ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
ქალაქი ცივია, არ მიყვარს აქ ყოფნაო - ამბობს ტარიელ ხარხელაური და "პრაიმტაიმს" უყვება, ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული მუდმივად რომ გარბოდა მთებში.
თავს ლექსის გადმომწერს უწოდებს, ნიჭს უფალს უმადლის. გვიტყდება, რომ ხშირად სიზმრიდან მოაქვს თავისი გულის ამაფორიაქებელი ლექსები.
ტარიელ ხარხელაური: ფილოლოგიის ფაკულტეტი ხელშეწყობით დამამთავრებინეს, თორემ მეორე კურსიდან გავიქეცი მთაში, ისევ ცხვართან. აუდიტორიაში ვერ გავძელი. ტყვეობაში ვიყავი. მერე ვახუშტი კოტეტიშვილმა დამაბრუნა უნივერსიტეტში. თავისუფალი დამსწრე ვიყავი. ლექტორები ჩემი მეგობრები იყვნენ. მპატიობდნენ გაცდენებს. ჩემ ნებაზე დავდიოდი. გულისყური მთისკენ მეჭირა. მთიდან მხოლოდ გამოცდების დროს ჩამოვდიოდი. ჩემი კურსელები რომ დამინახავდნენ, უკვე კანკალებდნენ, გამოცდები დაიწყოო. ასე დამამთავრებინეს უნივერსიტეტი მარტო იმიტომ, რომ დიპლომი მქონოდა. მაშინ კომუნისტების ეპოქა იყო და უდიპლომო პოეტი იმ სისტემისთვის სირცხვილი იყო.
სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობდი და არც მეგონა, ჩემი ლექსი ინტერესს თუ გამოიწვევდა და ასეთი ძალა ექნებოდა. ლექსით გამოჩენა სწორად არ მიმაჩნდა. პოეზიით დამკვიდრების სურვილი არ მქონია. ლექსი მოითხოვს ვთქვა, რომ პოეტი ვარ-მეთქი, თორემ მე გადმომაქვს, ლექსის გადმომწერი ვარ. ხილვაა, ვხედავ იმ სამყაროს, რასაც ვქმნი. ბევრჯერ სიზმრიდან გადმომაქვს ლექსი. ლექსების უმეტესობა ასე მაქვს დაწერილი. ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაწერილ ლექსს ვკითხულობ სიზმრად და გადმომაქვს. მერე მეღვიძება ჩურჩულით. თუ ცივა და ადგომა მეზარება, სტრიქონებს ვიმეორებ, რომ არ დამავიწყდეს. როცა ფურცელზე გადატანას ვერ ვახერხებ, ლექსი გამექცევა ხოლმე. ასეთ დროს გული ძალიან დამწყვეტია. ამიტომ დაწოლის წინ მაგიდაზე ვტოვებ გაშლილ თაბახის ფურცლებს. შუქს არ ვანთებ, განწყობა და ემოცია რომ არ დავკარგო. ხელის ვარაუდით ვიცი, ერთი სტრიქონის დაწერის მერე, სად უნდა დავწერო. ასე ვიწერ ლექსს, სიბნელეში.
კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს სიმონიანთხევში აგარაკი ჰქონდა. სწორედ მისი და ჩემი ცოლის, მარინა ხარხელაურის წყალობით, რომელიც ნაგლეჯებზე მიწერილ გადაყრილ ლექსებს აგროვებდა, გავხდი პოეტი. ასე შემიყვანეს პოეზიაში. იქნებ დანაშაულიც ჩაიდინეს. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ პოეტი ვარ. ზოგჯერ, რომ გადავხედავ ლექსს, ვაცნობიერებ, რომ ჩემი შესაძლებლობის და პოტენციალის გათვალისწინებით ამის დაწერა არ შემიძლია.
"დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ" - ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის. ხშირად გავუოცებივარ სტრიქონებს - "წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით". ამას ადამიანის გონება ვერ შექმნის. ასეთი გაბედული ნათქვამი არ შემიძლია. უფალი გაძლევს ნიჭს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო. უბრალოდ, მე შექმნის პროცესში ახლოს ვარ ლექსთან. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, როგორც სხვა. ვსწავლობ მის დინამიკას, რა არის მასში ფასეული.
ლექსების რაოდენობა არ მაინტერესებს. ამით რომ დაინტერესდები, ის ლექსი შენზე წინ მოკვდება. არ მინდა ლექსმა გამასწროს. ჭირისუფალი ხომ მინდა, რომ დამიტიროს? ლექსები ჩემი ჭირისუფლებია. მათზე უკეთ არავინ დამიტირებს.
