Exclusive: "ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი; თურმე ფრუნზიკა..." - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანზე

frunzika

4 ივლისს საბჭოთა კავშირის კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, სომეხი მსახიობი - ფრუნზიკ მკრტჩიანი 93 წლის გახდებოდა. ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი) დაბადებული ბიჭის ბავშვობის ოცნებამ, ფრთების შესხმა კინომექანიკოსობით დაიწყო. ამ ჯადოსნურმა სამყარომ ისე მოწამლა, რომ შემდეგ უკვე, მთელი ცხოვრება კინოს გარეშე არ შეეძლო... თეატრის სცენაზეც ისეთივე ქარიზმატული იყო, როგორც კამერის წინ თამაშისას.

სევდიან თვალებიან ფრუნზიკას ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. ამას არ ამბობდა, ალკოჰოლში ახშობდა ოჯახურ დრამას. ქალიშვილის გარდაცვალებამ და ცოლ-შვილის მენტალურმა პრობლემებმა, ფაქიზი არტისტის ფსიქიკა დააზიანა და ხელი სმას მიჰყო.

ფრუნზიკას პირად ტრაგედიაზე არაერთი დოკუმენტური ჟანრის ფილმია შექმნილი. ბავშვობიდან მასზე შეყვარებულ ქართველ პროდიუსერს, რა უნდა გადაეღო ახალი? არადა, პანდემიისას, სომეხ არტისტზე ფილმის გადაღების სურვილი, მოსვენებას არ აძლევდა. 

და დავით ბეჟიტაშვილის ფილმით, "ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ", გასულ წელს, ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო ამ ფილმით (და ასევე მეორე ფილმით "დარჩი ჩემთან") იყო წარდგენილი. 

ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი, "პრაიმტაიმთან" გენიალურ ფრუნზიკასა და მასთან დაკავშირებულ უცნობ  ფაქტებს იხსენებს.

დავით ბეჟიტაშვილი: ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანს წარდგენა არ სჭირდება; 4 ივლისს 93 წლის გახდებოდა. საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში ერთნაირად უყვარდათ, უზომოდ დიდ პატივს სცემდნენ. ფრუნზიკას ჯიბეში არ ჰქონდა არც პასპორტი და არც ფული, რადგან არ სჭირდებოდა. რესპუბლიკიდან რესპუბლიკაში მათ გარეშეც მშვენივრად მგზავრობდა. 

ფართო ცნობადობა ფილმმა - "კავკასიელი ტყვე ქალი" - მოუტანა, თუმცა გია დანელიას "მიმინომ" თავბრუდამხვევი აღიარება, არნახული წარმატება და მისი პოპულარობა, ერთიორად გაზარდა.

"მიმინო" ნამდვილად იყო მისი პოპულარობის ზენიტი.

ფრუნზიკა ბავშვობიდან მიყვარდა. ვინაიდან ჩვენი ინდოეთის საელჩოც ერევანშია, იქ ჩასული, ყოველთვის გავდიოდი ფრუნზიკას საფლავზე. ერთ კურიოზულ ფაქტს გავიხსენებ: სომეხ მძღოლთან ერთად ვიყავი ერევანში და ფრუნზიკას საფლავზე რომ გავედით, ფოტო გადამიღე და დავდებ "ადნაკლასნიკებშიო" მითხრა. ეს ის პერიოდია, როდესაც "ადნაკლასნიკები" ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული იყო; მეორე დღეს შევედი მის "ადნაკლასნიკებში" და წაშლილი აქვს ფრუნზიკას საფლავზე გადაღებული ფოტო. დავურეკე, მოსიკ, რატომ წაშალე ფოტო-მეთქი? ნათესავებმა დამირეკეს, შენზე ამბობენ, მოსიკა ისე გაგიჟებულა, მამამისი აშოტას საფლავზე არ გადის და ფრუნზიკას საფლავზე ყვავილებით მიდისო;

ფრუნზიკაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრი ფილმი გადაღებულა; დოკუმენტურ ფილმებში კი, ძირითადად, აქცენტს მსახიობის პირად ცხოვრებასა და ტრაგიკულ ბედზე აკეთებდნენ. პანდემიაში მასზე ფილმის გადაღების იდეა ამეკვიატა. მაგრამ რაღაც ახალი უნდა მეთქვა: და გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ მსახიობზე განსხვავებული ტიპის დოკუმენტური ფილმი გადამეღო; საერთოდ არ შევხებოდი მის პირად ცხოვრებას და სულ სხვა მიმართულება ამეღო. 

ფრუნზიკა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და სომხეთის მასშტაბით, არამედ ინდოეთშიც  იყო ცნობილი. მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ორ ინდურ ფილმში - "ალი ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი" და "ლეგენდა სიყვარულზე."

