„მძიმედ და სევდიანად არის... ძალიან დარდობს მეუღლეს“ - სად და როგორ ატარებს ბუბა კიკაბიძე დაბადების დღეს

kikabidze

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის გახდა. დღეს ბათუმშია და ტრადიციული კონცერტისთვის ემზადება, რომელსაც თავის დაბადების დღეს მართავს. ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში დაგეგმილი კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა უკრაინაში გადაირიცხება.

ესტრადის ვარსკვლავი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სევდიანია. ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი, ბალერინა ირინა ქებაძე, გასული წლის ოქტომბერში დაკარგა.

ირინა ქებაძეს ჭკვიან და დიპლომატ ქალად ახასიათებდნენ. 55 წლიანი ოჯახის საიდუმლოდაც, ამას მიიჩნევენ. ხმაურიანი კარიერის მქონე კიკაბიძის გვერდით ცხოვრება, ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ფაქტია, ირინამ, არტისტის ავანტიურებითა და ბობოქარი პასაჟებით სავსე ცხოვრებას, გაუძლო.

კარიერის პარალელურად, ბალერინამ ორი ოჯახის შექმნა მოასწრო. პირველი ქმარი, სახალხო არტისტი, გურამ საღარაძე იყო, რომელთანაც ქალიშვილი, მარინა საღარაძე გაუჩნდა, ბუბასგან კი ვაჟი, კონსტანტინე ჰყავს.

ამ ვარსკვლავურ წყვილზე, "პრაიმტაიმთან", ნანი ბრეგვაძე შემდეგს იხსენებს.

ნანი ბრეგვაძე: - არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. ბუბა ისეთი პოპულარული იყო და ისეთი შარმი ჰქონდა, ვინ გააჩერებდა? მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. მაგრამ ირინას იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ არ ეეჭვიანა. ისე წაიყვანა ურთიერთობა, რომ ბუბას გახსნილად ალაპარაკებდა და მერე, ან იმ ქალს იცავდა, ან ისხდნენ და ერთად იცინოდნენ. მიყვებოდა, ბუბა რომ მეტყვის ვიღაც ქალზე, მეცოდებაო, იმ წუთას ვხვდები, რომ იქ “რაღაცაში” იყო საქმეო. თან იცინოდა ირა და მეუბნებოდა, მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს ეს გართობა, თორემ როგორ დავუშლიო. ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა. რადგან იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირინა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი.

როგორც მარინა საღარაძე გვეუბნება, მეუღლის არყოფნით გამოწვეული სევდის გასაქარვებლად, ბუბას გვერდით ყოველთვის არიან მისი ან შვილები, ან შვილიშვილები...

მარინა საღარაძე: - მძიმედ და სევდიანად არის. მეუღლეს ძალიან დარდობს. ცდილობს თავი საქმით დაიკავოს, საყვარელი საქმით იყოს გართული. თუმცა მარტო რომ რჩევა, სევდიანია. ჩვენ ვცდილობთ თავი მარტო არ იგრძნობს.

ახლა ბათუმში მასთან ერთად არიან შვილიშვილები და შვილთაშვილები. კონცერტისთვის ცდილობს ძალა მოიკრიბოს. ეს კონცერტი უკრაინასთან არის დაკავშირებული. საქველმოქმედოა. მე წელს პირველად ვერ ვახერხებ ჩასვლას ბათუმში.  

ვცდილობთ დედაჩემის არყოფნაზე ხშირად არ ვისაუბროთ, თუმცა ეს დარდი ჩვენთანაა. ნამდვილად დიდი სიყვარული ჰქონდათ.

დედას წასვლით ყველა დავობლდით. როცა მშობელს კარგავ, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მაინც მოქმედებს. როგორც მშობელს, ისე არავის ეყვარები. დღე არ არის არ გავიხსენო, დედა ან მამა. მათთან კავშირს არ ვკარგავ. დედა ყოველ ნაბიჯზე ახლოსაა ჩემთან და ვგრძნობ. 

როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ასაკი მხოლოდ ციფრებად რჩება. შარშან ივლისში, ლეგენდარულ არტისტს უკრაინულ სერიალში - "Сваты" იღებდნენ. ერთი ეპიზოდი ფუნიკულიორზე მდებარე რესტორანში გადაიღეს, სადაც კიკაბიძემ, თავის საყვარელ მეგობარზე, სომეხ არტისტზე - ფრუნზიკ მკრტჩიანზე სასაუბროდ, მეორე გადამღები ჯგუფი დაიბარა.

დავით ბეჟიტაშვილმა, ფილმ "ფრუნზიკ მკრტჩიანი: ინდოეთს ვახსოვარ" - იდეის ავტორმა და პროდიუსერმა, "პრაიმტაიმთან" გაიხსენა, ბუბა, ყელში ბურთგაჩხერილი როგორ იხსენებდა ფრუნზიკას.

დავით ბეჟიტაშვილი: - მართალია, ეს ფილმი მე და ფილმის რეჟისორმა, ოთარ მიქელაძემ, ფრუნზიკას ინდურ ფილმებში შესრულებულ როლებზე გადავიღეთ, თუმცა მაინც მივიჩნიეთ, რომ ბუბა კიკაბიძის გარეშე, ეს სურათი წარმოუდგენელი იყო. ამიტომ მას პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის მეშვეობით დავუკავშირდით და ჩვენი შეხვედრა ფუნიკულიორზე შედგა.

შარშან ივლისში, ბუბას უკრაინულ სერიალში - "Сваты" იღებდნენ. რომ მივედით, ფუნიკულიორზე ქორწილის სცენის გადაღება მიმდინარეობდა. ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, ქართული კინოსა თუ თეატრის ვარსკვლავები ისხდნენ დიდ სუფრასთან და გადამღები ჯგუფი ელოდა ბუბას.

12 საათზე მოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, შეეგება უკრაინული გადამღები ჯგუფი (ძალზე ორგანიზებული სტაფი ჰყავდათ), თავს ეხვეოდნენ, ემსახურებოდნენ და ამ დროს ბუბამ იკითხა: მოიცა, ფრუნზიკაზე სად ვილაპარაკოო? როგორც ჩანს, მასზე სასაუბროდ ემზადებოდა და მოვიდა თუ არა, ეს იკითხა. მონდომებული იყო, განწყობაც შესამჩნევად ამაღლებული ჰქონდა.

მას ბევრი ისტორია მოუყოლია ფრუნზიკაზე, მაგრამ ჩვენს ფილმში ძალზე ემოციურად გაიხსენა მეგობარი.  ბევრჯერ, საუბრის დროს, ყელში ბურთი ეჩხირებოდა. პაუზებს აკეთებდა, ვერ აგრძელებდა საუბარს...

ფრუნზიკ მკრტჩიანი სანჩოს როლის სინჯებზე თბილისში (ფოტო დავით ბეჟიტაშვილის არქივიდან)

ეს ფილმი ბუბას სიტყვებით მთავრდება და როცა მაყურებელი მის მართლა გულწრფელ ემოციას ხედავს, ღაპაღუპით მოსდით ცრემლები და ტაშს თვალცრემლიანი უკრავენ.

საუბრის დროს არის უშუალო, იმდენადაც, რომ ვერ გრძნობ, ლეგენდის წინ რომ ზიხარ. გულწრფელია, უსმენ მოჯადოებული, თითქოს იმ გარემოში გადაჰყავხარ, რაზედაც გიყვება... ნამდვილი ვარსკვლავია.

თქვენი მეშვეობით დაბადების დღეს ვულოცავ. მხნეობა და ჯანმრთელობა ბუბა კიკაბიძეს.