1728312638
"ტაძარში თეატრი გაგიგონია, შენ?..." - რა უწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა "მეტეხის თეატრის" მსახიობებს
ალბათ, იცით, რომ მეტეხის ტაძარში, 70-იან წლებში, კომუნისტებმა თეატრი განათავსეს და 1979 წლიდან, იქ სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია "მეტეხის თეატრი" ფუნქციონირებდა. მსახიობებმა ტაძარი დაასუფთავეს და იქ სპექტაკლების თამაში დაიწყეს. თამაშდებოდა კლასიკა, მათ შორის - "დონ ჟუანი", "მაკბეტი"...
დასში, სხვა მსახიობებთან ერთად, ზურაბ ცინცქილაძე და მისი მეუღლე, თამარ დათუაშვილი ირიცხებოდნენ.
"მეგობარი, დავით გიორგობიანი, მეუბნებოდა, რომ რაღაც საშინელებები მოხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ტაძარში სპექტაკლებს ვდგამდით. ასეც მოხდა," - ამბობს ზურაბ ცინცქილაძე.
წყვილმა იმ პერიოდში შვილი დაკარგა... დასის წევრების ცხოვრებაში უბედურებები ტრიალებდა, ერთი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, მეორის შვილმა თავი ჩამოიხრჩო, ერთიც ავტოავარიას ემსხვერპლა. შეფერხებით ტარდებოდა წარმოდგენები...
ზურაბ ცინცქილაძემ მამა გაბრიელზე გადაღებულ ფილმში შემდეგი ისტორია გაიხსენა...
ზურაბ ცინცქილაძე: ტაძრის შუაგულში განთავსებულ სცენაზე უამრავი სპექტაკლი გვითამაშია. ირგვლივ ისხდნენ მაყურებლები და განსაკუთრებით ბევრი - საკურთხევლის მხრიდან. მახსოვს სცენა, საკურთხევლის მხარეს გადატანილიც...
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელთან შეხვედრა. დავით გიორგობიანთან ერთად გახლდით. ვსაუბრობდით სარწმუნოებაზე, დღევანდელობაზე, მომავალზე. მან არ იცოდა, რომ მე მეტეხში მსახიობად ვმუშაობდი.
უცებ პაუზა გააკეთა, შემომხედა და მკითხა: კაცო, ტაძარში თეატრი გაგიგონია შენ? თვალებში მიყურებდა. შემრცხვა! უცებ, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა. არა-მეთქი, ვუპასუხე. აბა?
მამაო, ჩვენ ვლოცულობთ იქ-მეთქი. მერე, ჩვენ რატომ არ გვიშვებთ? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. მერე მითხრა, შენ თუ არ წამოხვალ, მაინც გამოგიშვებენ იქიდანო. ისემც კარგი დაგემართოთ... ასეც მოხდა.
ცხადია, მამა გაბრიელის ამ მსუბუქმა შეკითხვამ ბევრი ფიქრი აღმიძრა... თეატრი ტაძარში არ უნდა იყოს - ამ მოთხოვნით მივმართავდით მთავრობას, უმაღლეს ორგანოებს, რომ ეს თეატრი როგორმე სხვაგან გადასულიყო. წერილს თეატრის მსახიობებთან ერთად ხელს აწერდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
მოვლენები სწრაფად იცვლებოდა. ხელისუფლებიდან რეაქცია იყო... რამდენიმე ადამიანს თეატრის დატოვება მოგვიწია, თეატრმა ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გააგრძელა ფუნქციონირება.
ასევე დაგაინტერესებთ: სპექტაკლამდე გონდაკარგული მაკა, ერთ საათში სცენაზე თამაშობდა - "ჩემთვის ცხოვრება ორად გაიყო..." - რა მოხდა საგრიმიოროში?