1744060563
ბრიტანეთის პრემიერი: ამერიკული ტარიფების გლობალური შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გამოწვევაა, მაგრამ ამ მომენტში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო.
სტარმერმა დასძინა, რომ სავაჭრო ომის გაჩაღებით ვერავინ მოიგებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა „გადაუდებელი მოქმედებების დროა“.
„არავინ თავს არ იტყუებს, რომ ტარიფები კარგი ამბავია - ეს თქვენ ყველაზე კარგად იცით. ავტომობილების ექსპორტზე 25%-იანი და სხვა საქონელზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი ჩვენი მომავლისთვის უდიდესი გამოწვევაა. და გლობალური ეკონომიკური შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს“, - აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს და ვიბრძოლებთ აშშ-თან უკეთესი შეთანხმებისთვის. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს ძირითად პარტნიორებთან, რათა შევამციროთ სავაჭრო ბარიერები მთელ მსოფლიოში, დავაჩქაროთ სავაჭრო შეთანხმებების დადება დანარჩენ მსოფლიოსთან და დავიცვათ თავისუფალი და ღია ვაჭრობის იდეა მთელ მსოფლიოში“, - დასძინა მან.