"კლინიკური სიკვდილის მერე, დამირეკა და მითხრა: ნუ გეშინია, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, სანამ..." - ლანა ღოღობერიძე გია ყანჩელზე

lana

გია ყანჩელმა კინოში, უკანასკნელი მუსიკა, ლანა ღოღობერიძის ფილმისთვის დაწერა, თუმცა მაესტრო "ოქროს ძაფის" პრემიერას ვერ მოესწრო. გიას მსგავსად, ამ დროისთვის აღარც ფილმის სცენარის ავტორი, მწერალი - ზაირა არსენიშვილი იყო და აღარც მთავარი გმირის როლის შემსრულებელი, მსახიობი გურანდა გაბუნია. რეჟისორმა ფილმი სწორედ ამ სამი ადამიანის ხსოვნას მიუძღვნა.

აი, რას წერს ლანა  ღოღობერიძე თავის წიგნში "ვისთვის გალობს შაშვი".

"გიას სულ ბოლო ხატი ჩემს მეხსიერებაში:

საწოლში ნახევრადჩაწოლილი, პირში ერთ მხარეს - სასუნთქი აპარატი, ურომლისოდაც უბრალოდ ვერ სუნთქავს და მერე მხარეს - სიგარეტი (ურომლისოდაც ასევე არ შეუძლია სიცოცხლე - ეს ესმით ექიმებს და ამიტომაც მოწევის ნებაც აქვს დართული). აი, ასეთი, აპარატს მიერთებული და სიგარეტის ხარბად მქაჩველი გია გაფაციცებით უყურებს ტელე ეკრანს, სადაც ნუცამ ჩაურთო დედაჩემის, ახალ აღმოჩენილი "უჟმური", რომელიც მან მუსიკალურად უნდა გააფორმოს! უყურებს ისეთივე გზნებით და გატაცებით, როგორც მაშინ, ახალგაზრდობაში, როდესაც "როცა აყვავდა ნუშის" მუსიკას თხზავდა! რადგანაც დღეს მას ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აქვს დარღვეული ერთის გარდა და ეს ერთი - შემოქმედების ფუნქციაა. ერთადერთი, რაც აცოცხლებს ბოლო თვეების მანძილზე და რითაც ის სასწაულებრივ ამარცხებს სიკვდილს - თხზვის, მუსიკის შექმნის ჟინი!

ბოლო წლებში გიას სერიოზული გულის პრობლემები ჰქონდა. მე ფილმის გადაღებას ვაპირებდი და გიას გარეშე მუშაობა ვერ წარმომედგინა.  მახსენდება, როგორ დამირეკა ბრიუსელიდან ერთ-ერთი კლინიკური სიკვდილის მერე და მითხრა: შენ ნუ გეშინია, მე ჩაფიქრებული მაქვს, სანამ შენი ახალი ფილმის მუსიკას არ დავწერ, ამ ქვეყნიდან არ წავალო.

და მან ეს პირობა მართლაც შეასრულა.

მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა გიას სიმფონიური მუსიკა. მისი განსაკუთრებული პიანო, პიანისიმო და ბოლოს, მძლავრ მუსიკალურ აკორდებს შორის, მისი ცნობილი პაუზები: სრული, თითქმის აუტანელი სიჩუმე;

გიას ამ ქვეყნიდან წასვლასაც ასე აღვიქვამ - პიანო პიანისიმო და სულ ბოლოს - სიჩუმე.

სიჩუმე, რომელიც მაინც უჩვეულოდ მეტყველია, იმიტომ რომ მისი მუსიკით არის დატენილი.

მუსიკით ანუ ჰარმონიით, სილამაზით... იმით, რასაც ერთადერთს - შეუძლია სიკვდილის დამარცხება.

ჩემთვის კი ძალიან ძვირფასია ის, რომ "ოქროს ძაფით" დაგვირგვინდა ჩემი და გიას ერთობლივი მუშაობა, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას გასდევს.

ამ მიზეზების გამო "ოქროს ძაფი" სამი ჩემთვის დაუვიწყარი ადამიანის ხსოვნას ეძღვნება."

 

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება

Exclusive: "ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი; თურმე ფრუნზიკა..." - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანზე

"არსებობს სუნები, რომლებიც რაღაცას გახსენებენ. ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის..." - რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა

"რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

ატომ უხდის საჯარო ბოდიშს ლანა ღოღობერიძეს მზია მაღლაკელიძე და რას პასუხობს მას რეჟისორი