რუსული მედია – ბიულეტენების 18,85 პროცენტის დათვლის შემდეგ, „ერთიანი რუსეთი“ ხმათა 57,10 პროცენტით ლიდერობს

ერთიანი რუსეთი

რუსული მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა.

რუსეთის ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ბიულეტენების 18,85%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის მმართველმა პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 57,10% მიიღო. როგორც მედია წერს, ეს მაჩვენებელი აღემატება „ერთიანი რუსეთის“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ 49,8%-ს.

ამჟამად არსებული მონაცემებით, ხმების 13,98%-ით მეორე ადგილს იკავებს „კომუნისტური პარტია“. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 9,33% მიიღო, „ახალმა ხალხმა“ – 7,98%, ხოლო „სამართლიანმა რუსეთმა“ – 5,11%.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.

ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარს პროპორციული წესით, დანარჩენს კი, ერთმანდატიანი ოლქებიდან ირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.