მინდა ვიყო ბოლო ბავშვი, რომელიც ასეთი შემზარავი ადამიანის წინაშე მარტო დარჩა - პედოფილის მსხვერპლი მოზარდი

ძალადობის მსხვერპლი ბიჭი

ბიჭი უმძიმესი ისტორიით - არასრულწლოვანი, პირობითი სახელით, ალექსი ციხიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. 15-წლიანი სასჯელის მოლოდინი, დაკავებიდან 3 თვეში, თავისუფლებამ შეცვალა.

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება - პროკურატურა პედოფილის მსხვერპლს ახლა ამას ედავება.

ალექსის მძიმე ისტორია გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში, სამი თვის წინ დაიწყო.

აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა 50 წლის ხელოსანმა კაცმა ამ სოფელში დამხმარეებად არასრულწლოვანი ბიჭები დაასაქმა, მათ შორის - ალექსის პატარა ძმა. 5 ივნისს, სარემონტო სამუშაოებზე მასთან ალექსი სწორედ ძმის ნაცვლად წავიდა. დამსაქმებელი კაცი პირველად ამ დღეს ნახა. დღის ბოლოს, უფროსმა არასრულწლოვანი რესტორანში დაპატიჟა და ალკოჰოლი შესთავაზა. შემდეგ კი, სახლში გოგონების აყვანას და გართობას დაჰპირდა. ნასვამი ბავშვი შემზარავი რეალობის წინაშე აღმოჩნდა...

პოლიციამ არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინეს. ბავშვმა მომხდარი დეტალურად მოყვა. სიმართლე ბევრმა დაიჯერა, თუმცა მტკიცებულებებით გამყარებას საჭირო გახდა.

არასრულწლოვანი ბიჭის უდანაშაულობაში, მისი დაკავების დღიდან, დარწმუნებული იყო სკოლა - პედაგოგები, რომლებსაც ალექსი განსაკუთრებულად უყვართ. ორშაბათს სკოლაში ელოდებიან და ამბობენ, რომ მძიმე წარსულის დავიწყებაში დაეხმარებიან.

არასრულწლოვანმა "კურიერი P.S-თან" ინტერვიუ თავად ისურვა. ოჯახისა და ადვოკატის თანდასწრებით, მოგვიყვა ისტორია, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

მოზარდი განმარტავს, რომ ჩვენთან შეხვედრის და საჯარო საუბრის მთავარი მიზანი სხვა ბავშვების გაფრთხილება იყო.

ახლა ჯერი რუსთავის სასამართლოზეა. თავად კი აპირებს, რომ მომხდარი დაივიწყოს, კარგი განათლება მიიღოს. გეოგრაფიის მასწავლებლობა სურდა - პატიმრობამ ახალ პროფესიაზე დააფიქრა - იურისტობა და სხვისი უფლებების დაცვა სურს.