ფაქტობრივად, ფილმი - "ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ" ისტორიული მოვლენა გამოვიდა. ინდოეთში ინდური კინოს ვარსკვლავები გადავიღეთ, რომელიც მას უწევდნენ პარტნიორობას იმ ორ ინდურ ფილმში. ბოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავები, ფრუნზიკას, სხვაგან არსად იხსენებენ, ეს მხოლოდ ჩემს მიერ გადაღებულ ფილმშია.

ინდური კინოს ვარსკვლავი ზინატ ამანი მას ორივე ფილმში უწევდა პარტნიორობას. და ახლა, ფრუნზიკას დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამომიგზავნა აუდიო, რომლითაც იხსენებს მსახიობს. ამ აუდიოს მე ვიზუალური სახე მივეცი და ექსკლუზიურად გაწვდით.

მე "პრაიმტაიმთან" მოყოლილი მაქვს, როგორ ჩავწერე ბუბა ამ ფილმისთვის.

მართალია, მე და ფილმის რეჟისორმა, ოთარ მიქელაძემ, ეს ფილმი ფრუნზიკას ინდურ როლებზე გადავიღეთ, თუმცა მაინც მივიჩნიეთ, რომ ბუბა კიკაბიძის გარეშე, ეს სურათი წარმოუდგენელი იქნებოდა. ამიტომ მას პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის მეშვეობით დავუკავშირდით და ჩვენი შეხვედრა ფუნიკულიორზე შედგა.

შარშანწინ ივლისში, ბუბას უკრაინულ სერიალში - "Сваты" იღებდნენ. რომ მივედით, ფუნიკულიორზე ქორწილის სცენის გადაღება მიმდინარეობდა. ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, ქართული კინოსა თუ თეატრის ვარსკვლავები ისხდნენ დიდ სუფრასთან და გადამღები ჯგუფი ელოდა ბუბას.

12 საათზე მოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, შეეგება უკრაინული გადამღები ჯგუფი (ძალზე ორგანიზებული სტაფი ჰყავდათ), თავს ეხვეოდნენ, ემსახურებოდნენ და ამ დროს ბუბამ იკითხა: მოიცა, ფრუნზიკაზე სად ვილაპარაკოო? როგორც ჩანს, მასზე სასაუბროდ ემზადებოდა და მოვიდა თუ არა, ეს იკითხა. მონდომებული იყო, განწყობაც შესამჩნევად ამაღლებული ჰქონდა.

მას ბევრი ისტორია მოუყოლია ფრუნზიკაზე, მაგრამ ჩვენს ფილმში ძალზე ემოციურად გაიხსენა მეგობარი.  ბევრჯერ, საუბრის დროს, ყელში ბურთი ეჩხირებოდა. პაუზებს აკეთებდა, ცრემლიანი ვერ აგრძელებდა საუბარს... ეს ფილმი ბუბას სიტყვებით მთავრდება და როცა მაყურებელი მის მართლა გულწრფელ ემოციას ხედავს, ღაპაღუპით მოსდით ცრემლები და ტაშს თვალცრემლიანი უკრავენ.

მე ჩემს ოქროს არქივში ვიპოვე სოფიკო ჭიაურელის ინტერვიუ, რომელიც ფრუნზიკას იხსენებს. სოფიკო ინდურ "ალიბაბაში" მონაწილეობდა. ბუნებრივია, ეს ინტერვიუც შევიტანე ფილმში.

მოკლედ, ჩვენი ფილმის პრემიერა შედგა თბილისში, ერევანსა და ფრუნზიკას მშობლიურ ქალაქ გიუმრიში; ასევე სომხეთის საზღვრისპირა ქალაქებსა და ჩვენთან სომხებით დასახლებულ რეგიონებში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით, პრემიერამ ყველგან უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

ფილმი ტაშკენტის მეთოთხმეტე საერთაშორისო კინოფესტივალზე გასული წლის სექტემბერში, ოცდაათ ქვეყანას შორის მოხვდა.

ფილმი წარადგინა არა სომხეთმა, არამედ საქართველომ. ფრუნზიკას პორტრეტზე სულ საქართველოს დროშა იყო. მან თავისი ფილმით ოთხი ქვეყანა გააერთიანა, სომხეთი საქართველო, ინდოეთი და უზბეკეთი; ანუ საქართველომ სომეხი მსახიობი ინდურ ფილმებში შესრულებული როლებით უზბეკეთის ფესტივალზე წარადგინა. (ეს ინდური ფილმები უზბეკეთში იყო გადაღებული.)

იქაური პრესა წერდა, ეს იყო ტოლერანტობის მკვეთრი მაგალითი.

