ჩვენს ისტორიაში ყველაზე რთული ზამთრის გავლა მოგვიწევს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

ჩვენს ისტორიაში ყველაზე რთული ზამთრის გავლა მოგვიწევს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამიტზე მონაწილეობას უკრაინის ათობით პარტნიორი სახელმწიფო და ასობით პოლიტიკოსი მიიღებს.

„ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომიდან. რას მივაღწიეთ? ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინულ ტერიტორიას. ახლა რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, რაღაცის გამოწურვას ცდილობს დასავლეთისგან, იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს უკარნახებს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია ამისთვის.

იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა, იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა. იყო პოლიტიკური წონა – ახლა მზარდი იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი იქნება, სადაც ათობით პარტნიორი სახელმწიფო, ასობით პოლიტიკოსი და საზოგადო ფიგურა იქნება წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ყირიმის დე-ოკუპაციის მომზადებაში,“ - აცხადებს ზელენსკი.