"ნუცა იმდენად მეცოდება... ვგრძნობდი, მის მოსკოვში გამგზავრებას ნეგატივი მოჰყვებოდა" - ინტერვიუ მსახიობთან, ვისი შვილის დაბადების დღემაც სკანდალი გამოიწვია

endi

ორი დღეა არ ცხრება საზოგადოების ინტერესი და სამართლიანი ბრაზი მოსკოვში ამღერებული ქართველი შემსრულებლების მიმართ. "ეტყობა, კარგად გადაუხადეს ბუზალაძეს, ხუჯაძეს, პავლიაშვილს, მაღლაკელიძეს და სულუხიას, მტრის ბუნაგში ასე გულამომჯდარი რომ მღეროდნენო" - სამართლიანად წუხან ქართველები. 

მოგვიანებით, გაირკვა, რომ ყველანი მეგობრის დაბადების დღეზე, სტუმრების რანგში იყვნენ მიწვეულნი. თუმცა არც ეს ამართლებს შენი ქვეყნის დამპყრობლის მიწაზე მოლხენა-გუგუნს...

მოსკოვში სიმღერისთვის, სხვებთან შედარებით მკაცრად მიეზღო ნუცა ბუზალაძეს, რომლის მხარდასაჭერად, ცოტა ხნის წინ, ერი იყო გაერთიანებული. 

ზაზა შენგელიამ, რომელიც ნუცას, ამერიკულ ტელეშოუში მონაწილეობისას, აქაურ პიარში ეხმარებოდა, მომღერლის საქციელი არასწორად მიიჩნია და ფეისბუქზე დაწერა:

"რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად, მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი, და რომ მცოდნოდა, რომ მიდიოდა აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო… ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ. დღეს რუსეთში ნებისმიერ რანგში ქართველი მომღერლის ან მუსიკოსის გამოსვლა არის არასწორი და მიუღებელი. მან ამ ნაბიჯით გული ატკინა თავისი გულშემატკივრების დიდ ნაწილს, ვინც მას გულით უჭერდა მხარს..." - წერს შენგელია ფეისბუქზე.

ბუზალაძემ გულშემატკივრებს თავისი მოსკოვური ვოიაჟის გამო ბოდიში მოუხადა. 

წვეულება კი, ვისთანაც ქართველმა მომღერლებმა იმღერეს, ნია კოღუაშვილს ეკუთვნოდა. ნია კანონიერი ქურდის, ბადრი კოღუაშვილისა და მსახიობ ენდი ძიძავას ქალიშვილია.

მას 22 ივნისს 22 წელი შეუსრულდა.

კრიმინალურმა ავტორიტეტმა კოღუაშვილმა, რომელიც რუსეთიდან ვერ გადის, ოქროს დაბადების დღე, ქალიშვილს მოსკოვში გადაუხადა.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობ ენდი ძიძავასა და ბადრი კოღუაშვილს 22 წლიანი ქორწინება აკავშირებთ. უკვე წლებია წყვილმა ცალ-ცალკე ცხოვრება არჩია.  

ენდი ძიძავა "პრაიმტაიმთან" ქალიშვილის ხმაურიანი დაბადების დღის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს. 

ენდი ძიძავა:  მამა-შვილმა ნიას დაბადების დღე სულ მეორედ აღნიშნეს ერთად. პირველად, როცა ჩვენი შვილი ექვსი წლის გახდა, ნიას მამას სხვა ქვეყანაში შევხვდით და ვახშმით აღვნიშნეთ 22 ივნისი. და მეორედ ახლა.

ბადრი გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო.  არც ისე დიდი ხნის წინ გათავისუფლდა და რადგან რუსეთის ტერიტორიიდან ვერ გადის და ქვეყნის დატოვება არ შეუძლია, მოისურვა, რომ 22 ივნისს მოსკოვში ენახა ქალიშვილი.  

ნიამ არ იცოდა მამა რას უმზადებდა. ყოველ ჯერზე წინააღმდეგია ასეთი ხმაურიანი წვეულებების. ეს საღამო სიურპრიზი იყო. რახან მამას უიშვიათესად ნახულობს, თავი ვალდებულად ჩათვალა, ჩასულიყო თუნდაც მოსკოვში.

