"იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ" - პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წაუყენა

ირაკლი ოქრუაშვილი

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წაუყენა. საუბარია 349-ე მუხლზე, რაც "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, ან პატიმრობას ერთ წლამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარა, თუმცა მან პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ინფორმაცია პროკურატურას გადაეცა და გამოძიება დაიწყო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, ბრალის წარდგენის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

"სწრაფი წესით წარმიდგინეს ბრალი. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო იქნება გამოყენებული.

"თავის პოზიცია ნათლად გამოხატა იმის გამო, თუ რატომ არ მივიდოდა, რომც ჩაჰბარებოდა ეს დოკუმენტი. წაიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ეს ყველაფერ დააფიქსირა და ეს ახლა სტანდარტული პროცედურაა - ბრალი, მერე გადავალთ სასამართლოში, სავარაუდოდ, აღმკვეთ ღონისძიებაზე. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ ისევ გირაო იქნება გამოყენებული", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.