მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე - არის მსხვერპლი
1738738190
ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი ის 8 პირი, რომელსაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაში ადანაშაულებენ.
მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი. დაკავებულები, გვიან ღამით, ადვოკატებმა მოინახულეს. მათი განმარტებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დაკავებულებმა სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვიეს.
"ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი, უკანონო ბრალდება. დაკავების ოქმი გაფორმდა. ეს, თავისთავად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ნიშნავს, თუმცა ბრალდების დადგენილება არ ყოფილა. გიგი უგულავა არის ძალიან მხნედ. ბუნებრივია, მას ამ დაჭერით ვერ შეაშინებენ", - ამბობს გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია.
დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.
"სასამართლო სხდომაზე ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვინაიდან დიმიტრი ბიძინაშვილს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინაიდან, არც კი მომეცა საშუალება გამოძიებას შევხვედროდი. არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დაცვის მხარე ვერ მოასწრებს მტკიცებულებების წარდგენას. ყველა ვიდეოს წარვადგენთ და ყველა მოწმეს გამოვკითხავთ", - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
ცნობისთვის, სულ სამართალდამცველებმა 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციის დროს 31 პირი აიყვანეს, რამდენიმე მათგანი ხელწერილით მალევე გათავისუფლდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 8 ადამიანს ბრალდება შეეცვალა და გამოძიება მათ ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.