„მთხოვა, ქართული მასწავლე, სცენიდან რომ მაყურებელს მივესალმოო..." - ცნობილი პიანისტი მაქსიმ მრვიცა თბილისში ჩამოდის

max

თბილისს, პირველად, მაქსიმ მრვიცა ეწვევა. მსოფლიოში ცნობილი, 48 წლის ხორვატი პიანისტი კონცერტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 26 ოქტომბერს გამართავს. ქავერ შემსრულებელმა თბილისი, თავის მსოფლიო ტურნეში, დავით ოქიტაშვილის შეთავაზებით ჩასვა.

მსოფლიოს ცნობილი სცენები პიანისტმა წარმოუდგენელი ოსტატობითა და ქარიზმით ადვილად დაიპყრო. მის კონცერტებზე მსმენელი თავბრუდამხვევ სიამოვნებას იღებს.

მაქსიმი კლასიკური კროსოვერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე გაყიდვადი კროსოვერი პიანისტია მსოფლიოში. მაქსიმის მუსიკალურმა სტილმა დაარღვია საზღვრები მუსიკალურ ჟანრებს შორის, კლასიკური და კინო-მუსიკიდან პოპ და ელექტრონულ მუსიკამდე, EMI, Sony და Universal-თან თანამშრომლობით.

"მაქსიმის კოლექცია", - ასე ჰქვია საათნახევრიან შოუ პროგრამას, რითაც ის ტურნეს მართავს. ცნობილი ფილმების, მუსიკალური ნაწარმოებებისა და შედევრების ქავერებს ხორვატი პიანისტი დღესასწაულად აქცევს და მუსიკალურ ჟანრებს შორის დარღვეული საზღვრებით, აუდიტორია აღფრთოვანებაში მოჰყავს.

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი "პრაიმტაიმს" შოუსთან დაკავშირებით დეტალებს უმხელს.

დავით ოქიტაშვილი: მიხარია, რომ საქართველო მრვიცას ტურში მოხვდა და ჩვენი ქვეყანა MAKSIM – The Collection-ით, მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცევა.

გაგიმხელთ მისი რაიდერის დეტალებს. კვების განყოფილებაში ეწერა კითხვის ნიშანი. პროდიუსერს ვკითხე, რატომ ეწერათ. მაქსიმს უთქვამს, მე შევისწავლე ამ ქვეყნის სტუმარმასპინძლობა და სამზარეულო და საქართველოში არ შეიძლება მიუთითო, რა დაგახვედრონ საჭმელად. ამიტომ ამ საკითხს ღიად ვტოვებ და მთლიანად მათ მივანდობო.

მთხოვა, ქართული მასწავლე, სცენიდან როგორ მივესალმო მაყურებელსო. ჩაწერა ვიდეო, გამარჯობა, საქართველო. სიურპრიზსაც ამზადებს. აი, როგორი დამოკიდებულება აქვს მას თავისი საქმისადმი და იმ ქვეყნისადმი, სადაც ჩადის.

ექსკლუზიურად გეტყვით, დიზაინერმა თათანაკამ სიურპრიზად შეუკერა ჩოხა. ეს მაქსიმმა არ იცის. საჩუქრად გადასცემენ. ისიც გვიმზადებს საჩუქარს. მაგრამ ჯერ ვერ გავაჟღერებ. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ისე საცოდავად იწვა საწოლში... უკანასკნელი კადრი გადავუღე" - ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს

„ილორამდე ფეხით ვიარეთ. წმინდა გიორგიმ მიგვაცილა ტაძრამდე. 23 ნოემბერი იყო... აფხაზეთის ომიდან ოთხივე ცოცხლები ჩამოვედით" - დღეს ომის ვეტერანების დღეა

ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით...“ - რას იხსენებს ნიკა ნიკვაშვილი ინგა ფერაძეზე