„ბირთვული თვითმკვლელობა“ - იერიშები ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე და მსოფლიო ლიდერების რეაქციები

atomuri eleqtrosadguri

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბა. „ენერგოატომის" ინფორმაციით, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 აფეთქება მოხდა.

რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელს უკრაინისკენ იშვერს და სადგურის დაბომბვაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებს.

ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით რომ საფრთხეში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა, ეჭვი არ ეპარებათ ევროპაში.

უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში უკვე ხდება მობილიზება. რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონი იოდიდის აბი გადასცა. ევროპა რომ უდიდესი საფრთხის წინაშეა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კოპენჰაგენის კონფერენციაზეც ისაუბრა და საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ მსოფლიო შესაძლოა ახალი ატომური სადგურის კატასტროფის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

გაერო იმედოვნებს, რომ შეწყდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით ცეცხლი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს („მაგატეს“) სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემა, ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სადგურზე ვითარების სტაბილიზაციისთვის მაგატეს ძალისხმევას, ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი იერიში თავისთავად თვითმკვლელობაა და იმედი მაქვს, ეს შეტევა შეწყდება და იმედი მაქვს, მაგატეს მიეცემა სადგურზე წვდომა“, - განაცხადა გუტერეშმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა „რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმი" უწოდა იმას, რაც სადგურზე ხდება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო წინასასამართლო პროცესი ომის კანონებისა და ნორმების დარღვევის ფაქტზე.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ.

„ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლოა. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინის ატომურ ობიექტებთან ან მის მახლობლად, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ“, - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ევროპა კატასტროფის წინაშე დგას. ექსპერტები კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ზაპოროჟიე მეორე ჩერნობილი გახდეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თემაზე, ნიუ - იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელმისაწვდომობა, რათა სააგენტოს ექსპერტებმა რისკების შეფასება შეძლონ. გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები სადგურის სიახლოვეს -  წარადგინეს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწია.

გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ზონის დემილიტარიზაცია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, ვინაიდან მოსალოდნელია პროვოკაციები უკრაინის მხრიდან ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს ეშინია, რომ კიევი საკუთარ ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავს, რითაც საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საკუთარ მოსახლეობა, არამედ ევროპას.

ზაპოროჟიეს ოლქის გარდა ვითარება უკიდურესად მწვავეა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ქალაქ ბახმუტში ოკუპანტების იერიშს 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.

საოკუპაციო ძალებმა მოსახლეობის საცხოვრებელი კორპუსები გრადებით დაბომბეს დნეპროპეტროვსკში. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლი ბავშვი, 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დრომდე ზუსტდება გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ხარკოვში. სარაკეტო იერიში განხორციელდა კრამატორსკზეც.

წინააღმდეგობის 169-ე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებს განაგრძობენ. ხერსონის ოლქსა და ქალაქ იზიუმთან მათ გენერალური შტაბის ინფორმაციით, წინსვლაც აქვთ. უკრაინის მთავრობა კი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს.

ომის დაწყებიდან დღეს პირველად სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა დონეცკის ოლქიდან. მოქალაქეები უკრაინელმა მოხალისეებმა გამოიყვანეს.

ის ადამიანები კი, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში გადარჩნენ, უმძიმეს საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მათ სახლები აღარ აქვთ და იძულებულები არიან ღამე ღია ცის ქვეშ გაათენონ.

ნანა ჩხაიძე