ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
თენგიზ აბულაძე 99 წლის გახდებოდა... დაუვიწყარი ფილმების რეჟისორს ინტერვიუების მიცემა არ ჰყვარებია, ტელე გადაღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ამიტომ ნაკლებად თუ შემორჩა მაესტროს ინტერვიუ, რაიმე პორტრეტული ფრაგმენტი... ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მისმა რძალმა, კინო რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ თენგიზ აბულაძეზე წიგნის გაკეთება გადაწყვიტა, ეს იყო. და წიგნი, რომელსაც „თენგიზ აბულაძე - ანარეკლები“ დაარქვა, 2009 წელს დაიბეჭდა. ქალბატონმა ნანამ ეს არაჩვეულებრივი წიგნი მისახსოვრა და შევეცდები, იქიდან საინტერესო პასაჟები გაგიზიაროთ.
წიგნში მსახიობები, რეჟისორები და უბრალოდ, "კინოშნიკები" იხსენებენ ბატონ თენგიზს...
პირველი ფილმი რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. „მაგდანას ლურჯას“ დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ. მაგრამ პირველი წარმატება მოულოდნელად მოვიდა. ფილმი კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. კანში გამარჯვების შემდეგ რეზოს და თენგიზს ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა.
“სხვისი შვილების“ გატანაც ბრძოლით მოუხდა. ასეთი შენიშვნები ჰქონდათ: ბავშვებს პიონერის ყელსახვევი რატომ არ უკეთიათ? რატომ არ გაიარეს იმ ქუჩაზე, სადაც ლენინის ძეგლი დგას? საბჭოთა ფილმი არ არის, იგზავნებოდა ამგვარი შინაარსის ანონიმური წერილები.
„მე ბებია ილიკო და ილარიონსაც" გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო? თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ გურიის სიმწვანემ ხელი შეუშალა.
ფილმ „ვედრებაში“ ვაჟას ბევრი ისეთი უცნობი ნაწარმოებები შევიდა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხალხმა ვაჟა-ფშაველას კითხვა დაიწყო. ფილმს ყველაზე დაბალი, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. გრიგოლ კიკნაძემ თქვა, ფილმს რომ ხელს ფელინი აწერდეს, მაშინ ჩვენი სნობი საზოგადოება სხვანაირად ილაპარაკებდაო. შვიდი წლის შემდეგ კი "ვედრებამ" სან-რემოში გრან-პრი მიიღო.
მზია მახვილაძე, თენგიზ აბულაძის მეუღლე: „მონანიებას“ რომ იღებდა, ორი „კაგებეშნიკი“ მივიდა სტუდიაში, თენგიზი ოთახში შეიყვანეს და დაკითხეს. მერე სცენარი მოსთხოვეს და წაიღეს. ძალიან გვეშინოდა. თენგიზმა სახლში მთელი დისიდენტური ლიტერატურა მოაგროვა და სახლიდან გაიტანა, ახლობლებს მიაბარა.
მოახლოვდა 31 იანვარი, თენგიზი 60 წლის ხდებოდა. ზღვა წერილები და მილოცვები დაიბეჭდა. მე ვამშვიდებდი, ნახე, რა ხდება, ალბათ, ფილმი არ დაუხურავთ, თორემ ასე ხომ არ აღნიშნავდნენ შენს იუბილეს-მეთქი. ამათი ამბავი არ იცი შენ. მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ დაიჭირეს, ზენიტში რომ იყოო, მიპასუხა. დაბადების დღეზე 40 კაცი შეიკრიბა. გიგა ლორთქიფანიძე იყო თამადა. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. მოვიდა ედუარდ შევარდნაძის თბილი მოლოცვა.
მეორე დილით რვა საათზე დარეკა ტელეფონმა. თენგიზმა აიღო და მესმის მისი ხმა: დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ. წავიკითხეთ თქვენი მოლოცვა, დიდი მადლობა. ეს ზარი ჩავთვალეთ იმის ნიშნად, რომ "მონანიების" გადაღების გაგრძელება შეიძლებოდა.
სხვა რეჟისორები რომ მიწვევდნენ გადასაღებად, არ მიშვებდა. მე გადაგიღებო. თვითონაც არ გადამიღო. მე კი არა, მანანა აბაზაძე არ გაუშვა სხვასთან. ეჭვიანი იყო. უნდოდა, რომ თავისი აღმოჩენილი ადამიანი მარტო მისი ყოფილიყო. ორი პატარა ეპიზოდი მერგო - „ნატვრის ხესა“ (ნინოლას როლი, ფუფალას რომ თავის ტკივილის წამალს ასწავლის) და „მონანიებაში“ (მორების ეპიზოდში დედა).
