"ბუბას ისეთი შარმი ჰქონდა, მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. ხალხს უნდოდა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით..." - ნანი ბრეგვაძე მეგობარს იხსენებს

nani

"ხალხს უნდოდა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. გამუდმებით ჭორაობდნენ. მეც მომწონდა ბუბა და მასაც მოვწონდი. ის ვის არ მოეწონებოდა? ის ისეთი მომხიბვლელი იყო... თუმცა არა თავიდან. მერე გასიმპათიურდა. კეთილი ადამიანია და უყვარს, როდესაც ადამიანებს ეხმარება", - ჰყვებოდა ნანი ბრეგვაძე ბუბაზე. 

დიახ, მათ შორის მეგობრობა სიკვდილამდე გაგრძელდა. "ორერადან" მოყოლებული დღემდე ერთმანეთის დიდი გულშემატკივრები იყვნენ. სცენაზე, თუ მის მიღმა, ყველგან იყო მეგობრობა ნაღდი და ნამდვილი. გონიოში სახლები გვერდიგვერდ აიშენეს. დაბადების დღეებიც თითქმის ერთდროულად ჰქონდათ - 19 ივლისს ვახტანგს, 22 ივლისს კი ქართული სცენის დედოფალს. 

ნანის ბუბა კიკაბიძის მეუღლესთან, ირინა ქებაძესთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. 

ირინას ჭკვიან და დიპლომატ ქალად ახასიათებენ. ის ბალერინა გახლდათ. მისი და ვახტანგ კიკაბიძის 55 წლიანი ოჯახის საიდუმლოდაც, ბალერინის გამჭრიახობას მიიჩნევენ. ხმაურიანი კარიერის მქონე ბუბას გვერდით ცხოვრება, ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ფაქტია, ირინამ, არტისტის ავანტიურებითა და ბობოქარი პასაჟებით სავსე ცხოვრებას, გაუძლო.

როგორც ნანი ბრეგვაძე "პრაიმტაიმს" უყვება, ირა ის ქალი არ იყო, რომელსაც ტოვებენ და მისგან მიდიან. მან ეს კარგად იცოდაო.

კარიერის პარალელურად, ბალერინამ ორი ოჯახის შექმნა მოასწრო. პირველი ქმარი, სახალხო არტისტი, გურამ საღარაძე იყო, რომელთანაც ქალიშვილი, მარინა საღარაძე გაუჩნდა, ბუბასგან კი ვაჟი, კონსტანტინე ჰყავს.

ირინას და ბუბას ვაჟი, წლებია, ტორონტოში ცხოვრობს.

ნანი ბრეგვაძე: ბუბას საავადმყოფოში შევუთვალე, რომ ნახვა მინდოდა. არავის უშვებდნენ. ჩემს ზარს უცდიდა ხოლმე და მეც ვუცდიდი, როდის მეტყოდნენ, დაურეკეო. ბოლოს ვერ მეტყველებდა. მიმიკებით ანიშნებდა ირგვლივ. მარინამ (საღარაძემ) უთხრა, ნანი დაგირეკავს და გინდა, რომ დაელაპარაკოო? თვალებით ანიშნა თურმე, მინდაო და გაუღიმია...

ძალიან დიდი მეგობარი დავკარგე ასევე მისი ცოლის, ირინას სახით. ვერც წარმოიდგენთ, როგორი იშვიათი ადამიანი იყო. რამეზე რომ გავბრაზდებოდი და ბუბაზე საყვედურს ვეტყოდი, ქმართან ერთხელაც არ წამოსცდენია, ნანიმ ასე მითხრა შენზეო. უკეთილშობილესი ადამიანი იყო.

ბევრი და გადასარევი მეგობრები მყავდნენ, მათ შორის, მოწინავე ადგილი ეჭირა ირინას. გეფიცებით, ჩემს ცხოვრებაში, ის იყო საუნჯე. მისთვისაც ჯუგა გუდიაშვილის შემდეგ, მე ვიყავი უახლოესი მეგობარი.

