რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს, კაშხლის ნგრევა იგივეა, რაც მასობრივი იარაღის გამოყენება - ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი

"რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, სასწრაფოდ იმოქმედონ, რადგან კაშხლის ნგრევა იგივეა, რაც მასობრივი იარაღის გამოყენება.

რუსეთი შეგნებულად ამზადებს საფუძველს სამხრეთ უკრაინაში მასშტაბური კატასტროფისთვის. რუსული ჯარები განაგრძობენ რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით ჩვენს ელექტროსადგურებზე დარტყმებს. ჩვენი ინფორმაციით, მათ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს.

ახლა მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, კიდევ ერთი რუსული ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, რადგან კაშხლის ნგრევა მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს. ამ ტერორისტული აქტით მათ შეუძლიათ, დნეპრიდან ყირიმში წყლის მიწოდების შესაძლებლობაც კი გაანადგურონ. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება. ასეთი ტერორისტული თავდასხმა ზუსტად იგივეა, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება“, - განაცხადა ზელენსკიმ.