,,სისუსტეებს მხოლოდ სხვაში ებრძვიან და სხვის ნაკლზე ახსენდებათ ქრისტეს კანონები…" - რას წერს პეტრე კოლხი

მამა პეტრე

,,ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, სადაურიც არ უნდა იყოს, ადამიანის სიძულვილი, მოკვლის და განადგურების, წამების და ტანჯვის სურვილი ადამიანური არა, არაადამიანური, ცხოველური, მტაცებლური ინსტინქტია…", - ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

,,განსაკუთრებით ეს სივერაგე ჩვენ ქვეყანაში ე.წ. მრევლს, ყველაზე დიდი დოზით ახასიათებს.

იცავენ მარხვას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან თითქმის ყოველ კვირას, მაგრამ მანკიერებას, სისუსტეებს მხოლოდ სხვაში ებრძვიან და სხვის ნაკლზე ახსენდებათ ქრისტეს კანონები…

თუმცა არც მის მოძღვრებას იცნობენ… გაანალიზებული რომ ჰქონდეთ, რა არის ქრისტიანობის არსი, მაშინ მთავარი მცნება ეცოდინებოდათ, ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, გიყვარდეს მტერი შენი”…უკვე ამდენი მარაზმის მოთმენა უფრო დიდი მარაზმია…ქრისტეს წინაშე რომ წარდგებით, მერწმუნეთ, არასდროს იკითხავს, ვის დავუყენეთ სათვალთვალო კამერა და რამდენი ინფორმაცია მოვაგროვეთ სხვაზე…თუმცა არ, აღარ მიკვირს, რადგან ზოგი აღსარების პროცესშიც სხვის ცოდვებს ჰყვება, ვინ ვისთან დაწვა, ვინ რამდენი ჭამა, ვინ რამდენი დალია…

საკუთარ ნაკლოვანებაზე ვერაფერს იტყვის, ის ხომ თითქმის უცოდველია, ლოცულობს, მარხულობს, კელაპტრებს ანთებს… პავლე მოციქულის სიტყვებზე წარმოდგენა არ აქვს, რომ ,,რჯულის აღსრულება სიყვარულია”…კიდევ კარგი ჩვენ, ქრისტე და მაგდალინელი ერთ პერიოდში არ ვცხოვრობთ, თორემ ვინ მიუშვებდა ქრისტესთან, მაგდალინელთან ერთად ღმერთსაც ჩაქოლავდნენ, რას ჰქვია, მეძავს როგორ იკარებ ახლოსო… ჰმ, სად ჩვენ და სად ქრისტიანობა…2023 წელსაც, ძველ აღთქმაში გაგვეღვიძა, რადგან ათვლა მგონი ძვ. წ. აღ. დავიწყეთ…ჰოდა, ქრ. შ. მდე 2023 წელს, ადამიანები ჯერ კიდევ ერთმანეთს ჭამდნენ!..", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.