1728933551
"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა
"აკეთე ის, რაც შენ გინდა, თუ ნებას მოგცემს უფალი, იფრინე სივრცის გადაღმა, იყავი თავისუფალი" - ალუდა ქეთელაურის სიტყვებია, ოღონდ ვაჟასი კი არა, 21-ე საუკუნის ალუდასი, რომელმაც 24 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე, 11 ივნისს კი მისი გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. რამდენს იმღერებდა და რამდენ პოეტურ ფრაზას გაუშვებდა სამყაროში, ვინ მოთვლის... თუმცა... თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, ღვთის ნებით აღესრულა თუ საკუთარი...
- ქალაქში როდის მიდიხარ? - წინა დღეებში მთაში, სუფრასთან უკითხავთ მისთვის.
- ხვალო, რომ უპასუხებია, უთხრეს: ხვალ ფრენა არ არის, და არხოტიდან შენთვის ფრენას ვინ დანიშნავსო.
- ჩემი გაფრენა უკვე დაგეგმილიაო, - ღიმილით უთქვამს.
"მეხუთე სეზონის" სოლისტის მოულოდნელ გარდაცვალებას მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ერთი ვერსიით მან თავი მოიკლა, მეორე ვერსიით - ეს იყო წამლის ზედოზირება. თუმცა მეგობრები ვერსიებს კატეგორიულად უარყოფდნენ.
"წასვლა დამასწარი გადარეულო, არ დამთავრდები, ქეთელაურო..." - ლექსებს უძღვნიდნენ ნაადრევად წასულ პოეტსა და მომღერალს.
ალუდა დუშეთის რაიონიდან იყო. ხევსური ბიჭი თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ხალხურ საკრავებზე ასრულებდა ხალხურ სიმღერებს, წერდა ლექსებს...
პოეტი და რეჟისორი გიორგი არაბული ასე იხსენებდა მეგობარს.
"ალუდა ჩემთვის იყო განწყობების გალერეა, საბადო. მას შეეძლო ძალიან დიდი სიყვარული, ალუდა უყვარდა ყველას, ვინც არ იცნობდა, მათაც. მუსიკაში სწორი მიმართულება ჰქონდა არჩეული. მისი ჯგუფის პირველი სიმღერა იყო "ზეცას შახეეო, აპარეკავ", რომლის ტექსტიც პატარამ დავწერე. ვერ წარმომედგინა, თუ ამაზე შეიძლებოდა მუსიკის დაწერა. დრამატურგიული, ამბავი-ლექსია, მაგრამ ალუდამ და ბიჭებმა მუსიკალურად აღიქვეს და ძალიან საინტერესო კომპოზიციაც შექმნეს. ამიტომაცაა, რომ დღეს არაქართველებიც კი მღერიან "აპარეკას".
სწორედ მაშინ, როცა იწყებდა ყველაფერს... იმ პერიოდში გარდაიცვალა... ის იყო ბავშვი, რომელმაც რაღაც ტვირთებს ვეღარ გაუძლო... ბავშვში ვგულისხმობ სისუფთავესა და გულწრფელობას ადამიანების მიმართ, რომლითაც გამოირჩეოდა. საოცარი ბუნება ჰქონდა.
ალუდა გამორჩეული ადამიანი იყო..." - "რეპორტიორთან" ამბობდა არაბული.
სანამ დუშეთში, მშობლიური სოფლის მიწას მიაბარებდნენ, ბევრ ახლობელთან ერთად უცნობმა ადამიანებმაც დაიტირეს, მხოლოდ მისი შემოქმედება რომ აახლოებდათ ძალზე სიმპათიურ პოეტ ალუდასთან.
"ეჭვის დონეზეც ვერ ვხვდებით რა მოხდა" - ამბობდნენ ალუდას მოულოდნელ გარდაცვალებაზე მეგობრები.
"ვიცი, რომ წეროვანში იპოვეს, მარტო იყო. არ ვიცი, ვინ და როგორ იპოვა, არც ის ვიცი იქ ვისთან ერთად წავიდა."
"ალუდას დასაფლავებაზე ბათუმიდან 50 მანქანით ჩამოვიდა ხალხი, მათგან ალუდას პირადად არავინ იცნობდა."
"ალუდა სამი თვის წინ ვიპოვე. როგორც კი მის შესახებ გავიგე, მაშინვე ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა...
ბოლოს გარდაცვალების დღეს ვესაუბრე. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. მითხრა, წეროვანში წავიდეთ, მეგობრებთან ერთად მივდივარ და გთხოვ, ჩემთან ერთად იყავიო. ნაჩხუბრები ვიყავით და უარი ვუთხარი, საღამოს კიდევ დამირეკა, ვიჩხუბეთ. ბოლოს მომწერა, მაპატიეო და... ღამის 11 საათზე უკვე პროზექტურაში იყო.
არავის გამომშვიდობებია, არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია, მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. ბევრი ჭორია, მაგრამ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. როგორი სიცოცხლით სავსეც ალუდა იყო, მისნაირი არავინ მეგულება" - "სარკესთან" წლების წინ ჰყვებოდა ანუკა ფერაძე, ალუდას შეყვარებული.
და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ხევსურმა პოეტმა ეს სტრიქონები დატოვა.
"მე უკვე მოვკვდი ყალბი ღიმილით... მე უკვე სულში მესროლეს ტყვია...
მე უმწეო ვარ... ვტირი ჩვილივით...
რადგანაც... მაინც ცოცხალი მქვია..."
ასევე დაგაინტერესებთ: "მე ვამრავლო და ამათმა დახოცონ?!" - სად არის ტაძარი, რომელიც დედებს და ექიმებს აბორტის სინანულმა ააშენებინა
ტაძარში თეატრი გაგიგონია, შენ?..." - რა უწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა "მეტეხის თეატრის" მსახიობებს