1728194938
პუტინის ახალი მზაკვრული გეგმები - ვინ როგორ ეხმიანება ოკუპანტი პრეზიდენტის ახალ გადაწყვეტილებას
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი დღეს დილითა გავრცელებულ მიმართვაში.
მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
„ვსაუბრობთ გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე“, - აღნიშნა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოხალისეებისა და დონბასში მებრძოლთა სამართლებრივი სტატუსი რუსეთის ფედერაციის სამხედროების სტატუსს უნდა გაუთანაბრდეს.
„მე უკვე მივეცი დავალება მთავრობასა და თავდაცვის სამინისტროს, სრულად და უმოკლეს დროში დადგინდეს მოხალისეთა, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ქვედანაყოფების მებრძოლების სამართლებრივი სტატუსი. ეს უნდა იყოს იგივე, რაც აქვთ რუსული რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ასევე, როგორც მედია იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, ყურადღება მიაქციოს მოხალისეების სამხედრო ტექნიკით და აღჭურვილობით მომარაგებას.
პუტინის ახალ ბრძანებას, ტვიტერზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
„სამდღიანი“ ომის 210-ე დღე. რუსებმა, რომლებიც უკრაინის განადგურებას მოითხოვდნენ, საბოლოოდ მიიღეს მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და დაბლოკილი საბანკო ანგარიშები, ციხე დეზერტირობისთვის. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვითაა, არა? ცხოვრებას კარგი იუმორის გრძნობა აქვს“, - წერს პოდოლიაკი.
პარალელურად, პუტინის ახალი გადაწყვეტილების პასუხად, მოძრაობა „ვესნამ“ დააანონსა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ნეტ მობილიზაციი", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მოძრაობის აქტივისტები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში 21 სექტემბერს, საღამოს 19 საათზე შეიკრიბონ.
პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსული მედია იმ შეზღუდვებზე წერს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდება.
როგორც რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის ერთი პროცენტი.
„ინსაიდერის“ ცნობით, პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქმედი კანონით რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არიან, საცხოვრებელი ადგილიდან ნებართვის გარეშე გამგზავრება ეკრძალებათ.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ამჟამად სამხედრო აღრიცხვას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ყველა მამაკაცი, რომელიც არ არის რეზერვში. ასევე, რეზერვში მყოფი ყველა მამაკაცი.
მათ შორის: სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილები და რეზერვში ჩარიცხულები; სახელმწიფო, მუნიციპალურ და სპეციალური არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების კათედრებზე, ოფიცრების, სერჟანტებისა და რეზერვის სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების გავლილი პირები; პირები, რომლებმაც სამხედრო მომზადება არ გაიარეს, რადგან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებულები იყვნენ; პირები, რომლებმაც სამხედრო მომსახურება არ გაიარეს, რადგან სამხედრო გაწვევა გადაუვადდათ ან რაიმე სხვა მიზეზით არ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში; ის პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების გარეშე და შემდეგომ სამხედრო კომისარიატებში აიყვანეს აღრიცხავზე; პირები, რომლებმაც ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური გაიარეს; ქალები, რომლებსაც სამხედრო სპეციალობა გააჩნიათ.
სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარებიან: პირები, ვინც გათავისუფლებულია სამხედრო სამსახურისგან ფედერალური კანონით; პირები, რომლებიც ახლა გადიან სამხედრო სამსახურს ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს; პირები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს; ქალები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სპეციალობა; პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ; პირები, რომლებსაც აქვთ ოფიცრების სამხედრო წოდება და იმყოფებიან საგარეო დაზვერვის და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურების რეზერვში.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია შეეხება დაახლოებით 300 000 ადამიანს. მისივე თქმით, ის შეეხება არმიაში სამსახურის გამოცდილების მქონე პირებს და მათ, ვინც სამხედრო სპეციალობას ფლობს. შოიგუს თქმით, სტუდენტებსა და ახალწვეულებს მობილიზაცია არ შეეხებათ.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ მობილიზაცია არ შეეხებათ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დასაქმებულ პირებს. ასევე, კონკრეტული კატეგორიის პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ეკუთვნით. ამ გადავადების წესებს მთავრობა განსაზღვრავს.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, ყველა, ვისაც მობილიზაცია შეეხება, გაივლის დამატებითი სამხედრო მომზადების კურსს.
მობილიზაცია დაქვემდებარებული პირები მიიღებენ იმავე სტატუსსა და ანაზღაურებას, რასაც კონტრაქტით მომსახურე სამხედრო მოსამსახურეები იღებენ. ანალოგიურ სტატუსს ასევე მიიღებენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადბული რესპუბლიკების ქვედანაყოფების მებრძოლები.
ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დანიშნული „რეფერენდუმების“ გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.
ოფიციალურ განცხადებაში ბორელი აღნიშნავს, რომ პასუხი მოეთხოვება რუსეთს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ყველა სხვას, ვისაც კავშირი აქვს ამ "რეფერენდუმებთან" და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებთან.
ჟოზეპ ბორელმა ე.წ. რეფერენდუმებს უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაციის მცდელობა, რომელიც მიმართულია გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საზღვრების ძალით შეცვლისკენ და არღვევს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ „რეფერენდუმებს“ არ აღიარებენ და უკრაინას უდასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ავტორი: ნანა ჩხაიძე