"მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სჯეროდა, რომ ფილმის გადაღებას კიდევ შეძლებდა... გამომიწოდა ფურცელი, რომელიც ერთადერთი ფრაზით იყო გადავსებული..." - რას ეკითხებოდა თენგიზ აბულაძე საკუთარ თავს?

abuladze

31 იანვარს თენგიზ აბულაძე 99 წლის გახდებოდა. უდიდესი კინორეჟისორი, თავისი მკაფიო ხელწერით, იშვიათი ესთეტიკითა და გემოვნებიანი ფილმებით...

სხვა რომ არაფერი გადაეღო, ჩემთვის, ბატონი თენგიზისგან, მხოლოდ "ნატვრის ხეც" სავსებით საკმარისი იქნებოდა. ცალკე დგას და უზარმაზარი ტილოა "მონანიება", სქელტანიანი და მუდამ აქტუალური. თავად რეჟისორს კი, ყველაზე მეტად, საკუთარი შემოქმედებიდან "ვედრება" მოსწონდა... 

რეჟისორის რძალი, ასევე კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, დიდ მაესტროს ასე იხსენებს.

ნანა ჯანელიძე: სულ 7 ფილმი აქვს გადაღებული. ყველაზე დიდი აღიარება „მონანიებამ“ მოუტანა, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად „ვედრება“ უყვარდა. ტრილოგიის გარდა ("ვედრება", "ნატვრის ხე", "მონანიება"), არცერთი თავისი ფილმი არ მოსწონდა, ეს ფილმები კი იყო: "მაგდანას ლურჯა"; "სხვისი შვილები"; "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"; "ყელსაბამი ჩემი სატრფოსთვის"...

ბოლოს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სჯეროდა, რომ ფილმის გადაღებას კიდევ შეძლებდა. ამბობდა - რაც გადავიღე, არაფრად ვარგა, უნდა გადავიღო რაღაც სრულიად ახალი, ფორმითაც და სტილითაც.

ერთხელ მის ოთახში შევიხედე, რაღაცას წერდა. ვკითხე: - ბატონო თენგიზ, სცენარის წერა დაიწყეთ? - შეცბუნებულმა გამომიწოდა ფურცელი, რომელიც ერთადერთი ფრაზით იყო გადავსებული: ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივემართებით?

უკანასკნელ გზაზე გაცილებისას, რეზო ჩხეიძემ იგი პატარა მწყემსს, დავითს შეადარა, რომელიც გოლიათს - საბჭოთა იმპერიას შეება და დაამარცხა.