გახანგრძლივებული მაგნიტური ქარიშხალი კვლავ დაფარავს დედამიწას
1744049852
სილვია ლიკენსის ცნობილი მკვლელობის ამბავი ჭირივით გავრცელდა ინდიანაპოლისში 1965 წელს. ღარიბი მოზარდი სასტიკი სიკვდილით გარდაიცვალა მუდმივი წამების შედეგად. ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ 16 წლის მოზარდს აწამებდნენ, მაგრამ მისი სიცოცხლის გადასარჩენად არავინ არაფერი გააკეთა.
გოგონას მშობლები, ელიზაბეტ და ლესტერ ლაიკენსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდნენ და ცირკში თავიანთ ნომრებს წარადგენდნენ. სილვიას გარდა, მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. უმცროს შვილს, ჯენს, კუნთების პრობლემები ჰქონდა და დამოუკიდებლად სიარულს ვერ ახერხებდა. სილვია უფროსი იყო და მშობლები მომთაბარე ცხოვრების გამო, უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მის მხრებზე გადავიდა.
სახლში მორიგი დაბრუნების შემდეგ, ლაიკენსებს დიდი ჩხუბი მოუვიდათ. ქმარი სახლიდან გაბრაზებული წავიდა და გასტროლებზე ახალ ჯგუფს გაჰყვა. სახლში დაბრუნების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ცოლი ქურდობის ბრალდებით დაუკავებიათ, მისი შვილები კი მეზობელთან, გერტრუდა ბანიშევსკისთან იყვნენ. მამას შვილების მოვლა არ შეეძლო. ამიტომაც, მამაკაცმა მოიფიქრა, 3 შვილი თავისთან წაიყვანა, პატარა ჯენი კი მეზობელთან დაეტოვებინა. თუმცა რაკი ჯენი სილვიას განსაკუთრებით მიეჯაჭვა, მამამ გადაწყვიტა, რომ ისიც მეზობლისთვის მიებარებინა და მათზე მზრუნველობისთვის კვირაში 20 დოლარი გადაეხადა.
თავდაპირველად, ჯენი და სილვია ახალ ოჯახში შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ. ჯოჯოხეთი მეორე კვირას დაიწყო. პირველად ქალმა სილვია სწორედ მაშინ სცემა. სილვია ცემის დროს არაფერს ამბობდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ თუ ქალს შეეწინააღმდეგებოდა, უარესს მიიღებდა. გერტრუდა დუმილით კიდევ უფრო წახალისდა და ახლა გოგონების ცემამ სისტემატური ხასიათი მიიღო
დროთა განმავლობაში გერტრუდამ მინიმალური საკვების მიცემაც შეწყვიტა და გოგონები, ფაქტობრივად, შიმშილობდნენ. ქალი ბავშვებს კანზე სიგარეტსაც ხშირად აწვამდა.
სილვია სულ უფრო მეტად სუსტდებოდა, თირკმელების პრობლემები შეექმნა და უნებლიე შარდვა განუვითარდა. ამის შემდეგ ის სარდაფში გამოკეტეს და გარეთ აღარ უშვებდნენ.
გერტრუდას სკოლის დირექციისთვის არ აუხსნია, თუ რატომ შეწყვიტა სილვიამ სიარული. ამიტომაც, ერთ დღეს სკოლის მედდა მათთან სახლში მივიდა. გერტრუდა ჯენს დაემუქრა, რომ თუ სილვიაზე სიტყვა წამოსცდებოდა, მასაც სარდაფში ჩააგდებდა და სასტიკად სცემდა. ბავშვსაც სკოლის ექთანთან ხმა არ ამოუღია. თავად გერტრუდამ მედდას განუცხადა, რომ სილვია სახლიდან გაიპარა და მეძავობა აირჩია.
ერთხელ გერტრუდა შვილებთან ერთად სარდაფში ჩავიდა და გოგონას ცხელი ნემსით მუცელზე ამოატვიფრა: „მე მეძავი ვარ და ამით ვამაყობ“. შემდეგ სარდაფში მეზობლის ბიჭი შეუშვა, რომელმაც გოგონა გააუპატიურა. სიკვდილამდე 5 დღით ადრე სილვიამ გაქცევა სცადა, თუმცა ის დაიჭირეს და ისევ სარდაფში ჩააგდეს.
ამის შემდეგ, ქალი 5 ცენტად მეზობლის ბიჭებს სილვიასთან უშვებდა და უფლებას აძლევდა, რაც მოუნდებოდათ, ის გაეკეთებინათ. ზოგი მდუღარე წყალს ასხამდა, ზოგი სიგარეტს აქრობდა მის კანზე, ზოგი აუპატიურებდა. 1965 წლის 26 ოქტომბერს სასტიკად ნაწამები გოგონა გარდაიცვალა.
სიკვდილამდე გერტრუდამ გოგონას ძალით დააწერინა წერილი, სადაც ის ამბობდა, რომ მეზობელ ბიჭებთან ერთად პროსტიტუციაში იყო ჩართული. ჯენი ხმას ვერ იღებდა. თუმცა, ერთ-ერთ პოლიციელს ჩასჩურჩულა, რომ თუ სახლიდან წაიყვანდა, ყველაფერს მოუყვებოდა.
პოლიციამ გერტრუდაც, მისი შვილებიც და მეზობლებიც დააკავა. გერტრუდა ბანიშევსკის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რაც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. მის ქალიშვილს, პაულას, ასევე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მეზობლის ბიჭებს კი, რომლებიც გოგონაზე ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ, 20-20-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
გერტრუდას სასჯელი ბოლომდე არ მოუხდია. ის 1985 წელს გაათავისუფლეს. მოგვიანებით ქალმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო, სილვიას საერთოდ ვერ ცნობდა და ვერც იმ საქციელს იაზრებდა, რასაც მის მიმართ ახორციელებდა. ქალი გათავისუფლებიდან რამდენიმე წელში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
პაულაც დროზე ადრე გაათავისუფლეს. მან გვარი შეიცვალა და სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობა დაიწყო. სამსახურიდან 2012 წელს გაათავისუფლეს.