 დაბადების დღეზე მე არ გახლდით. ნიამ წაიყვანა რამდენიმე მეგობარი. მათ შორის, ნუცა ბუზალაძე. როდესაც შევიტყვე მოსკოვში ნუცა მიემგზავრებოდა, არ მესიამოვნა, რადგან ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ მის მოსკოვში გამგზავრებას ნეგატივი მოჰყვებოდა.

ნუცა იმდენად მეცოდება, რომ... წარმომიდგენია, რას განიცდის ახლა. მე არ მისაუბრია ჯერ მასთან. იმდენად მიჭირს... ვიცი ერთი რამ, თანაც დარწმუნებით: როგორც კი მორიგ წარმატებას მიაღწევს (და ეს ასე იქნება აუცილებლად იმდენად მოტივირებულია), ისევ "ჩვენი გოგო" გახდება. ჩვენ ხომ ასე გვჩვევია?! ჯერ ავიტაცებთ რამეს ან ვინმეს, ცაში ავაფრენთ, შემდეგ ფრთებს დავუტეხავთ და მიწაზე დანარცხებულს ვათრევთ და ვათრევთ...

სხვა მომღერლებიც ჩვენი ახლობლები არიან. არანაირი ფინანსური ინტერესი არ ჰქონია, არც ერთ იქ მყოფ შემსრულებელს. მიშა სულუხიას ქუთაისიდან ვიცნობ, ვახლობლობთ. სოსო პავლიაშვილთან კიდე სტუდენტობის დროიდან მოყოლებული ვმეგობრობთ. იქ კიდე სხვა ქართველი და არა ქართველი მომღერლები იყვნენ, სულ ახლობლები. ამდენად 22 ივნისს დაქირავებულ მომღერალს არ უმღერია.

როგორ ფიქრობთ, კონფიდენციალური, "სხვა" სახის წვეულების მოწყობა რომ ნდომებოდათ, არ გამოუვიდოდათ? ბუნებრივია, ვერავინ გაიგებდა. მაგრამ რახან არაფერი იყო დასამალი, არავინ დამალულა...

რა თქმა უნდა, მესმის ამ საზოგადოების გაღიზიანება. არასასიამოვნო ფაქტი მოხდა და აქვე ვიტყვი - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ... მაგრამ საიდან ამდენი ბოღმა და ღვარძლი? ვკითხულობ სტატუსებს და კომენტარებს მეორე დღეა უკვე... როგორი "ცუდი გოგო" ყოფილა ის გოგო, რომელსაც სულ რაღაც სამი-ოთხი კვირის წინ ვაღმერთებდით... თურმე მაშინაც იცოდნენ ადამიანებმა მისი "სიცუდე", მაგრამ მაინც აღმერთებდნენ... და თუკი ასე იყო, კითხვა მიჩნდება: რატომ? რატომ? როგორ არ უჭირთ ასე ცხოვრება ადამიანებს? და როგორ ხშირად ვუსვამ ხოლმე ამ კითხვას საკუთარ თავს...

ნია იმავე ღამეს გამოფრინდა მოსკოვიდან. ამგვარი გამოხმაურება ძალიან ინერვიულა... უნივერსიტეტში წასვლა არ უნდოდა...  ზუსტად ისე აზროვნებს, როგორც ჩვენი ახალგაზრდები. და არავისზე ნაკლები პატრიოტი არ არის. მისი სამშობლო უყვარს, საფრანგეთში ერთი კურსი დახურა და დაბრუნდა საქართველოში. აქ ორ სრულიად სხვადასხვა პროფესიას ეუფლება.  

მე ჩემს სოციალურ ქსელში ხშირად ვწერ, იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელსაც ჩემი შვილის მამა მიეკუთვნება, უნდა შეეძლოთ ქვეყანაში ჭირისა და ლხინის დღეებში შემოსვლა. მათ ოჯახები ჰყავთ. მას რომ შეძლებოდა საქართველოში შემოსვლა, წამოვიდოდა და ქალიშვილის დაბადების დღეს აქ აღნიშნავდა. ციხეში შებრუნების ფასადაც კი...

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: ,,მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. ვგავარ, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო... მამა, პირობა შევასრულე..." - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

Exclusive: "მე ისევ სტამბულში ვარ. ისე მენატრება ყველაფერი, უკვე გიჟს ვგავარ..." - რატომ არ უშვებენ დათო ევგენიძეს ექიმები თბილისში

რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."