GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1730737466
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორი „გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოძრაობს“. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ფოტოები გავრცელდა ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცისა და "ზემო ლარსის" სახელწოდების ტელეგრამ-არხებზეც. ფოტოების მიხედვით, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს ავტომატები უჭირავთ, ჩანს ასევე ჯავშანმანქანის ნომერი - 430.
როგორც ირკვევა, ჯავშანტრანსპორტიორი რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუკი რეზერვისტები სასაზღვრო ფორმალობების გარეშე ქვეყნის დატოვებას მოინდომებენ.
პუტინი თავის იმპერიაზე კონტროლს კარგავს... ძალაუფლებისთვის უპირობო მებრძოლი ყველა შანსს იყენებს, რომ პოზიციები არ დაკარგოს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ამის თქმა ძნელია. უფრო მეტიც, ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო და ეს დროც დადგა... რუსები, რომლებიც ამ დრომდე კრემლის ერთგულნი რჩებოდნენ, ახლა თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ...
უკვე კვირაზე მეტია ლარსზე კილომეტრიანი საცობია. თვითმხილველები, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლა უნდათ, ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობენ, პრობლემები ექმნებათ.
ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით ერთ კვირაში 37 500-ზე მეტმა მანქანამ და 115 500-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა საანგარიშო კვირასთან შედარებით 23,3%-ით მეტია.
ქართული მხარის მიერ, ლარსის საზღვართან ჯავშატრანსპორტის გამოჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა დილით გავრცელდა სპეციალური განცხადება, სადაც განმარტებულია, რა ხდება ქვეყნის მასშტაბით საზღვრის გამშვებ პუნქტებზე.
„ტელეგრამის“ ერთ-ერთ ჩატში, რომელიც უკვე 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წერენ, რომ კავკასიელებს დაკითხვაზე ცალკე ოთახში აგზავნიან (საუბარია 222 ნომერზე, რაზეც მედია ადრეც საუბრობდა), რის შემდეგაც მათ საქართველოში შეშვებაზე უარს ეუბნებიან.
ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი დისიდენტი, ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი წერს, რომ გამშვებ პუნქტზე „მძიმე მდგომარეობაა“.
„საჭმელს არ აძლევენ, დუტი ფრიში უარს ეუბნებიან მომსახურებაზე. ხალხი ამ მდგომარეობაშია რამდენიმე დღეა“
ჩრდილოკავკასიელების ნაწილი ჩივის, რომ საქართველოში შემოსვლაზე მესაზღვრეები მათ უმრავლესობას, მიზეზის აუხსნელად, უარს ეუბნება და უკან აბრუნებს.
„რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს ჩანაწერებს ჩატიდან, რომლის სახელწოდებაც არის „ზემო ლარსი“
„ზემო ლარსი - ჩატი“ - აქ საათის განმავლობაში ორი ათასამდე გზავნილი იწერება. ზოგი პირდაპირ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე წარმოქმნილი მრავალკილომეტრიანი ხერგილიდან წერს:
„ვინმეს საწვავის მოტანა შეუძლია? 15-20 ლიტრი. გადავიხდით“.
„კოსტიკ!! სად ხარ? მიპასუხე!! გადახვედი საზღვარზე?“
„ბიჭებო, ურიგოდ გამატარეთ. დღეს ფეხბურთია, საქართველო თამაშობს, მატჩზე უნდა წავიდე“.
ნაწილი ჯერ მხოლოდ ცდილობს მგზავრობა დაგეგმოს:
„მგზავრი ვარ, მივდივარ რუსეთიდან საქართველოში. გამგზავრების თარიღი: 25:09:2022. ინფო: ორი ბიჭი ვლადიკავკაზიდან, 19 და 26 წლისები, ორი ჩანთით“.
„გადამყვანი ვარ. რუსეთიდან საქართველოში მივდივარ. გამგზავრების თარიღი: 23.09.2022. ადგილი 5+, ინფო: 20 ათასი მანეთი კაცი, მალე გავივლით“.
„დღეს ტრაილერით მივდივარ თბილისში. ტრაილერში სკამები აწყვია. 30 კაცამდე ავიყვან. კაცში 8 ათასი. გადახდა ბიტკოინებით. დეტალებზე PM-ში“.
„საზღვრამდე ტაქსით მოხვედით და არ იცით, ახლა რა ქნათ? იყიდეთ ჩვენგან ველოსიპედი, მოპედი, სკეიტბორდი და მშვიდად გადადით საზღვარზე. დეტალებზე შეგიძლიათ PM-ში მომმართოთ. ურიგოდ, უპრობლემოდ, Bugatti-ზე სწრაფად ჩავალთ“.
ჩატში ათობით ათასი შეკითხვაა: ხალხს აინტერესებს, საჭიროა თუ არა მეორე მშობლის თანხმობა ბავშვის გადაყვანის შემთხვევაში, რა რაოდენობის ნაღდი ფულის გადატანა შეიძლება საზღვარზე ან ცხოველებს რა უნდა მოუხერხონ:
„ხალხნო, რა ვქნა? ზაზუნა მომყავს. იკბინება. საგუშაგოზე გავალ ზაზუნით, ოღონდ სკუტერზე და დიდი ზურგჩანთით. და ალკოჰოლი? ხელში მეჭირება, ოღონდ პარკში“.
სანამ ზოგს იმის გარკვევა უჭირს, თუ სად მოდის...
„წავიდე თუ არა აფხაზეთიდან საქართველოში? მკაფიოდ უნდა ვიცოდე, ორი ბავშვით ვარ“...
... სხვამ პირიქით, კარგად აუღო ალღო:
„საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები მასობრივად წუწუნებენ სივიწროვესა და თავისუფალი საცხოვრებელი ფართის არარსებობაზე: „ვიწროდ ვართ. კარგი იქნება, საქართველო გავაფართოოთ, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი შევუერთოთ“.
კიდევ სხვა კითხულობს, საჭიროა თუ არა მანქანაზე დაკრული Z ააძროს. ჩატის ზოგიერთმა წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხუმრობა იყო.
„კარგად გვტროლავთ. და თუ სერიოზულად ამბობთ, შეგიძლიათ არ მოხსნათ Z, შებრუნდეთ და სამხედრო კომისარიატისკენ გაემართოთ“.
„სტალინის დატოვებაც არ შემიძლია უკანა შუშაზე? ეგ მაინც ქართველია“.
„ყურადღება!!! ვისაც Z სიმბოლო აქვს, არავითარ შემთხვევაში არ მოაძროთ, ჩამოდით ბათუმში, ჩვენ გელით“.
ჩატში ქართველი მომხმარებელი ცოტაა, ისინი ან მომსახურებას სთავაზობენ - მძღოლობას ან ბინის გაქირავებას - ან რუსებს განიკითხავენ.
ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ზემო ლარსზე დამატებითი ბლოკპოსტები იქმნება, რუსული მხარე არ ადასტურებს.
„ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან სამხედრო ტექნიკის გამოჩენა უკავშირდება საფრთხეს, რომ გრძელ რიგში მყოფმა ადამიანებმა არ გადაწყვიტონ კონტროლის გარეშე შეაღწიონ საქართველოში,- აცხადებს ФСБ-ს სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ნაკადები გაზრდილია, თუმცა ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არავითარი დრამატული ვითარება არ არსებობს.
ნანა ჩხაიძე