დასავლეთს იმდენი ინვესტიცია არ განუხორციელებია ტყუილად, რომ რაიმე ტიპის ავანტიურისთვის გაიმეტოს ჩვენი ქვეყანა - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ორგანიზაცია, International Crisis Group-ის სტატიას ეხმაურება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლამ და იზოლაციის მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი მიდგომებია საჭირო.
ბრიუსელმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა გაზვიადებული.

"კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი" ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ცივი მიდგომა საქართველოს ლიდერებისადმი მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ.

ფავლენიშვილის შეფასებით, საქართველო ესკალაცია მხოლოდ რუსეთს სურს.

"რა თქმა უნდა, დასავლურ სამყაროში არავის არ ექნებოდა ეს განზრახვა, იმიტომ, რომ დასავლეთს იმდენი ინვესტიცია არ განუხორციელებია ამ ქვეყანაში ტყუილად, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რომ რაიმე ტიპის ავანტიურისთვის გაიმეტოს ჩვენი ქვეყანა. პირიქით, თუ ვინმეს სურს აგრესია, სისხლის ღვრა და ძალადობა ამ ქვეყანაში, არის რუსეთი," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ასევე საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.