Exclusive: ლევან კბილაშვილის სახლში მომღერლის მუზეუმი კეთდება - "მოსკოვიდან ჩამოტანილ მის ნივთებს ვერ ვეკარები"

levan

21 ივნისს ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. მომღერლის დედამ იცის, როგორი იყო ეს უმძიმესი წელი ვაჟის გარეშე. დედას ერთი დღეც არ ჩაუგდია შვილის საფლავზე გასვლის გარეშე. იქ რომ უცნობი ადამიანები ხვდებიან, ეს უკვე აღარ აოცებს. ქალბატონები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე რუსეთიდან სტუმრობენ მუსიკოსის საფლავს. რუსეთიდან, სადაც ლევანმა, ოთხი წლიანი კარიერის მანძილზე, შეძლო, რომ დიდი სიყვარული დაეტოვებინა... ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. უკანასკნელ დღეებში, დიდ რუსულ ფესტივალზე გამოსვლამ, უდიდესი ფიზიკური დატვირთვა მოუტანა, რაც, როგორც მომღერლის დედა ამბობს, ჰემორაგიული ინსულტის მიზეზი გახდა.

ლევანის დაბადების დღეზე, 12 ივნისს (მომღერალი 32 წლის გახდებოდა), მოსკოვში, მისმა ბენდმა "პანჯეომ" გამოსცა ალბომი, რომელზედაც მომღერალი მუშაობდა. ალბომი მუსიკალურ პლატფორმებზე ჩაშვებულია.

როგორც ქალბატონმა მელიტამ "პრაიმტაიმს" უთხრა, სახლში ლევანის მუზეუმის გაკეთებას გეგმავს.

მელიტა ფურცელაძე: ჩვენ კერძო სახლში ვცხოვრობთ და ეზოში ერთი შენობა გვქონდა გაურემონტებელი. მალე დასრულდება რემონტი და გვექნება სივრცე, სადაც ლევანიკოს მუზეუმს მოვაწყობთ.  

იქ განვათავსებთ მის ნახატებს, საკონცერტო სამოსს, პირად ნივთებს, რომელიც მოსკოვიდან ჩამომივიდა და ჯერჯერობით ძალა არ მეყო, რომ გამეხსნა და დამეთვალიერებინა მისი ნივთები. იმ ყუთს ვერ ვეკარები... ვუფრთხი, თავს ვარიდებ...

ბევრი ნივთი აქვს, რაც უნდა შევინახოთ და ამ სივრცეში უნდა იყოს განთავსებული. 

კვირა არ გავა, ლევანიკოს მეგობრები არ მოვიდნენ ჩვენთან სახლში, საათობით სხედან მის საფლავზე. არ ვიცი, მე რამხელა გულისტკივილი დაუტოვა ამ ბიჭმა ირგვლივ ყველას და მის სამეგობროს. ვერ ვხდები, როგორ შეიძლებოდა ასე ჰყვარებოდათ და გაგიჟებულიყვნენ ლევანის ამ მდგომარეობით. ერთი მეგობარია დათო, რომელმაც თქვა, ხანდახან რეალობას თვალს რომ ვუსწორებ, თუ სხვა რამეზე დროულად არ გადავერთე, შეიძლება გავგიჟდეო. ასე განიცდიან...

და ამიტომაც, როდესაც ლევანის მუზეუმი გაკეთდება, მის ბიჭებს და არა მხოლოდ მათ, ამ სივრცეში შეეძლებათ დასხდომა, საუბარი და ლევანიკოს გახსენება...

 

ასევე დაგაინტერესებთ:   

"საოცარი ამბები ხდება ჩემს შვილთან დაკავშირებით. ლევანიკოს საფლავზე..." - რას გვიყვება ლევან კბილაშვილის დედა

„ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში

"ერთხელ თქვა: ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო... გვიან მივხვდი, რა იგულისხმა" - ალუდას "პრაიმტაიმთან" გიორგი არაბული იხსენებს

რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."