ხალხთა  შორის მეგობრობას მან ნამდვილად ჩაუყარა საფუძველი და ამ მხრივ, მკრტჩიანმა ნამდვილი ელჩის როლი შეასრულა.

ფილმზე მუშაობისას, მსახიობზე დიდ საარქივო მასალას გავეცანი, თან სხვადასხვა ქვეყანაში. ზღვა მასალას, რასაც ბუნებრივია, ერთ ფილმში ვერ ჩავტევდი.

ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი ერთი ფაქტით; რეზო ჩხეიძეს თავის ეკრანიზაცია "დონ კიხოტში" კახის და მამუკას ტანდემამდე, გადაღებული ჰყავდა - ოთარ მეღვინეთუხუცესი (დონ კიხოტი) და ფრუნზიკა (სანჩო პანსა). გადასაღები მოედნიდან ექსკლუზიურ ფოტო მასალასაც აქვე გაწვდით. 

რაც შეეხება მის პიროვნებას; ამგვარი წარმატებების მიუხედავად, ფრუნზიკას ვარსკვლავური დაავადება არ ჰქონია. თუმცა როგორც მასზე ამბობდნენ, ცოტას საუბრობდა და იშვიათად იღიმებოდა. აქაც მომიყვნენ, სუფრასთან ვცდილობდით მისთვის გვესიამოვნებინა, თავი მოგვეწონებინა, ვხუმრობდით, ვხალისობდით, მაგრამ გაცინებული ვერ ვნახეთო. 

ეკრანზე ბრწყინვალე კომიკოსი, ცხოვრებაში ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. მის გმირებსა და მის პიროვნებას შორის დიდი უფსკრული იყო. 

ბავშვობიდან დაჩაგრული იყო. მამა ლოთობდა. შეიძლება სცემდა კიდეც, მსახიობობას უშლიდა. მასთან საერთო ის აღმოვაჩინე, რომ ისიც სკოლის წლებში კინომექანიკოსის თანაშემწე იყო. მეც ასე ვიყავი. 

მერე დაიწყო მის ცხოვრებაში ტრაგედიები: გარდაეცალა ქალიშვილი. შემდეგ ფრუნზიკას მეუღლე ფსიქიკურად დაავადდა. მისთვის საბოლოოდ დამანგრეველი აღმოჩნდა ის, რომ ვაჟს, დედისგან გენეტიკურად გამოჰყვა მენტალური პრობლემები. ამან მსახიობი გაანადგურა, შვებას ალკოჰოლურ სასმელში პოულობდა. ამის გამო ბევრი კარგი როლი აქვს დაკარგული. და ფაქტობრივად, სიკვდილის მოახლოება ამ გზით დააჩქარა კიდეც.

იცით, რომ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, მკრტჩიანმა საქართველოს თეატრის სცენაზე უკანასკნელად ითამაშა?! თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ფართო სანაცნობო წრე...

მოკლედ, ბოლო ვიზიტის დროს, სომხური თეატრის დირექტორმა უთხრა: მოდი, შენი მაყურებელთან სპონტანური შეხვედრა გავაკეთოთო.  1993 წელია. არც აფიშა გვაქვსო და არც არავინ არაფერი იცის და როგორო? - უკითხავს ფრუნზიკას. მაშინ დირექტორმა შესთავაზა, ავლაბრის ბაზარში გავისეირნოთო.

იქ ხალხი შემოეხვია და თუ თეატრი 700 მაყურებელს იტევდა, ამ სპონტანურად მოწყობილ  ფრუნზიკას საღამოზე, ორჯერ მეტი მივიდა თურმე. ისხდნენ კიბეებზე, ჩამატებულ სკამებზე... მანაც უკანასკნელად თბილისის სცენაზე ითამაშა...

მისი ნამდვილი სახელი (პასპორტის) იყო მგერ, რაც სომხურად მზეს ნიშნავს. და თავის თავზე ამბობდა, "თუ მზე, მაშინ ძალიან სევდიანიო..."

და ეს სევდიანი მზის მატარებელი თვალების მქონე კაცი დღეს იუბილარია.

რუბიკჯან, ნათელი შენს ხსოვნას...

გაგიმხელთ კიდევ ერთ ექსკლუზივს - მე ამ ფილმის გაგრძელებაზე ვფიქრობ...

 

ასევე დაგაინტერესებთ: "არსებობს სუნები, რომლებიც რაღაცას გახსენებენ. ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის..." - რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა

"როცა შენი მუსიკით უცხო ხალხს ცრემლები სდის, რწმუნდები, რომ ეს მუსიკა, გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის მუსიკა" - "გორდამ" პარიზში მსმენელი ატირა

"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება