"არსებობს სუნები, რომლებიც რაღაცას გახსენებენ. ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის..." - რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა

gabriadze

ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მხატვარი და მოქანდაკე, რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა. ქართული კინემატოგრაფია მისი შედევრების - "არაჩვეულებრივი გამოფენის", „სერენადის“, „არ დაიდარდოს“, „ქვევრის“, „ფეოლას“, „შერეკილების“, „მიმინოს“, „ქინ-ძა-ძას!" გარეშე ხომ წარმოუდგენელია.

თავისი განუმეორებელი მარიონეტების თეატრი 1981 წელს დააარსა, სადაც საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი თავად იყო. 2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით, მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც თავად მხატვრის ხელითაა მოხატული. 

ეს ერთი რეჟისორის თეატრი გამორჩეულია იმითაც, რომ თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, და სხვა.

მომდევნო წლებში სპექტაკლებმა როგორებიცაა: „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (თბილისი 1982), „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“ (თბილისი 1989), „სტალინგრადი“ (საფრანგეთი, დიჟონი 1996), „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ (შვეიცარია, ლოზანა, 2002), თეატრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა.

მისი, როგორც მხატვრის ნამუშევრებიც მისი ფილმებივით მაღალი დონისაა. გაბრიაძის ტილოები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში “შადრევნის სახლში” ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი)…

მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში; საფრანგეთსა და რუსეთში.

2002 წელს, „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენისას რეზო გაბრიაძემ BBC-ის უთხრა, რომ ის თავს ხშირად დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოსთან“ აიგივებდა. ის საკუთარ თავს, მსოფლიო კულტურისაგან მიტოვებულად, ტოტალიტარული სახელმწიფოს კუნძულზე მყოფად აღიქვამდა.

იმერეთში დაბადებულ-გაზრდილის, იმერული იუმორით შეკმაზული მისი ფილმები ბევრს გვიყვარს. და ამ ფილმების ფრაზები დაუვიწყარია, სიტუაციურად, ამდენი წლის შემდეგ, დღემდე ვიყენებთ. შემოქმედის უკვდავებაც ეს არის.

ხუთი წლის წინ ანიმაციური ფილმი – “ჰარი, ჰარალე, დედაო” გამოუშვა, ავტობიოგრაფიული, საოცარი გულწრფელობით მონათხრობი ამბავი, მის მშობლიურ ბანოჯაში დაბადებულ მსოფლმხედველობაზე.

ეს გენიოსი ორი წლის წინ 6 ივნისს დავკარგეთ. ივნისი აღმოჩნდა მისი ამიერისა და იმიერის დაბადების თვე.

რეზო გაბრიაძე ამაღლებას გავაცილეთ და ეს დამთხვევა არ არის, თითქოს, კანონზომიერებაა. ისეთივე სიმსუბუქით წავიდა, როგორც “შერეკილების” ფინალში მოლივლივე ყანჩელის მუსიკა…

წავიდა უჩუმრად და ისეთივე სევდით, რაც მის შემოქმედებას გასდევს თითქოს შეუმჩნევლად.

ლაშა თაბუკაშვილი: – რეზო გაბრიაძე ბუნების და ღვთის რჩეულია. განსაკუთრებული, სევდიანი გენიოსი იყო. ბოლო ორი წელი სატელეფონო რომანი გვქონდა. ხანდახან ღამის სამ საათზეც მირეკავდა. ყველაფერზე ვსაუბრობდით, “ქეთო და კოტედან” დაწყებული (რომელიც ძალიან უყვარდა). ინტერნეტის მიერ დიდ სოფლად გადაქცეულ ქვეყანაზე ვსაუბრობდით, რომელმაც გააქრო საიდუმლოების, ურთიერთობების ხიბლი… ანზორ ერქომაიშვილის ამბავი მკითხა, სად კრძალავენო. მთაწმინდა გადაწყვიტეს-მეთქი. ისე გაუხარდააა… უკვე გვერდიგვერდ იქნებიან. მისი დაკრძალვის დღე ამაღლებაა და რეზოს სულს მოუხდა…

გიორგი კეკელიძე: არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქებს უდრიან. ადამიანებს, შენობებს, ცხოველებს, მცენარეებს, შესახვევებს, ამ შესახვევებში შეხვეულ ჩურჩულებს, ცრემლებს, სიცილებს. რეზო გაბრიაძე უდრის ქუთაისს. ქუთაისი კიდევ ძალიან დიდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი უდრიდეს, მაგრამ რეზომ შეძლო და დაეტოლა. ცათმფრენზე ზის ახლა რეზო, ზის ღიმილით და უვალოდ. მიფრინავს და გვიღიმის აქეთ გადაუხდელ ვალში მყოფებს. დროებით, დიდო კაცო.

ზურა შევარდნაძე: ივნისის პირველ კვირას, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ხანაც ხუთი. ყოველთვის ერთი და იგივე წერილით: "ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს."
რეზო გაბრიაძე.
წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი..
აღარ მოვიდა.

ნახეთ, როგორ აღიქვამდა ის ბავშვობას, ამ უმთავრეს ხანას ჩვენი ცხოვრებისას.

რეზო გაბრიაძე: – ბავშვობა – ეს პროცესია. შეგრძნებით ის არასოდეს მთავრდება. როცა მუსიკა გესმის ან ხელოვნებას ხედავ – მთლიანად მეორდება, ბედნიერება მეორდება. ბავშვობა, ალბათ, ბედნიერებაა. გახსოვთ, ბავშვობაში რამდენი მზიანი დღეა? და ქარის ან ნიავის მხოლოდ ორი-სამი დაკვრა, რომლებიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდება. ერთი ქარი – თბილია, თითქოს შენობიდან გიბერავთ, უბერავს, როცა გაზაფხული მოღონიერდება…

არის სუნები, რომლებიც გეწევიან, რაღასაც გახსენებენ. ცხოვრების ისეთი, ნამდვილი სუნები, როგორიცაა ბალახის, თივის, პურის. ახლად შეღებილი მერხის, ოლიფის, აცეტონის სუნი… კიტრისაც… ის ჩემში ტალღის სუნის ასოციაციას იწვევს. ჩემს ბავშვობაში კიტრი ზაფხულსა და ზღვას ემთხვეოდა.

ყველაზე მშვენიერი მაინც – ქარია. ყველა მდგომარეობა მიყვარს: უნაზესი მსუბუქი ქროლვიდან დაწყებული – გრიგალით, ქარიშხლით დამთავრებული. ნუთუ შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი ხმა, ვიდრე თუნუქისა, რომელიც ქარისგან გრიალებს? ან როცა მილშია?.. ახლა კიდევ რა გავიფიქრე: სცენაც ათი კვადრატული მეტრი მივიღე. ესე იგი, სცენა შეიძლება უფრო დიდი იყოს, მაგრამ მას ჩემი ბავშვობის ათ მეტრამდე ვავიწროებ. მათში ისევ ეტევა მთელი პლანეტა, გზები, ისტორია. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ემთხვევა. ღმერთო, რამდენი საოცრებაა ამ სამყაროში…

 

ასევე დაგაინტერესებთ: რეზო გაბრიაძე ამ სცენარისთვის კინაღამ დაიჭირეს - ნახეთ, რომელ კინო შედევრზეა საუბარი

"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე

"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება