Exclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა

deda matrona

წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებულ ამ ისტორიას, "პრაიმტაიმთან", მუსიკოსი და მედავითნე - გოჩა ჭაბუკაიძე პირველად ჰყვება... მას მორწმუნენი მიმართავენ სხვადასხვა პრობლემის დროს, მათ შორის, როცა სამსახურში ხელმოცარულნი არიან, ავადმყოფობენ, სწავლასთან დაკავშირებული ან ყოფითი პრობლემები აქვთ...

ბატონ გოჩას ქართველი საზოგადოება მეგა შოუ "ნიჭიერიდან" იცნობს. არის მუსიკოსი, აქვს საკუთარი კომპოზიციები, მღერის, დაწერილი აქვს ლოცვები, გადაღებულია ფილმებში. გახლავთ მედავითნე.

გოჩა ჭაბუკაიძე: ამ უძლიერეს წმინდანს ნათქვამი აქვს, შეგიძლიათ თხოვნით მოხვიდეთ ჩემთან, მე ცოცხალი ვარ და გისმენთო. მოგიყვებით მასთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელმაც ჩემში მისადმი რწმენა გააღვიძა და სასწაულს, რომელიც დედა მატრონამ მომივლინა. 

90-იან წლებში, როდესაც რუსეთში ქართველებს მასობრივად აპატიმრებდნენ, მეც მათ შორის აღმოვჩნდი. მოსკოვში ერთ რესტორანში მუსიკოსად ვმუშაობდი. მაგრამ მეპატრონეს გაფრთხილებული ვყავდი, რომ არსად მეთქვა, ვისთან და სად ვმუშაობდი. რახან ქართველი ვიყავი, პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა, ასე გამაფრთხილა.

მოკლედ, ქუჩაში საბუთები რომ ნახეს და ქართველი ვიყავი, დამიჭირეს და ციხეში მიკრეს თავის. მე და ჩემთან ერთად დაკავებული მეორე ქართველი, გაგვჩხრიკეს, ერთი ჯიბიდან ლოცვანი ამომიღეს, მეორიდან სანთლები... შენ აქ რა გინდაო, ამ ყველაფრის შემხვედვარე დარაჯმა მკითხა...

საკანში დავანთე სანთელი. მოვიდა მორიგე ოფიცერი იყო თუ რა ჩინი ჰქონდა, რა მნიშვნელობა აქვს და მკაცრად მიბრძანა, ჩააქრე სანთელიო! ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. მეორე ქართველი ეუბნება, შენ არ იცი, ახლა ვის ესაუბრები ამ ტონითო, ჩემზე უთხრა. მე დავემორჩილე და ის თანამესაკნეც გავაჩუმე. 

მკითხეს აქ რას აკეთებო, მე რესტორანს ვერ ვასახელებდი ამიტომ მოვიტყუე, დისკი მაქვს და ამის რეალიზება მინდა-მეთქი. მოისმინეს ჩემი კომპოზიციები, ჩემს მიმართ დადებითად განეწყვნენ, გადაიწერეს კიდეც და პოზიტიურად მესაუბრებოდნენ.

ისე ეწყობოდა, რომ თითქოს უფლის უხილავი ხელი მმართავდა ყველგან. მტერიც შინაური ხდებოდა ჩემთვის. რახან მე აღარაფერი მქონდა, საკონტაქტოდ მეგობრის ტელეფონის ნომერი გამომართვეს.

საღამოს მოვიდა ის კაცი, ვინც სანთელი ჩამაქრობინა, გვერდით გამიხმო, სინანულით მესაუბრა, ლამის დამიჩოქა, მაპატიე, მე მაიძულეს, რომ ასე მოგქცეოდით, თუმცა მე თქვენი მორჩილება მომეწონაო. მოკლედ, დავანთე ჩემი სანთლები და ბოლო სანთელი რომ ჩაიწვა, მე ციხედან გამათავისუფლეს. 

გამოვედი და საქართველოში უნდა დავბრუნდე, მაგრამ როგორ? არ ვიცი. არ მაქვს საბუთები. გამახსენდა წმინდა დედა მატრონა, მივალ და ჩემს სათხოვარს ვეტყვი-მეთქი. 

წმინდანის საფლავი მოსკოვშია, მაგრამ იმდენი წმინდანის საფლავია და იმხელა სასაფლაოებია, ასე უკითხავად მიგნება, ძალიან რთულია. არავისთვის არაფერი მიკითხავს, თუ საჭიროა, ჩემით ვიპოვი-მეთქი, გავიფიქრე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი. გასასვლელში გაჭირვებული ადამიანი შემხვდა, მოწყალება გავიღე და ის იყო, ტრანსპორტში უნდა ავიდე, რომ ზურგში მომაძახა, რა ქენი იპოვე დედა მატრონას საფლავიო? გავშეში, გავგიჟდი, მოვბრუნდი... უცნაური გრძნობა დამეუფლა.

