დეიდა ნატოს აღიარება: „გადაღებისას ოთარ კობერიძეს ვერ ვეხუტებოდი, შეშასავით ვიყავი, სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა...“

cicino

"სხვისი შვილები" თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებლად გადაღებული ფილმია. მანამდე კი, "მაგდანას ლურჯა" რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. 

დეიდა ნატოს როლში ციცინო ციციშვილია, პროფესიით ქიმიკოსი. ის მხატვარ ზურა (პიკო) ნიჟარაძის ცოლია. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ანკა ნიჟარაძეც, დედის მსგავსად, გარეგნობის გამო რეჟისორებმა თავიდანვე შენიშნეს და რამდენიმე ფილმში ათამაშეს.

ციცინო ციციშვილი თენგიზისადამი მიძღვნილ წიგნში - "თენგიზ აბულაძე ანარეკლები" იხსენებს ფილმში მოხვედრის და თამაშის ამბავს.

ციცინო ციციშვილი: გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ „სხვისი შვილების“  გადაღება ერთ-ერთი ნათელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.  ეს ფილმი ჩემი შვილია. თავიდან ბოლომდე დიდი სიამოვნებით ვუყურებ. იქნებ იმიტომ, რომ იქ ძალიან ახალგაზრდა ვარ, თავისუფლად დავრბივარ, ტრამვაის ვახტები. მატარებლიდან მე არ ვხტები, თენგიზ აბულაძემ დამზოგა და დუბლიორი აიყვანა.

20 წლის ვიყავი, მეგობრებთან ერთად რუსთაველის თეატრში ნანი ბრეგვაძის მოსასმენად რომ გახლდით. იქ გამაცნო დათუნა მაჭავარიანმა თენგიზ აბულაძე. მან კინოსტუდიაში მიმიწვია. რა თქმა უნდა, მესიამოვნა. მას შემდეგ რაც დეიდა ნატოს როლზე დამამტკიცეს, ლეილა აბაშიძესაც სინჯავდნენ და მეგონა, მე აღარ დამიძახებდნენ. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი.

იმდენად კეთილგანწყობილი გარემო სუფევდა, რომ მე, რომელსაც წარდმოდგენა არ მქონდა რა არის კინო, გადაღება არ გამჭირვებია. ამაში გადამწყვეტი როლი,  რასაკვირველია, თენგიზმა ითამაშა. ისე მათამამებდა და მაქებდა, რომ მეც დავიჯერე, თითქოს რაღაცის გამკეთებელი ვარ და რაღაც შემიძლია.

ერთხელ ძალიან გამიწყრა. საშინლად გამიჭირდა ინტიმური სცენის გადაღება. ხომ გახსოვთ, რა პაწაწინა ინტიმური სცენაა, შეიძლება ითქვას, არაფერი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა თამაში. ოთარ კობერიძეს ვერ ვეხუტებოდი, ვერანაირ გრძნობას ვერ გამოვხატავდი, შეშასავით ვიყავი.

იმ დროს მე ზურა ნიჟარაძეს ვხვდებოდი, ოთარი - ლია ელიავას. სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა. შევხედე თენგიზს და იმასაც ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე, რას ვაწვალებ ამ ბავშვსო, თქვა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ერთი სცენა უამრავჯერ გადავიღეთ, არადა, არ გამომდიოდა. შეწუხებულმა თქვა: ისე მიკვირს იმ რეჟისორების, ორ სერიან ფილმებს რომ იღებენ და მსახიობები არ ბეზრდებათო. გაბრაზებამ რომ გაუარა, მერე ბევრი მეფერა. ბოლომდე საოცარი ურთიერთობა გვქონდა.