როდესაც ბუბაზე და ირაზე მეკითხებოდნენ, მაშინვე ირას დიდებულება ამოტივტივდებოდა ჩემს წარმოსახვაში.

ბუბას მოსკოვში ჰყავდა დირექტორი, მომღერალი ვალერია და მას აქვს ჩემთან ირინაზე ნათქვამი, ასეთ ჭკვიან ქალს იშვიათად შევხვედრივარო.

სიტუაციების უბადლო დამლაგებელი გახლდათ.

"ორერას" პერიოდში, მე და ირინა, ხუთი წელი, მოსკოვში, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ბუბა სულ გადაღებებზე იყო.

მე ნოსტალგიის ძლიერი შემოტევა მქონდა და ირინამ გადამატანინა. განცდებში ვიყავი. მერე ჩემზე ამბობდნენ, მოგზაურობა არ უყვარსო. როგორ არ მიყვარს, მაგრამ ოჯახი, ახლობლები და სამშობლო მენატრებოდა. ძალიან განვიცდიდი. ეს "ორერას" ბიჭებმა კარგად იცოდნენ.

თუ იყო საშუალება, განსტროლებზე სულ დამყავდა ჯერ ეკა, შემდეგ შვილიშვილები, დედა.

როდესაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, გასტროლების დროს, დიდ ქალაქებში აპარტამენტებს მაძლევდნენ. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ირა, ნოსტალგიური შემოტევების დროს, ძალიან დამეხმარა. მამხნევებდა – ნუ აქცევ ყურადღებას, ეს უნდა გაიარო, გადაიტანოო, მეუბნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი.

იცით, რა სიცოცხლით სავსე იყო?! ყველაფერს ასწრებდა ეს პატარა ქალი. მოგეხსენებათ, ბალერინა იყო. სახასიათო როლებს აძლევდნენ. მახსოვს, “ექიმ აიბოლიტში” ისეთი კარგი იყო…

ბუბას, იცით, რამდენჯერ შესთავაზეს მოსკოვში დარჩენა? რა მინდა იქო, ამბობდა. 

არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. ბუბა ისეთი პოპულარული იყო და ისეთი შარმი ჰქონდა, ვინ გააჩერებდა? მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. მაგრამ ირინას იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ არ ეეჭვიანა. ისე წაიყვანა ურთიერთობა, რომ ბუბას გახსნილად ალაპარაკებდა და მერე, ან იმ ქალს იცავდა, ან ისხდნენ და ერთად იცინოდნენ. მიყვებოდა, ბუბა რომ მეტყვის ვიღაც ქალზე, მეცოდებაო, იმ წუთს ვხვდები, რომ იქ “რაღაცაში” იყო საქმეო. თან იცინოდა ირა და მეუბნებოდა, მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს ეს გართობა, თორემ როგორ დავუშლიო. ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა. რადგან იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირინა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი.

მე ბუბას პირშიც ვეუბნებოდი, თუ რამ კარგი აქვს გაკეთებული, ეს ირას დამსახურებაა. თუ რამ შეცდომა აქვს დაშვებული, ეს მაშინ, როდესაც მის გვერდით ირა არ იყო…

ბუბა უკონცერტოდ ვერ ძლებდა. ბოლომდე გასტროლებზე დადიოდა. ირას ვეუბნებოდი, რა დროს მაგის გასტროლებია-მეთქი. ის კი მპასუხობდა, ნანი, ეგ რომ ავუკრძალო, მოკვდებაო...

ბუბამ ცოლს მიუძღვნა სიმღერა, სადაც ასეთი სიტყვებია: "ჩემო ძვირფასო. ჩემი შვილების დედავ, ჩემი შვილიშვილების ბებიავ. განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო, რომ შენი ცრემლები არ დავინახო." ირინას ამ სიმღერის შესრულება აუკრძალავს მისთვის, რადგან მასში ბებიად მოიხსენიებს...

მოხდა პირიქით, პირველი ირინა წავიდა - 2021 წლის ოქტომბერში. ქართული სცენის ლეგენდას კი 19 იანვარს მივაბარებთ მშობლიურ მიწას...