Exclusive: „ციფრით სამიანი და ოთხიანი... უფალი სამოთხის კარის გაღებისთვის მამზადებს“ - რა გაუმხილა იუბილარმა გიორგი გილიგაშვილმა „პრაიმტაიმს“

გიორგი გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილი იუბილარია. მას 34 წელი შეუსრულდა. განწყობაზე და გეგმებზე მსახიობი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

გიორგი გილიგაშვილი: ლეგენდარული განწყობა მაქვს. იმიტომ არა, რომ ოქროს ტახტრევანზე ვარ დაბრძანებული, ხელში სკიპტრა მიპყრია და თავზე გვირგვინი, ეს განწყობა თავად მოვიდა ჩემთან. 33 წლის შემდეგ, ქრისტეს ასაკის შემდეგ ციფრით სამიანი და ოთხიანი თითქოს, უფალი სამოთხის კარის გაღებისთვის მამზადებს. თითქოს, სამოთხის კარიბჭე იღება, განსაცდელების განცდის შემდეგ, როდესაც ღვთის სიყვარულით და თავმდაბლობით ადამიანი დაითმენს ამა თუ იმ განსაცდელს და არ შეუშინდება, უფალი მას კიდევ უფრო მეტს აძლევს. ოღონდ, ვისაც მეტი მიეცემა, მას მეტიც მოეთხოვება. არავინ არავისზე მეტი, მაგრამ არც არავინ არავისზე ნაკლები - ღვთის წინაშე ეს არის თანასწორობის ყველაზე ლაღი და საოცარი განსაზღვრება, რომ ყველანი თანასწორნი ვართ და არ არსებობს ვინმე წარჩინებული და ვინმე წარუჩინებელი. თუ გსურს მეფობა, მთელი ცხოვრება მსახურებაში უნდა იყო. მსახურებით დაიმკვიდრებ მეფობას, ანუ სასუფეველს.

მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ქრისტიანად, ქართული გენეტიკით, ამ საოცარ, ღვთისნაკურთხ მხარეში, დედამიწის გულად რომ მიმიჩნევია ჩემი ლამაზი სამშობლო კავკასიის ქედის გადასახედიდან, აქ დამბადა და ეს წამიერი წუთისოფელი მიწევს გავატარო ამ საოცარ ადამიანებში, რომელთა სიყვარული დაცხრომის საშუალებას არ მაძლევს, რომელთა ლოცვა იმდენად მახარებს და მაძლიერებს, რომ უკვე იმდენად ყეყეჩი და უტიფარი გავხდი-თქო, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ისე გადავდივარ გზად, რომ აღარც ვიყურები აქეთ-იქით, მჯერა, რომ მანქანა არ გამიტანს და არ გამისტუმრებს. 

- როგორ აპირებ ამ დღის აღნიშვნას?

- წუხელ, 12 საათი რომ შესრულდა, ერთ მშვენიერთან ერთად გახლდით. კარგად არ ვიცნობ, სახლამდე ვაცილებდი. აღმოჩნდა, რომ იმ მშვენიერთან შევხვდი დაბადების ღამეს. შემდეგ ჩემმა დებმა, ძმებმა, ოჯახის წევრებმა დამირეკეს, სანამ ტელეფონს გამოვრთავდი, ჩემმა ერთმა ძმაკაცმა დამირეკა, თურმანიძეა გვარად. ისეთი ტკიბილი კაცია, თურმანიძის მალამო რომ არის, ყველაფრის მანკურნებელი, ზუსტად ასეთია. შემდეგ ტელეფონი გავთიშე. მინდოდა გამეაზრებინა, რომ სამი და ოთხი, ეს სამოთხის ციფრები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მსურდა, ჩემი თავის შორიდან დანახვა. სხვათა შორის, წუხელ ძალიან დიდი მთვარე იყო. შემდეგ ჩემმა დამ მითხრა, მთვარის დაბნელება იყოო. დაბნელება კი არა, მე ვფიქრობ, მთვარის დაბადება იყო, მზესავით ანათებდა. 

