მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო: 10 წლის წინ გაუჩინარებული, 239-მგზავრიანი ბოინგის ძებნა განახლებულია

ბოინგი

ათი წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც Malaysia Airlines-ის სამგზავრო რეისი MH370 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა. დღემდე ის რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საავიაციო საიდუმლოდ.

წარმოუდგენელია, რომ თანამედროვე Boeing 777-200ER, ბორტზე 239 ადამიანით, უბრალოდ ქრება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. გასული ათწლეულის განმავლობაში მრავალრიცხოვანმა ძებნამ ვერ მოიტანა შედეგი და  არც ნამსხვრევები უპოვიათ და არც დაღუპულთა ცხედრები.

ცოტა ხნის წინ გამართულ ღონისძიებაზე მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა გამოაცხადა სამძებრო სამუშაოების განახლება.

კვლევას ჩაატარებს აშშ-ში დაფუძნებული ზღვის ფსკერის შემსწავლელი კომპანია Ocean Infinity, რომლის ძალისხმევა 2018 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა.

რა დაემართა MH370-ს?
რეისი კუალა ლუმპურიდან პეკინში უნდა გაფრენილიყო. საჰაერო მოძრაობის კონტროლმა დაკარგა კონტაქტი თვითმფრინავთან სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ფრენიდან 60 წუთის შემდეგ.

შემდგომში ის სამხედრო რადარმა დააფიქსირა მალაკას ნახევარკუნძულის გადაკვეთისას და ბოლოს რადარმა დააფიქსირა ანდამანის ზღვაზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
მოგვიანებით, ავტომატურმა სატელიტურმა კომუნიკაციამ თვითმფრინავსა და ბრიტანული კომპანია Inmarsat-ის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრს შორის აჩვენა, რომ თვითმფრინავი იმყოფებოდა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 
სწორედ ამიტომ, პირველადი საჰაერო ჩხრეკა ჩატარდა სამხრეთ ჩინეთისა და ანდამანის ზღვებში.

დღემდე არ ვიცით, რამ გამოიწვია თვითმფრინავის კურსის შეცვლა და გაუჩინარება.

რა შედეგი მოჰყვა ძიებებს MH370-ზე აქამდე?
2014 წლის 18 მარტს, MH370-ის გაქრობიდან ათი დღის შემდეგ, ავსტრალიამ ჩაატარა ძებნა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, რომელშიც მონაწილეობდნენ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული თვითმფრინავები. ძებნა გაგრძელდა 28 აპრილამდე და მოიცავდა ოკეანის 4 500 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობს. ნამსხვრევები არ აღმოჩნდა.
ორმა წყალქვეშა ჩხრეკამ ინდოეთის ოკეანეში, დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროდან 2800 კმ-ში, ასევე ვერ იპოვა ავარიის მთავარი ადგილის რაიმე მტკიცებულება.

ავსტრალიის ფსკერის თავდაპირველმა ძებნამ 120 000 კვადრატული კილომეტრი მოიცვა და მე-7 რკალის გასწვრივ 50 საზღვაო მილი გაგრძელდა. მას 1046 დღე დასჭირდა და 2017 წლის 17 იანვარს შეჩერდა.

Ocean Infinity-ის მეორე ძებნა 2018 წელს მოიცავდა 112 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს. ის მხოლოდ სამ თვეში დასრულდა, მაგრამ ნამსხვრევები ვერ იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ავარიის მთავარი ადგილი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, თვითმფრინავის გაუჩინარების შემდეგ რამდენიმე ნამსხვრევი ნაპირზე გამოირიყა.

2015 წლის 30 ივლისს ნამსხვრევის დიდი ნაწილი - ფლაპერონი (თვითმფრინავის ფრთის მოძრავი ნაწილი) - გამოირიყა კუნძულ რეუნიონზე, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ის ეკუთვნის MH370-ს.

დღემდე, ეს ნამსხვრევები, ნაპოვნი დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში, არის ერთადერთი ფიზიკური მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია MH370-თან.

რატომ გახდა საჭირო ახლა MH370-ის ახალი ძიების დაწყება?

სამწუხაროდ, ოკეანე ქაოსური ადგილია და ოკეანოგრაფიული დრიფტის მოდელებიც კი ვერ განსაზღვრავენ ნამსხვრევების ზუსტ ადგილს.

შემოთავაზებულმა ახალმა Ocean Infinity ძიებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სამიზნე არეალი. თუ ძიებამ ნამსხვრევები ვერ იპოვა, ის შეიძლება ჩრდილოეთით გაფართოვდეს.

პირველი წყალქვეშა ძიების შემდეგ, ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. Ocean Infinity იყენებს ავტონომიური წყალქვეშა მანქანების ფლოტს გაძლიერებული გარჩევადობით. შემოთავაზებული ძებნა ასევე გამოიყენებს დისტანციურად მართულ ზედაპირულ ხომალდებს.

იმ ტერიტორიაზე, სადაც სამძებრო სამუშაოები ჩატარდება, ოკეანის სიღრმე დაახლოებით 4 000 მეტრია. წყლის ტემპერატურა 1–2°C, დინებები სუსტია. ეს ნიშნავს, რომ ათი წლის შემდეგაც კი, ნამსხვრევების ველი შედარებით ხელუხლებელი იქნება.

აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა იმისა, რომ ნამსხვრევები მაინც იპოვონ. თუ სამომავლო ჩხრეკა წარმატებული იქნება, ეს მშვიდობას მოუტანს არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებს, არამედ ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამძებრო სამუშაოებში. - წერს უცხოური მედია.