"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა

lana

ლანა ღოღობერიძე თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "ვისთვის გალობს შაშვი" წერს ერთ უცნაურ და საოცარ ისტორიას იმაზე, 17 წლისამ, ლექსად, თუ როგორ უწინასწარმეტყველა მეგობარს დაბრმავება, თანაც ასაკის ზუსტი დასახელებით. ამონარიდი წიგნიდან.

ლანა ღოღობერიძე: გარდაიცვალა თამაზ თევზაძე, ჩემი ერთ-ერთი უძველესი, სკოლისდროინდელი მეგობარი. აი, ვინ იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაუძლო ბედისწერის უმძიმეს დარტყმებს. 30 წლის წინ დაკარგა მხედველობა და ამ განსაცდელიდან დათრგუნული კი არ გამოვიდა, არამედ დარჩა გულღია, მოყვარული, მხნე, ხალისიანი, მხიარული კი, როგორც იყო იქამდე. თავისი უსინათლობით არავინ არასდროს არ შეუწუხებია. არ დაუჩივლია. არც პროექტებზე მუშაობა შეუწყვეტია (პროფესიით არქიტექტორი იყო), არც მეგობრებთან ურთიერთობა. ნუცას ფილმში "კრედიტის ლიმიტი" თამაშს სულ უბრალოდ დათანხმდა და მისივე ბედის კაცის როლი ითამაშა. ითამაშა ისევე ლაღად და ბუნებრივად, როგორც ცხოვრობდა. 

მახსენდება თამაზთან დაკავშირებული ერთი უცნაური ამბავი: ამ რამდენიმე წლის წინ დამირეკა, ერთი საინტერესო რაღაც ვიპოვე და მინდა გაჩვენოო. აღელვებული ჩანდა.

მაშინვე მივედი. თამაზს ხელში ეჭირა ჩემი, ოღონდ ბავშვური ხელით დაწერილი ლექსი "თამაზ თევზაძეს", მინაწერით: 1945, პირველი აპრილი. ანუ თამაზის დაბადების დღე. 1945 წელს ის 17 წლის გახდა.

ლექსის არსებობა სრულიად არ მახსოვდა. თამაზმა გამახსენა, როგორ მელაზღანდარებოდა მაშინ, დაბადების დღეზე საჩუქრად ლექსი დამიწერეო... და მეც "დავუწერე".

"თვალებში გიკრთის ცის სილაჟვარდე, ამ თვალებისთვის გიმღერონ გინდა,

სხვებმა შეგიმკონ გზა ია-ვარდით, სხვამ შეგთავაზოს ტრფიალი წმინდა.

მე კი არ მხიბლავს თვალების ფერი, მათი სითბოა ჩემთვის ძვირფასი,

მე მეგობრობას ჩვენსას ვუმღერი და გეუბნები ამას მეასედ.

მე მინდა შეგრჩეს ამ ჩვიდმეტი წლის ხალასი გული - ლაღი და მშვიდი,

როს ბედისწერის გულცივი ხელით დარეკავს წელი სამოცდაშვიდი.

და თუკი მაინც გულქვა და წყნარი ჟამი ვერცხლისფრად თმაში ატირდა,

შენი და მოვა ცხოვრების ქარით შემოლეწილი ბაღის ნაპირთან.

მოვა, მოგძებნის და ზღვისფერ თვალებს თუ ნაცრისფერი გადაეკრობა,

ტანჯვას უსიტყვოდ გადაიბრალებს, ატირებული გულს ჩაგეკრობა.

 

გაოგნებული ჩავიკითხე ბოლომდე...  "ზღვისფერ თვალებს თუ ნაცრისფერი გადაეკრობა..." "როს ბედისწერის გულცივი ხელით დარეკავს წელი 67"...

თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა...

გაოცებული დავცქეროდი დროისგან გაყვითლებულ ფურცელს. რა იყო ეს? წინათგრძნობა? თუ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვები, რომლებიც შემთხვევით დაემთხვა რეალობას?

მაგრამ საერთოდ საიდან გაჩნდა ფიქრი "ზღვისფერ თვალებზე, რომლებსაც გადაეკრობა ნაცრისფერი"? და რომ ამას მოჰყვება ტანჯვა? 

თავი უხერხულად ვიგრძენი, ვიჯექი დაბნეული და ხმას ვერ ვიღებდი. თამაზმა კი უცებ გადაიხარხარა და ასე განმუხტა დაძაბულობა:

- მე მივხვდი! შენ ეტყობა შუა საუკუნეებში "ვეძმა" იყავი და კოცონზე დაგწვესო!

ისე გულიანად იცინოდა, რომ მეც გამაცინა. თავი კოცონზე დამწვარ "ვეძმად" წარმოვიდგინე, რომელმაც თავისი "ვეძმური" გულთმისნობის გამო იცის, რა უნდა დაემართოს ადამიანს ორმოცდაათი წლის მერე... და, რატომღაც, გულზე მომეშვა.

მერე გზაში იმასაც ვფიქრობდი: ადამიანს ხომ მუდმივი მოთხოვნილება აქვს ზებუნებრივის, ტრანსცენდენტურის. ცხოვრება შეუწყვეტლივ გვთავაზობს კითხვებს, რომლებზეც პასუხი არ გვაქვს. 

და მაშინ იბადება მისტიკა...

 

ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა

"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა

„ჭკუაზე არ იყო ჯინო! რვაწლიანი პატიმრობა ორი წლით შეუცვალეს“ - სასწაულები, რომლის შემდეგ იტალიელმა ვაჟს გაბრიელი დაარქვა

ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!