მე მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია. თვითონ არავის მტერი არ ყოფილა. ყოველთვის ამბობდა, ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოსო.
თენგიზმა იარა თავისი გზით, სწორი გზით, სხვანაირად არც შეეძლო.
გიგა ლორთქიფანიძე: "მონანიება" იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. მისი გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მახსოვს, სცენარი ედუარდ შევადრნაძეს მისცა წასაკითხად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა, მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა. შეუძლებელია ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთო. დაურეკა რეზომ შევარდნაძეს და მან მეორე დღეს დაიბარა ორივე. ეს არის გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს. არც ტელევიზია. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ. მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. „მონანიების“ ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, გამხდარი და შეცვლილი მიდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ასე გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ.
გივი გიგაური, კინომხატვარი: თუ მეოცე საუკუნის მხატვრობა გადაარჩინა ფიროსმანმა, პოეზია გალაკტიონმა და მეცნიერება ჯავახიშვილმა, კინო გადაარჩინა თენგიზ აბულაძემ.
სოფიკო ჭიაურელი: სამწუხაროდ, თენგიზთან მხოლოდ "ნატვრის ხეში" ვიმუშავე. როდესაც დამიძახა და ეს როლი შემომთავაზა, გავგიჟდი ისე გამიხარდა. მოთხრობა წაკითხული მქონდა, მაგრამ ისევ გადავიკითხე და ისე მივედი სტუდიაში.
გამახსენდა ქალი, რომელიც მარჯანიშვილზე მხვდებოდა ხოლმე. არანორმალური იყო, მანქანებს ხელს უქნევდა და უღიმოდა. ერთხელ მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო... ის გამახსენდა და ვიფიქრე, რომ აქედან გამომდინარე უნდა შემექმნა ფუფალას როლი. მივედი სტუდიაში, ვილაპარაკეთ, ვუთხარი ჩემი აზრი, ვაჩვენე, რაც მოვიფიქრე. თენგიზი ხომ ძალიან დამყოლი იყო, არასოდეს უთქვამს არავითარ შემთხვევაშიო. ჩავედით გარდერობში, მოვძებნეთ ტანსაცმელი, მერე ბოხჩაც, მერე გრიმი და გავედით გადაღებაზე. ფუფალა დღეს საზოგადო სახელად იქცა...
ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.
მაგიჟებდა თენგიზის ინტელექტი. მსახიობისადმი საოცარ ნდობას იჩენდა. იცით, როგორ გიგდებდა ყურს? თითქოს პირველად მოვიდა კინოში. ის არ იყო ის პიროვნება. რომელსაც რაღაც ჩაფიქრებული აქვს და არ გადაუხვევს. ისეთ გენიოსსაც კი, როგორიც ჩაპლინია მოჰყავდა მუშები, გამნათებლელი და აჩვენებდა მასალას, თვითონ უკან ჯდებოდა და აკვირდებოდა, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა.
მარიტას ვირის ტარების ეპიზოდი რომ ეკრანზე პირველად ვნახე, ვეჩხუბე თენგიზს. იცით რატომ? ფუფალას სირბილის ეპიზოდი გრძლად გვქონდა გადაღებული. მორბის ეტაკება ვიღაც, ისევ მირბის, მერე დაეცემა. ეს დაცემა ძალიან კარგად მქონდა მომზადებული. მონტაჟის დროს ამოჭრა. რა ვქნა, სოფიკო, განა ჩემთვის ადვილი იყო? ყოველ კადრს, როგორც შვილს ისე ვემშვიდობებოდიო, მითხრა.
ჩიკაგოს ფესტივალზე ჟურნალისტები ვერ მიხვდნენ, მე ვის ვთამაშობ ფილმში. მარიტა არ ვიყავი, მაგრამ ვინ? როცა ვეუბნებოდი, ფუფალა ვარ-მეთქი, გაოცებულები მიყურებდნენ.
"მონანიებას" რომ იღებდა, დამირეკა და მითხრა, ერთი პატარა როლია, მინდა ფუფალას ხასიათის გაგრძელება იყოს. ცოტა დაგაბერებთ და იქნები ქალი, რომელიც ტაძრისკენ მიდის, ტოვებს ამ ქვეყანასო. რად გინდა ჩემი დაბერება, დედაჩემი აქ არის-მეთქი. გაჩუმდა და მკითხა, დაგვთანხმდებაო? დედაჩემი გადაირია, არსად არ წავალო! აქ მოვიდნენ და ჩვენს პატარა ქუჩაზე გადაიღეს მსხვილი ხედებით... ასე რომ "მონანიებაში" ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე. ზეიკო ბოცვაძე თურმე ფუფალას როლზე ოცნებობდა, მე კიდევ პირიქით, "მონანიების" ქეთი ბარათელზე...