ლექსის წერის დროს გარემოს მნიშვნელობა არ აქვს. ისეთ ადგილებში დამიწერია ლექსი, კაცი სიცილით მოკვდება. უხერხულ მდგომარეობაში მყოფსაც, თავი მიმინებებია და ლექსთან წავსულვარ. ვარაზის ხევზე ჩამოვდიოდი და ჭადრის ფოთოლმა ჩამომიფრინა - "შენ საით წახვალ ხმელო ფოთოლო" - ამეკვიატა სტრიქონი. ამ ლექსს ადევნებულმა ტრანსპორტით თავი საბადურებში ამოვყავი. ასე გაგიტაცებს ლექსი. ხშირად მინდორში ამკვიატებია სტრიქონები, ამ დროს გარემოს ათვალიერებ, რომ ლექსის ხმამაღლა წასაკითხად სიმყუდროვე იყოს. რამდენჯერმე ვკითხულობ, რომ არ დამავიწყდეს. მთაში რომ დაინახონ მარტო თავისთვის მოლაპარაკე კაცი, არანორმალურიაო იტყვიან. ამიტომ ვათვალიერებ გარემოს, რომ არ შემრცხვეს.
ლექსის წერისას ყველა კომპონენტი უნდა მონაწილეობდეს, გული, გონება, ყნოსვაც კი.
- რისი სუნი აქვს თქვენს ლექსებს?
- იმ სამყაროსი, რაშიც ვცხოვრობ: თივის, წვირის, ყვავილის, მიწის, ქალის სურნელიც აქვს...
ბექა
- ბექა რომ დაიბადა, იმის განცდა მქონდა, რომ ჩვენ წუთისოფლის ერთად გალევა გაგვიჭირდებოდა. პირიქით მეგონა, რომ ცოტა ადრე მე მომიწევდა ამ სოფლიდან გასვლა.
ლექსი დავუწერე:
"როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ გავილევ,
ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე.
მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მიმოკლა,
გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მხარს მილოკავს..."
მას ჩემზე უკეთ შეეძლო მამულისთვის ემსახურა. სიყვარულის მატარებელი, რაინდული სულის პატრონი იყო, ჩემგან საოცრად განსხვავებული. ხევსურული სისხლის პატრონი ჩხუბს არასდროს მოვრიდებივარ. ის ერიდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ იტანდა და მდგომარეობიდან გამოჰყავდა, დედის შეგინება იყო. დედა იმ დონეზე უყვარდა, გინებას არც მე მაპატიებდა. და ამას შეეწირა კიდეც. თიანეთში, ჩვენს სოფელ სიმონიანთხევში იყო. საღამოს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა ჩვენ სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფა, ჩემ სოფელში, უნდა გაიცინებს, უნდა - არა, შენ ვინ გეკითხებაო. იმან შეაგინა... ბექა ფიზიკურად ძლიერი იყო და ის ბიჭი სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ, შენც გამოფხიზლდები და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა... მე თბილისში ვიყავი.
ჩემთვის ძალიან მძიმეა. სხვანაირად განვიცდი. ყველა მისი მოძრაობა გონებაში მაქვს შენახული. როგორ ადიოდა კიბეზე, როგორ ჩამოდიოდა, როგორ იცინოდა, როგორ აღვიძებდა მეზობლებს სიმღერით, როგორ შეუვარდებოდა დილით... სოფელში რომ ავდივარ და მის საწოლს გადავხედავ, მგონია, რომ იქ წევს. "ბარგს შევკრავ, ვიცი, გრიგალი მალულად გაიქილიკებს, ერთხელღა ამოვიბღავლებ, მერე შენს ნავალ ბილიკებს მოვძებნი, გულში ჩავიხვევ - ნისლივით დავეწურები, ქარი ჩემს საფლავს წააყრის მტვერს შენი ნაფეხურების."
ამ ტრაგედიის შემდეგ ვაპირებდი საერთოდ გამენადგურებინა რაც კი რამ მქონდა დაწერილი. რომ არა ბიზნესმენ ომარ ქუცნაშვილის მოთხოვნა და იძულებით გადადგმული ნაბიჯი (სტამბაში წინასწარ გადახდილი ფული), გაგრძელებას არ ვაპირებდი. ლექსებს ვწერდი და ვხევდი. არ მეგონა, მკითხველისთვის თუ კიდევ ვიქნებოდი საინტერესო.
მე როცა ვთქვი ლექსი - "სამშობლოვ ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით მოლაპარაკე" - მას შემდეგ უფლება არ მქონია ჩვეულებრივი მოკვდავივით მეცხოვრა, ვინც ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე აგებს თავის ყოფას. არჩევანის წინაშე დავდექი. ცხოვრება უნდა შემეცვალა. ხომ არ მაქვს უფლება, რომ ბედნიერი ვიყო, მაგრამ გარკვეულწილად ვარ ბედნიერი. ჩემს გვერდით ხომ ჩემი შვილების თაობა მოაბიჯებს. ცოტა ხანს მაინც ვიყოთ ბედნიერი ამ წუთისოფელში.
მიზანი? ჩემი მთავარი მიზანი ის კი არ არის, რას გრძნობს კუჭი, არამედ ის, რას გრძნობს გული და გონება, რა საზრდოს იღებს. სხეულს დღეს ატარებ, რამდენიმე ხნით, ხვალ არ გექნება. სულის მზიდველად გჭირდება.