21 სექტემბერი ღვთისმშობლობაა - პატრიარქის კურთხევით, ამ ლოცვას ვკითხულობთ...

deda gvtisa

დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას ზეიმობს;

ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

გავიხსენოთ შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
და მარადის ქალწულისა მარიამისა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი;

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).

დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

წმინდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.

ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.

იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.

მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.

როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, - სიხარულით გალობდა წმინდა ანა.

როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“.

ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

 

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.

როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

 

პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 21 სექტემბერს 12 საათზე ყველა ქართველმა უნდა აანთოს სანთელი და სამჯერ წარმოთქვას ეს ლოცვა:

"მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ. არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ."

ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ოჯახებს, ამინ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი

"ეს რატომ თქვა? კიდევ არის რაიმე გაუმხელელი და გამჟღავნდება?" - რა დაუბარა მამა გაბრიელმა თავის სულიერ შვილს

"შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი