გახანგრძლივებული მაგნიტური ქარიშხალი კვლავ დაფარავს დედამიწას
1744049852
ერთ-ერთ ტაძარში მღვდლის გარდაცვალების გამო მისი ადგილი სხვა მღვდელმსახურმა დაიკავა, მაგრამ, მრევლის საუბედუროდ, ახალდანიშნული მღვდელიც, პირველივე მსახურების შემდგომ, რამდენიმე დღეში აღესრულა...
ტაძრის წინამძღვრად ახალი მოძღვარი დაინიშნა, რომელიც ტაძარში მივიდა, გარდაცვლილი მოძღვრის საქმეები გადაიბარა და პირველსავე კვირას ტაძარში საღმრთო ლიტურგიის ჩასატარებლად მოემზადა.
როგორც კი საკურთხეველში შევიდა, შიშის ზარმა შეიპყრო: - სამეუფო ტახტის ახლოს მისთვის უცნობი, სრული საწინამძღვრო სამოსით მორთული მღვდელი იდგა, რომელსაც ხელ-ფეხი რკინის დიდი ბორკილებით ჰქონდა გადაჯაჭვული...
უაღრესად დაბნეულმა მოძღვარმა როგორღაც გონება მოიკრიბა, სულით განმტკიცდა და ღვთისმსახურება ისე დაიწყო, ვითომც არაფერი მომხდარიყო...
როგორც კი წირვა დასრულდა, მოძღვრის გასაოცრად, მოჩვენება უხილავ იქმნა... საგონებელში ჩავარდნილი მღვდელი მიხვდა, რომ გამოცხადებული ღვთისმსახური ცოცხალთა შორის აღარ ეწერა, მაგრამ იმას კი ვეღარ მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავდა ასეთი საშინელი სახით გამოცხადება... ერთი რამ კი შენიშნა, რომ უცნაური მოჩვენება მთელი ლიტურგიის განმავლობაში მდუმარებდა, მაგრამ დროდადრო დაბორკილ ხელებს მაღლა ასწევდა და ახალ მღვდელმსახურს საკურთხევლის ერთი ადგილისაკენ მიუთითებდა, სადაც, ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო...
იგივე განმეორდა მეორე წირვისასაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახალმა მოძღვარმა მეტი ყურადღება მიაქცია მითითებულ ადგილს...
მოულოდნელად მღვდელმა კუთხეში, წმინდა სამსხვერპლოს სიახლოვეს, იატაკზე პატარა, ძველი ტომსიკა დაინახა... როდესაც პირი მოხსნა, იხილა მცირე ზომის ფურცლები, რომლებზეც მოსახსენიებლად ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელები ეწერა... ეს ის მოსახსენებლები იყო, რომლებსაც მრევლი, ჩვეულებისამებრ, პროსკომიდიისას შეგზავნის ხოლმე სამკვეთლოში.
მღვდელმა უფლისაგან გულისხმაჰყო, რომ ეს ის მოსახსენებლები იყო, რომლებიც მისმა წინამორბედმა და აწ ტყვედქმნილმა ძმამ თავის დროზე ან უდებების, ან უყურადღებობის გამო წაუკითხავი დატოვა...
იწყო თუ არა გულისხმიერმა მოძღვარმა საღვთო მსახურება, უპირველეს მოვალეობად ჩათვალა, რომ კვეთისას ყველა იმ ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები მოეხსენიებინა, რომლებიც ნაპოვნ ფურცლებს შეენახა და მოხდა საოცრება: - როგორც კი კითხვა დაასრულა, საიქიოდან მოსულ სტუმარს ხელ-ფეხიდან ჯაჭვები ძირს ძგრიალით დასცვივდა, თავად ის კი უსიტყვოდ და მოწიწებით მიუახლოვდა მოძღვარს, მადლობის ნიშნად მუხლებში ჩაუვარდა და იმ წამსვე უჩინო იქმნა...