთ დახვედრას უწყობენ კინოს ვარსკვლავებსა და სტუმრებს, რომ მგონი, პრეზიდენტებს არ ხვდებიან ასე მაღალ დონეზე. წითელი ხალიჩა თავისი პომპეზურობით... ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა არა ტაშკენტში, არამედ ისტორიულ და ზღაპრულ ქალაქ სამარყანდში. 

ვიყავი მადლიერი, ამაყი და ბედნიერი, რომ აგერ უკვე მეორე წელია, ორმოც ქვეყანას შორის, საქართველოს სახელით გახლავართ მიწვეული.

წელს ლეგენდარულ სცენარისტთან და რეჟისორთან, ირაკლი კვირიკაძესთან ერთად გახლდით სტუმრად. ფესტივალის გახსნასა და დახურვაზე, კინოსამყაროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, მე და ბატონმა ირაკლიმ, ერთად გავიარეთ წითელი ხალიჩა. ის ჟიურის წევრის რანგში გახლდათ. ასევე ჩვენთან ერთად იყო კინომცოდნე დალი ოქროპირიძე. 

ბედნიერების განცდა გექნება, როდესაც ისეთი ადამიანების გვერდით გაივლი წითელ ხალიჩაზე, როგორებიც არიან: სამი ნასერი, ფრედერიკ დეფინტალი, კშიშტოფ ზანუსი, ემირ კუსტურიცა, პიეტრო მარჩელო და სხვა... ეს არასრული ჩამონათვალია სტუმრებისა...

ერთი კი არის, რაღაცნაირად გულნატკენი დავრჩი, რომ ინდოეთი ისე მასშტაბურად არ იყო წარმოდგენილი, როგორც შარშან, როდესაც ბოლივუდის კინოვარსკვლავები იყვნენ სტუმართა შორის. ჩემი ფილმის პრემიერას დაესწრნენ და უბედნიერესი ვიყავი. ამიტომ "განაწყენებული და მოწყენილი" ვიყავი... ეს ისე, ხუმრობით.

პროგრამა იყო ძალიან მრავალფეროვანი, პრემიერები, მასტერკლასები, შემოქმედებითი საღამოები... ყველაფერზე დასწრებას ფიზიკურად ვერ მოასწრებდი, რაღაცას აუცილებლად გამოტოვებდი, რადგან ერთმანეთის პარალელურ დროს, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართებოდა ღონისძიებები. ფაქტობრივად, გადარბენებზე ვიყავით.

ვერაფრით გამოტოვებდი შეხვედრასა და მასტერკლასს კევინ სპეისთან. და ის სტუმართაგან არც არავის გამოუტოვებია. მასტერკლასი იყო მართლა მასტერკლასი. ამას ვერ მოჰყვები. ჰაი კლასის არტისტია და მასთან ურთიერთობა ცალკე სიამოვნებაა. 

ძალიან ტემპიანი იყო გრაფიკი, ენერგიას მოითხოვდა. დილის ექვს საათზე მატარებლით წაგვიყვანეს სამარყანდში, სადაც გრანდიოზული დახურვის ცერემონიალი იმართებოდა. სამარყანდში ჩასულები სასტუმროების ნაცვლად ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. ქალაქის დათვალიერება უნდა მოგვესწრო, რადგან საღამოს ცერემონიალს უნდა დავსწრებოდით.

 

მოკლედ, აი, ამგვარ გრაფიკში გადაიღალა კევინ სპეისი და დიდი ალბათობით, ეს იყოს იმის ბრალი, რომ მოულოდნელად იგრძნო ხელის დაბუჟება. ეს უთხრა თანხმლებ პირებს და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. გამოიკვლიეს, ინფარქტი არ ყოფილიყო. საღამოს უკვე იდგა სცენაზე და პუბლიკას უყვებოდა თავის ინციდენტზე. ფესტივალის დახურვის ცერემონიალის წამყვანი იყო. ასეთი სიტყვა თქვა:

"მე ახლა დავფიქრდი, რაოდენ მყიფეა ადამიანის, ყოველი ჩვენგანის  სიცოცხლე..." 

გულწრფელად ვიტყვი, მეგონა, ამპარტავანი და ვარსკვლავური იქნებოდა. იცით, რომ ბოლივუდის ვარსკვლავებთან უშუალო შეხება მაქვს, ვიცი ჩვენი ვარსკვლავების წარმოდგენებიც საკუთარ თავზე. კევინ სპეისი არ არის ხელწამოსაკრავი არტისტი, ჰოლივუდის ვარსკვლავია, ბოლოს დაბოლოს. არ მოველოდი მის ასეთ თავმდაბლობას და უშუალობას. განსაკუთრებით მისი პერსონაჟიდან (სერიალში "ბანქოს სახლი") გამომდინარე, მეგონა, რომ იმგვარი, კონგრესმენის ტიპაჟი იყო. არა! უბრალო ადამიანია. უფრო უბრალო, უშუალო და თავმდაბალია, ვიდრე ჩვენი ქართველი ვარსკვლავები არიან. 

ჩვენ, იქ დამსწრე რეჟისორებს, პროდიუსერებს გვქონდა მასთან მისვლის და გასაუბრებისა თუ ფოტოს გადაღების პრივილეგია. მასტერ კლასზე არ მივედი ფოტოს გადასაღებად, მეუხერხულა. ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა ქალბატონმა რომ თქვა, ალ პაჩინო ვერ ვიცანი და ის მოვიდა ჩემთან ფოტოს გადასაღებადო, ასე მე ვერ ვიტყვი: კევინ სპეისი ვერ ვიცანი და ის მოვიდა ჩემთან ფოტოს გადასაღებად-მეთქი... (იცინის) 

მეგობარს მივწერე, ფოტო არ გადამიღია-მეთქი და შოკში ჩავარდა - ხომ არ ღადაობ? ფოტო გადაიღე, კევინ სპეისია, მოსიკა კი არააო. ჩემს მეზობელზე მეღადავა. (იცინის)  ბოლოს, ზღაპრულ გალა ვახშამზე, რა თქმა უნდა, გადავიღე მასთან ფოტოები. 

სამარყანდში ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და კიდევ ვაღიარებ, რომ ამ რანგის ვარსკვლავის უშუალობითა და ადამიანურობით, მართლა სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"გამოვიდა, დოდოს თავზე წამოადგა და ქუჩურად შეაგინა. არ შეგიძლია თამაში? შენი… ...ო, შეუკურთხა" - როგორი იყო სესილია კადრს მიღმა

„თავის უმცროს ძმას მალევე გაჰყვა მარადისობაში... ზუსტად ორ თვეში. რა მისტიკურია...“ - ჩვენი კლასიკოსისა და ლეგენდარული მიმის ძმობის ამბავი

რა წერილი დაწერა დეპრესიაში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა უკანასკნელად - აი, რას გვიამბობს უახლოესი მეგობარი