"პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი

patriarqi

ყველასთვის საყვარელი ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე პატრიარქზე გვიამბობს ისტორიას, თუ როგორ იცნო მგლის ლეკვმა ჩვენი სულიერი წინამძღვრის მომნუსხველი ხმა თვეების შემდეგ და მადლიან ხელებზე ლოკვა როგორ დაუწყო...

ეთერო "პრაიმტაიმთან" იხსენებს;

ეთერ თათარაიძე: ისეთი სიყვარული და იმდენი სითბო და სიტკბო მიგვიღია პატრიარქისგან, რომელსაც არც ვიმსახურებთ. ის მართლა სითბოსა და სიტკბოსთვის არის ამ ქვეყანაზე გაჩენილი. ვერც დავიჯერებ გაჯავრება, ან ხმამაღლა რამის თქმა თუ შეუძლია. ეს არ შემიძლია წარმოვიდგინო. რაც უფალს მასთან ყოფნის ბედნიერი საათები და წუთები მოუცია, მხოლოდ სიმშვიდის და იმედის მოცემი ყოფილა ჩემთვის. როგორც მთის ქალი, მე მასში ყველა იმ ღირსებას ვხედავ, რაც მთის კაცს შეიძლება ჰქონდეს.

მაქვს მისადმი მიძღვნილი საკმაო რაოდენობის ლექსები. ერთადერთხელ გავბედე და ხმამაღლა წავუკითხე ერთი ლექსი, საპატრიარქოში ღამის ლოცვაზე მისულმა. რაღაც ჩანაწერი ვნახე. თორემ აღარც მახსოვდა, ასე რომ "ვითავხედე..." ტაში დაუკრა. გულში ჩაკონება იცის სხვანაირად.

მართლა მამასავით მისანდობელი, სულისმიერი ადამიანია. ჩვენი ხალხის სიბრძნესთან ვათანაბრებ.

საქართველოს არც ერთი პატრიარქი არ იყო თუშეთის და ხევსურეთის მიწაზე ნამყოფი. და უფალმა მოგვცა ამის წყალობა და როდესაც ჩვენმა სათაყვანებელმა პატრიარქმა პირველად დაადგა ფეხი იქ, ჩვენ ვახლდით. ვერტმფრენით ჩავფრინდით, სამი დღე იქ გავატარეთ.

ომალოში რომ ჩავფრინდით, მოიტანეს ამბავი, რომ დილით ერთ-ერთ ოჯახში აფორიაქებული შველი შევარდნილა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარაო, გვიყვებოდნენ. და სწორედ იმ დღეს ჩაფრინდა იმ მიწაზე უწმინდესი.

ეკლესიამდე მიმავალ გზაზე, მთელმა თუშეთმა მინდორში დაკრეფილი ალპური გვირილების და ყაყაჩოების ბილიკი დაუფინა პატრიარქს. მაშინ ბრძანა უწმინდესმა, მე რომ შემეძლოს ჩემს გულს თუშეთში დავტოვებდი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ვუყოო?

მე ვფიქრობ, რომ ის სულ ჯანმრთელად არის. არ შემიძლია ვიფიქრო, რომ მას რაიმე სტკივა. გონებაში ასეთ რამეს არ ვუშვებ. სულ რაღაც ღვთაებრივი სიბრძნით აღმოჩნდება ბოლოს, რომ რამე გადაწყვიტა. რომ გგონია, როგორი დაღლილიაო, ზუსტად მაშინ მიეცემა უდიდესი ღვთიური ძალა და მაშინ გადავრჩებით ხოლმე.

მე მჯერა მისი ხილვების და სიზმრების. ვარ ძალიან მშვიდად, მყუდროდ ამ ქვეყნად იმიტომ, რომ ამდენი ტკივილისა და განცდის მიუხედავად მჯერა, რომ ის გამოსავალს ყოველთვის იპოვის. მისგან იმდენ რამეს ვარ მოსწრებული, რომ ამის მჯერა.

ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.

ერთხელ მე და ამირანს გვიამბო მგლის ამბავი (ალბათ, ბევრ სხვასაც).

სნოდან მისმა დეიდაშვილმა, უკვე ცხონებულმა იორამ ღუდუშაურმა მგლის ლეკვი ჩამოუყვანა საჩუქრად და საპატრიარქოში დაუტოვა. პატრიარქი ჰყვება, ვერც ის ვუთხარი, რატომ ჩამომიყვანეო, რახან საჩუქარი იყოო. და მთელი ზამთარი ეფერებოდა თურმე, უვლიდა ამ მგლის ლეკვს. რაც მთავარია, ეს დატყვევებული მგლის ლეკვი ეცოდებოდა.

გაზაფხულზე ახლობლებს თხოვა, მგელი უკან წაეყვანათ და დეიდაშვილთან დააბარა, სთხოვეთ იორამს ეს ლეკვი ბუნებაში გაუშვასო. ერთხელაც, როდესაც სნოში აბრძანდა პატრიარქი, იორამის სახლთან გაუვლია და დაუნახავს, ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ბადესთან ახლოს და დაველაპარაკე: შენ ისევ აქ ჰყავხარ, ამდენი ხანი არ გაგიშვა, ისევ ტყვეობაში ხარ-მეთქი? და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეში; მომიახლოვდაო და თითებზე ლოკვა დამიწყოო. ეტყობა, ხმა და მადლი ჰქონდა ჩარჩენილი. მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...

მე მინდა მის ღვაწლს სწორად ვხედავდეთ. რამდენი უნდა გამოგვასწოროს?! ერთ ადამიანს ვერ ზრდის მთელი ოჯახი და ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ჯაფა, რამხელა სულიერი წონასწორობა, ძალისხმევა სჭირდება ქვეყნის სულიერ გამოსწორებას?!..

მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს ვესწრები, როდესაც უწმინდესი 90 წლისაა...

მისი ლოცვითა და ვედრებით სულ მშვიდობა და ბედნიერება იყოს ჩვენს ქვეყანაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე

"ჩემი თავის ქალი ვარ, ვაფასებ სიცოცხლეს; ვცეკვავ, გურმანი ვარ; გადასარევი მეხსიერება მაქვს" - 90 წლის ლამარა ვაშაკიძე ასაკის საიდუმლოებაზე

"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც "ოსკარზე" გაიგზავნა

"ლატვიელი ბრეგვაძე" - "ლაიმაზე მართლა ასე დაწერეს? მე კიდევ  ძალიან მომწონს ვაიკულეს გემოვნება, დახვეწილია" - ნანი ლაიმასთან დუეტზე