აი, რატომ არავის ვკითხე, უფალს თუ უნდოდა, მე საფლავზე მოვხვდებოდი... საფლავზე მიმიყვანა ამ კაცმა. ვხედავ, იკრიბება ხალხი და პარაკლისი უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა. მივედი თუ არა, მღვდელმა დაიწყო - "კურთხეულ არს, ღმერთი ჩვენი..." - ლოცვის აღვლენა. დიდება უფალს. ხელში მიჭირავს სანთელი და ერთი სული მაქვს, როდის მივაღწევ დედა მატრონას საფლავამდე. მივედი, ვემთხვიე და მხოლოდ ეს ვუთხარი - "შენ იცი, რაც მე მჭირდება-მეთქი" და გამოვბრუნდი.

ორ-სამ დღეში მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა, მიხვალ ამ მისამართზე და იქ იციან, როგორ უნდა მოგექცნენო. საქართველოში დაბრუნება მაშინ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მივედი, შემიყვანეს მოსამართლესთან. მან მკითხა, რატომ აქამდე არ გააკეთე- საბუთებიო?  ვიზას ვადა გაუვიდა და ყალბი საბუთი არ გავაკეთე-მეთქი. არ გატყუებ, ასე იყო-მეთქი. არ ვიცი, მოეწონა ჩემი სიტყვა თუ რა იყო, ხელი მოაწერა საბუთზე, რომელიც საქართველოში დაბრუნებაში დამეხმარებოდა. და ძალიან მიზერულ თანხაში დავბრუნდი. აი, ეს იყო ჩემი ლოცვის და დედა მატრონას მოწყალების შედეგი. 

დედა მატრონასადმი ჩემი რწმენა კი უკავშირდება წმინდანის ამ ისტორიას. ერთი კაცი შორეულ საპყრობილეში ჰყავდათ დაპატიმრებული. სასოწარკვეთაში მყოფს მეგობარმა უთხრა, მე ვიცი, შენ ვინც გიშველის. მაგრამ აქედან შორსააო. იმ დროს ცოცხალი იყო დედა მატრონა... მოკლედ, მეგობარმა ურჩია: გასეირნებაზე რომ გაგიყვანენ, რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩი სხვებს და სამჯერ ეცი თაყვანი წმინდა მატრონას, თან თქვი, დედა მატრონა, მიშველე და დამეხმარეო. ასეც მოიქცა. და სასწაულიც მოხდა! ერთი კვირის თავზე მთელი ამ ციხის მმართველობა იცვლება, მოდიან სულ სხვები, გადახედეს ყველას საქმეს და ეს კაცი ციხიდან გაათავისუფლეს!

ეს კაცი მიდის, რომ ნახოს და მადლობა გადაუხადოს დედა მატრონას. მივიდა იმ სახლამდე და ხედავს, კარი ღიაა. შედგა ფეხი ზღურბლზე და ესმის წმინდანის ხმა, მობრძანდით თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ! შევიდა, ნახა უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს. (ისეთი სიხშირით იწერდა პირჯვარს შუბლზე ღარი ჰქონია გაჩენილი...)

თქვენ მე მიცნობთ?- ჰკითხა ამ კაცმა. როგორ არა, გამოგიშვეს ციხიდანო? დიახ, მაგრამ რატომ მომმართეთ ასე?.. დედა მატრონამ დაასახელა რომელიღაც კონკრეტული ოლქი და ეპარქია და აი, მის ყოვლად უსამღვდელოესობას ვესაუბრები ახლაო, უთხრა. მაგრამ სანამ ცოცხალი  ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვე, როცა გახდები ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ თქვიო. ასეც მოხდა, ბუნებრივია და შემდეგ მან გაამჟღავნა ეს ისტორია...

გავლენა ჩემზე სწორედ ამ ისტორიამ  მოახდინა. მისი ვირწმუნე. დიდი და ძლიერი წმინდანია. შესთხოვ და გისმენს... მე მისი მოძღვრებიდან დამამახსოვრდა ეს: ყველა ცხვარი კაუჭზე თავისი პატარა კუდით არის ჩამოკიდებული. ცხვარში ადამიანი იგულისხმა. ყველას თავისი კუდი სტკივა, თავისას განიცდის, ანუ ერთსა და იმავეს და ვინ მოგცათ სხვისი განკითხვის უფლებაო? გაქვს მაგის დრო სხვა განიკითხოო? - მიმართავს ქრისტიანებს...

 

Exclusive: ,,სიკვდილი არ არის, არის გარდაცვალება..." - ხუთი წლის წინ გარდაცვლილი მუსიკოსის დედის ინტერვიუ

„ჭკუაზე არ იყო ჯინო! რვაწლიანი პატიმრობა ორი წლით შეუცვალეს“ - სასწაულები, რომლის შემდეგ იტალიელმა ვაჟს გაბრიელი დაარქვა

"ტაძარში თეატრი გაგიგონია, შენ?..." - რა უწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა "მეტეხის თეატრის" მსახიობებს

"ლოცვისთვის შევყოვნდი... და ის მინივენი ავარიაში მოჰყვა..." - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელის ამ ხატს უკავშირდება

„ხანდაზმულების მონაზვნად აღკვეცა მალე ხდება. თმაგაშლილს, თეთრი პერანგით გაწვენენ და...“ - 76 წლის დედა ნატალია