"როცა შენი მუსიკით უცხო ხალხს ცრემლები სდის, რწმუნდები, რომ ეს მუსიკა, გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის მუსიკა" - "გორდამ" პარიზში მსმენელი ატირა

martokaci

პარიზში "გორდამ" ქართულ სიმღერებზე გადამთიელები ატირა... კახურ "ნანაზე", მეგრულ "ჩელაზე" და სვანურ "ნანილაზე" აქვითინებული პუბლიკის შემყურე, ემოციის მოთოკვა, არც ქართველი შემსრულებლებისთვის აღმოჩნდა ადვილი.

19 ივნისს პარიზში Foundation cartie-ს ორგანიზებით, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა, კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც 6 ქვეყნის ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად (პორტუგალია, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი, ალჟირი), თავისი ქვეყნის საგანძურს, საქართველოც წარმოადგენდა. ამჯერად ანსამბლი "გორდას" სახელით. ანსამბლი ძმებმა გორდელაძეებმა შვიდი წლის წინ დააარსეს.

მარტოკაცის ფსევდონომით ცნობილი დამიანე გორდელაძე "პრაიმტაიმის" მკითხველს ფრანგულ ვოიაჟსა და იქაურ ემოციებზე უყვება.

დამიანე გორდელაძე: მუზეუმში გამოფენილი იყო მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ხელოვანის, რონ მუეკის ექსპონატები, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობას ეხება. სასიმღერო რეპერტუარიც ამ თემატიკის მიხედვით შეირჩა. მუზეუმში მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა სივრცეში მსოფლიო ხალხთა სხვადასხვა მუსიკა მოესმინა, რაც ერთი-ორად საინტერესოს ხდიდა საღამოს.

იქ ჩამოსული თითოეული ქვეყნის მუსიკა განსაკუთრებულია, მაგალითად, სარდინიელების, პორტუგალიელების... მაგრამ იმხელა ეფექტი, რასაც ქართული მრავალხმიანი მუსიკა ახდენს მსმენელზე, ვფიქრობ, რომ არავის მოუხდენია. სრულიად უცხო, განსხვავებული ეროვნების ადამიანები იდგნენ და მეგრულ "ჩელაზე" ტიროდნენ.

 

იმ დროს, როცა შენი მუსიკით უცხო ხალხს ცრემლები სდის, უკვე საბოლოოდ რწმუნდები, რომ ეს მუსიკა, რაც შენმა ხალხმა შექმნა, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის მუსიკა. ამ მუსიკამ არც რასა იცის და არც სქესი. საერთოდ არ იცის საზღვარი და თუ ოდნავ სადმე გული დაინახა, კაკუნიც კი არ სჭირდება, რომ შიგ შევიდეს და მთლიანად მოიცვას იქაურობას. იმათი ცრემლების დანახვისას, საკუთარი მუსიკის სიდიადის გააზრებისას, რამდენჯერ მეც ვერ შევიკავე თავი ცრემლისგან.

უცხოელ მსმენელზე განსაკუთრებით მოქმედებდა - მეგრული "ჩელა", ქალაქური", "გაზაფხული" და "ახ სალამურო", ასევე კახური "ნანა" და სვანური "ნანილა."

 

ჩვენთვის, ანსამბლ "გორდასთვის" ეს იყო, რიგით მეორე ღონისძიება. გასული წლის ნოემბერში იგივე ღონისძიება ჩატარდა მილანში, სადაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დავტოვეთ იტალიელ მსმენელზე. იქ კონცერტზე ორგანიზაცია foundation cartie-ს დირექტორი მოვიდა და კონცერტის მერე თქვა: "ასეთი მინდა პარიზში."

ხოდა, მიგვიწვიეს კიდეც.

ანსამბლი "გორდა" მე და ჩემმა ძმამ 2016 წელს შევქმენით. წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან არიან. მათგან თითქმის ყველა პროფესიონალი მომღერალია. ეს ჩვენთვის უკვე მე-3 პარიზული გასვლაა. მანამდე იყო, ლიეტუვა და იტალია.

ანსამბლმა უკვე გამოუშვა თავისი პირველი ალბომი და მომავალშიც კიდევ ბევრ აქტივობას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ნუცა იმდენად მეცოდება... ვგრძნობდი, მის მოსკოვში გამგზავრებას ნეგატივი მოჰყვებოდა" - ინტერვიუ მსახიობთან, ვისი შვილის დაბადების დღემაც სკანდალი გამოიწვია

"მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები" - როგორ ისმინა ქართველი კაცის ლოცვა ნეტარმა მატრონამ

Exclusive: ლევან კბილაშვილის სახლში მომღერლის მუზეუმი კეთდება - "მოსკოვიდან ჩამოტანილ მის ნივთებს ვერ ვეკარები"