"ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ პასუხისგება დანაშაულზე" - ირაკლი ზარქუა ირაკლი ოქრუაშვილზე

ირაკლი ზარქუა

პროკურატურის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის წარდგენილ ბრალს, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, ადამიანებს, რომლის დანაშაულებსაც გამოკვეთს დროებითი საგამოძიებო კომისია, ადრე თუ გვიან, პასუხისგება მოუწევთ.

"მართალი კაცი მოვა. დასამალი რომ გაქვს, მაშინ იმალები და ცდილობ, თავი აარიდო. ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ პასუხისგება დანაშაულზე, თუ აქვთ ჩადენილი. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რაც მოხდა 2008 წელს, პუტინის დავალებით როგორ მოქმედებდნენ ქართველების წინააღმდეგ, აქაური ნეობოლშევიკები. მას მოუწევს პასუხისგება. ჯერ სასამართლოში გამოცხადდეს და შემდეგ, როცა საბოლოო დასკვნას დადებს კომისია, სასამართლო იმსჯელებს რა და როგორ. თუ მართლები ხართ გამოდით და გულახდილად ილაპარაკეთ, მაინც არ დაიმალება, გამორიცხულია, ვერავინ ვერაფერს დამალავს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წაუყენა. საუბარია 349-ე მუხლზე, რაც "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, ან პატიმრობას ერთ წლამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარა, თუმცა მან პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ინფორმაცია პროკურატურას გადაეცა და გამოძიება დაიწყო.