1739342153
ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი გრძელდება, რომელზეც უკრაინის საკითხზეც მსჯელობენ
![nato nato](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111987/nato_w_h.jpeg)
ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გრძელდება. სხვა საკითხებთან ერთად, ალიანსის თავდაცვის მინისტრები უკრაინის თემაზეც მსჯელობენ.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ იონსონმა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში წევრობა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
„რამდენადაც მესმის, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ამტკიცებენ, რომ ნატო-ს წევრობა არ უნდა იყოს ამ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი. მე ვერ ვხედავ, რომ ნატო-ს წევრობა მოიხსნა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მაგიდიდან. ჩვენი პოზიცია კარგად ცნობილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რაც ვაშინგტონის სამიტზე ითქვა, რომ უკრაინის მომავალი არის ნატო-ში, როდესაც ის, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს პირობებს“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მინისტერიალის დაწყებამდე ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ევროპა უნდა იყოს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ნაწილი.
„ევროპა უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების ნაწილი. ეს საერთოდ არ არის სადავო, რადგან ევროპამ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ევროპა დებს ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვაში და ევროპა მონაწილეობს უკრაინის აღდგენაში ევროკავშირის ფულით, ჩვენი ორმხრივი დახმარებით და ა.შ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ. ამასთან დაკავშირებით კითხვა არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მშვიდობა არ იქნება გრძელვადიანი“, – თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა გაიმართოს უკრაინის გარეშე.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი რჩება საფრთხედ უკრაინის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ჩემი გზავნილი ამ დისკუსიებში არის ის, რომ მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ უკრაინის გარშე ვერ იქნება და უკრაინის ხმა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკებების ცენტრში“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ.