როგორი ამინდი იქნება 11 ოქტომბრამდე საქართველოში
1728408212
"ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი - ფანატიზმია. ამ სიცივეში მდინარეში ჩახტომით, ცოდვებს ვერ ჩამოიბან, მაგრამ ფილტვების ანთებას აუცილებლად აიკიდებ!", - წერს დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუქზე და კომენტარში ამატებს: ბევრი მათგანი კლინიკაში მოათავსეს და იმედია, კარგად იქნებიანო.
უფრო კონკრეტულად სასაუბროდ "პრაიმტაიმი" სასულიერო პირს დაუკავშირდა.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: - ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე პოსტი და არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა: რამდენიმე ადამიანი, 19 იანვარს მდინარეში განბანის შემდეგ, მწვავე ფილტვების ანთებით კლინიკაში მოათავსესო. ზუსტი ადგილი არ ვიცი, მდინარე მტკვარში შთაფლვისასო. ბუნებრივია, სადღაც აღმოსავლეთ საქართველოში მოხდა.
მძიმე სულიერი ფონია ჩვენს ქვეყანაში. ეს მხოლოდ ფანატიზმი აღარ არის. საქმე სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს.
წმინდა წერილში ვკითხულობთ, იერუსალიმში ტბა ბეთეზდაში განსაბანად წელიწადში ერთხელ, წყლის ამღვრევას ელოდნენ და მიდიოდნენ სნეულები, შთაიფვლებოდნენ და ტბიდან განკურნებულნი ამოდიოდნენ. ერთი - იქ სულ სხვა კლიმატი იყო. მეორე - სნეულები სხვისი განკითხვით დამძიმებული სულით კი არ ჩადიოდნენ ტბაში, საკუთარი სინანულისა და რწმენის ხარჯზე ჩადიოდნენ და კურნებას ელოდნენ.
ჩვენ, იანვრის სუსხიან დღეს, თუნდაც ნათლისღების დღესასწაულზე, გაყინულ-გაქვავებულ მდინარეში ჩავდივართ, სამწუხაროდ, ჩვენ სათანადო რწმენა არ გვაქვს, რომ ასეთ დროს მდინარიდან ჯანმრთელები ამოვიდეთ. როდესაც ამას რიტუალის დონეზე ასრულებ (რომელიც ლამაზია), ვერ განიწმინდები. ცოდვებს მდინარეში ურწმუნოდ შესვლით ვერ ჩამოირეცხ.
როგორ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით აიყოლიო მასები და ამას რელიგიური რიტუალი უწოდო?! წამოდი, ახლა ჩვენ მტკვარში ჩავხტეთ და იქიდან განწმენდილები გამოვალთ! ეს მტკნარი სიცრუე და სისულელეა. ცოდვების ჩამობანა ასე რომ ხდებოდეს, მტკვარში ჩახტომას მე ვინ დამასწრებდა? ცოდვები ვერ ჩამოირეცხება წყლითა და ოკეანით. არამედ ჭეშმარიტი მონანიებით და სინანულის ცრემლით.
დალოცვილო, როდესაც ასე მძინვარებს ვირუსი და ახალ-ახალი შტამები შემოდის, შენ შედიხარ გაყინულ წყალში, რა გარანტია გაქვს, რომ იქიდან ჯანმრთელი გამოხვალ? იმაზე ხომ უნდა იფიქრო, დამძიმებულ სულიერ მდგომარეობას რომ დამძიმებული ფიზიკური მდგომარეობა არ დაუმატო და წყლიდან სასწრაფოთი კლინიკაში არ გახდე გადასაყვანი?
მაპატიოს ყველამ, ასეთ ადამიანებს გამოჯანმრთელებისთვის კლინიკაში დაწოლა არ ეყოფა. მე მგონი, ყველას ერთად გვჭირდება ფსიქიატრიული კლინიკა.
პოსტზე მიკომენტარებენ, მამაო, მეც გეთანხმებით, ეს ფანატიზმია და მეშინია, ამის აღიარებისას არ ჩამქოლონო, შემინდეო. ღმერთმა ისინი შეინდოს, ვინც ქრისტეს მოძღვრება ცირკის სანახაობად აქცია.
ადამიანს კურნავს საკუთარ თავში აღმოჩენილი ქრისტეს რწმენა. მაცხოვარი გვასწავლის, თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გაგაჩნია, მთას თუ ეტყვი, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიო, გადავაო. მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაზეა საუბარი.
რწმენით შეეხო მაცხოვარს სამოსზე სისხლის დენით წლობით დატანჯული ქალბატონი და განიკურნა. ჩემს სამოსზე შეხებამ კი არა, რწმენამ განკურნაო, ამბობს იესო.
რატომ არ განიკურნენ და ცოდვებისგან არ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მტკვარში ჩავიდნენ? ესე იგი, მათ სათანადო რწმენა არ აქვთ.
გახსოვთ, შარშან რუსეთის რომელიღაც ქალაქში, ნათლისღების დღესასწაულზე, ყინულს რომ ტეხდა ცოლ-ქმარი, ქალი ჩავიდა წყალში და დღემდე ვერ იპოვეს, წყალმა წაიღო?.. ასეთ ტრაგიზმში როდემდე უნდა ვიყოთ?
რას ეტყვიან მათ, ვისაც რწმენა ჯერ კიდევ არ აქვს გამყარებული და მდინარიდან ამოსული კლინიკაში ხვდება? ამით ხომ რწმენას ურყევენ. ხომ იკითხავს - რატო არ უშველა ღმერთმა და რატომ მოხვდა კლინიკაშიო?
ძვირფასნო, ღმერთი არ გვეუბნება, რომ იანვრის სუსხიან ღამეს, გაყინულ მტკვარში, თუ სხვა მდინარეში ჩავხტეთ და ჩვენი ჯანმრთელობა სასწორზე შევაგდოთ.
რწმენის გარეშე ნუ ვეთამაშებით რელიგიას. რწმენის გარეშე რელიგიური რიტუალები, ფანატიზმია.