ერთი ბოთლი ღვინო შევიძინე, რამდენი მოგართვათ მეთქი რომ ვკითხე, 33,30 ლარიო. ანუ 34-ში გარდამავალი თანხა მითხრა. მსგავსი ნიშნების არ მჯერა, მაგრამ ამან გამაღიმა. ბოთლი ღვინო ავიღე და თბილისის ცასთან და მთვარესთან ერთად გავმარტოვდი. ღამე ფიქრში გავათენე, დილით მზის ამოსვლის პირველი სხივებიც ვიჩუქე.

დილით საწოლის თავზე დედაჩემის წერილი დამხვდა ლექსად დაწერილი, ზედ ყვითელი, მზისფერი ბუშტი. საოცარი განცდაა, როცა დედა შვილს ლექსს გიწერს. შემდეგ ჩემმა დამ მახარა, დედა თეკლას მიერ აჭარიდან გამოგზავნილი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ჩემთვის დაწერა. 

- გიორგი, დედის მოძღვნილი ლექსი წაგვიკითხეთ

- წერილი შვილს (დედას გოგიას) დაბადების დღეს გილოცავ.

„შენ დაიბადე გამთენიისას, იყო ნათელი, ბნელი კი არა...

დაგინახე და მზე ამოვიდა, ყველა ტკივილმა გადაიარა.

იყო სიმღერა, იყო სიკეთე, ბოროტება შური კი არა.

სამშობლოსა და მოყვასის დარდმა, შენ დაგიტოვა მძიმე იარა.

ჩვენ სევდიანი დღეები გვედგა, მაგრამ ილოცა ერმა მთლიანად,

იყო იმედი, რწმენა, ღვთის მადლი, ღიმილი იყო, ცრემლი კი არა...

დღეს კი შენა ხარ დედას გოგიავ, ჩემი სიცოცხლის წყარო კრიალა

და ეს სიცოცხლე მე შენთვის მინდა, მე შენთვის მინდა, ჩემთვის კი არა...

პ.ს: ამ სიყვარულმა არ შეგაშინოს, ლამაზ ასულო თვალებბრდღრვიალა

სად ხარ, გამოჩნდი, ეს ჩემი ბიჭი, შენი იქნება, ჩემი კი არა!“


- ვინ არის მანდილოსანი რომელზეც მოგვიყევი... ის არის, ვისაც ამდენ ხანს ელოდი?

- არ ვიცი არავინ, ვინ ვინ არის... უბრალოდ უფლის ნებით მოხდა ასე.. ეს ულამაზესი გოგონა რაღაცნაირად იმ დროს ჩემს გვერდით აღმოჩნდა. მესამედ ვნახე უკვე, საქმიანად. იმდენად სუფთა სულის მშვენიერია, რომ ძალიან გამიხარდა მასთან ერთად რომ აღმოვჩნდი ჩემს დაბადების ღამეს, მადლობა აქედან მას. არ მინდა უხერხულად იგრძნოს თავი, ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ.

- და ბოლოს, როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- აგვისტოს შუა რიცხვებში მიწევს ჩაფრენა, რომ გადავამოწმოთ, რეაბილიტაციის პროცესი როგორ მიდის. მეტასტაზები ბოლომდე გაქრნენ, თუ ერთი რადიაქტიური პროცედურა კიდევ დაგვრჩა. მე საოცრად ჯანმრთელად ვგრძნობ შინაგან ჩემს თავს, ეს შეგრძნებები სულ ამართლებს, რადგან საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად ვიცნობ. არა მგონია კიდევ იყვნენ „ჭინკები“ დარჩენილები, მაგრამ თუ იქნებიან, არც მაგათთან ომს შევუშინდები. 

სხვა სიახლეები